04 თებ

ახალი პოლიტიკის სკოლა

სკოლის შესახებ

უკვე სამი ათწლეულია თაობები ერთმანეთს იმ იმედით ცვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და რომ ჩვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მედია თუ უმაღლესი სასწავლებლები ნებსით თუ უნებლიედ გვინერგავდნენ ცოდნას, რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა, შიდა თუ ჩვენს გარშემო არსებული გარემოებების მსხვერპლი; რომ ეს მდგომარეობა არის გარდაუვალი. თუ გვსურს ცვლილება, პირველი რაც უნდა გავათვიცნობიეროთ, არის ის, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ იქნება ჩვენს ნებაზე ძლიერი და გარდატეხა არ მოხდება თავისით, ბრძოლის გარეშე. ახალი პოლიტიკის სკოლა მოგვცემს ცოდნას იმ ალტერნატივის შესახებ, რომელსაც აქამდე გვიმალავდნენ; მოგვცემს რწმენას ჩვენს თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ურთიერთთანადგომის უნარი, რომ ერთად განვახორციელოთ ის იდეალები, რომლებიც სამართლიანობასა და სოლიდარობას ეფუძნება.

სკოლა არ არის გამიზნული მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაც, მათთვის ვისაც აქვს სურვილი სასიკეთოდ შეცვალოს მისი მდგომარეობა სამუშაო ადგილზე, შეცვალოს მისი საცხოვრებელი გარემო, გარდატეხა შეიტანოს მისი და მისი თანამოქალქეების ცხოვრებაში.

 

1. რა არის ეკონომიკა და რატომ არის ის გაიგივებული კაპიტალიზმთან?

ეკონომიკა იმ სოციალურ ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც დოვლათის შექმნას და გადანაწილებას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც ადამიანები თავიანთ საჭიროებებს იკმაყოფილებენ. მიუხედავად ეკონომიკის სხვადასხვა ფორმისა, რომლებიც კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გვხვდება, დღეს კაპიტალიზმმა დაიმკვიდრა თავი, როგორც ეკონომიკის ერთადერთმა „ბუნებრივმა“ ფორმამ. იგი გაცდა ვიწრო ოჯახურ მეურნეობას და გავლენა მოახდინა ყველა სხვა სფეროზე: პოლიტიკა, სამართალი, კულტურა და ა. შ.

ამ სესიის მიზანია კაპიტალიზმის კრიტიკული გააზრება და შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • როგორ და რატომ მოიპოვა უპირატესობა კაპიტალიზმმა სხვა ეკონომიკის ფორმებზე
  • როგორ გარდაქმნა კაპიტალიზმმა სოციალური ურთიერთობები  

2. რა არის პოლიტიკა და ძალაუფლება?

პოლიტიკა და ძალაუფლება უშუალოდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პოლიტიკა იმ პროცესების ერთობლიობაა, რომელთა საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება. ამ ტიპის გადაწყვეტილება იმით განსხვავდება სხვა, პირადი გადაწყვეტილელებებისგან, რომ მათი შედეგი არის საყოველთაო, ე.ი. ეხება ყველას და არა ერთ ადამიანს, ან ვიწრო ჯგუფს. ამიტომ ამ გადაწყვეტილებებს სჭირდება ლეგიტიმაცია. ძალაუფლება არ არის მხოლოდ უნარი გააკეთებინო სხვას ის რაც შენ გინდა და მიგაჩნია სწორად. არამედ მას მისი საჯაროობიდან გამომდინარე სჭირდება ლეგიტიმაცია, ანუ უფლებით აღჭურვა. ამიტომ ჩნდება კითხვა, ვინ იღებს გადაწყვეტილებას; ვინ არის ამ უფლებით აღჭურვილი; ვის აქვს ძალაუფლება.

ამ სესიის მიზანია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • რა ახასიათებს კაპიტალისტურ სოციალურ წესრიგს
  • ვის ხელშია ამ სოციალურ წესრიგში ძალაუფლება
  • რამდენად ლეგიტიმურია და რამდენად ეფუძნება გადაწყვეტილებები ფართო სოციალურ მხარდაჭერას კაპიტალისტური სოციალური წესრიგის პირობებში

3. რა არის დემოკრატია და თავისუფლება?

დემოკრატიის ერთ – ერთი ყველაზე უფრო ყოვლისმომცველი განმარტება აბრაამ ლინკოლნს ეკუთვნის: „ხალხის მმართველობა, ხალხისთვის, ხალხთან ერთად”. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები თითქმის ორ საუკუნეს ითვლის, დღევანდელმა დემოკრატიამ არათუ გააფართოვა ამ სიტყვების მნიშვნელობა და სისრულეში მოიყვანა მათი განხორციელება, არამედ დააკნინა და გამოფიტა ისინი. კაპიტალიზმის შედეგად გამოწვეულმა უთანასწორობამ ადამიანებს წაართვა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მატერიალური საფუძველი და ისინი მხოლოდ ფორმალური უფლების ამარა დატოვა. ამიტომ არჩევნებიც ხალხის მიერ გაბატონებული კლასის მათ მმართველად არჩევის ერთგვარ მასკარადს დაემსგავსა. ეკონომიკური დემოკრატია, საერთო საკუთრების ხალხის მიერ განკარგვა და სამუშაო ადგილებზე თანამონაწილეობა ისტორიას ჩაბარდა. გლობალიზაციამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს ტენდენცია. განსაკუთრებით პერიფერიულ ქვეყნებში არათუ ხალხი, არამედ მთავრობებიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადაწყვეტილებების უპირობო მორჩილების ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ პროცესებმა, კიდევ უფრო დააშორა ადამიანები მთავრობებს და გზა გაუხსნა რადიკალურ მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებს. ეს ყოველივე შეიძლება ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელ ფორმალურ უფლებებზეც კი უარის თქმის საფუძველი აღმოჩნდეს.

ამ სესიის მიზანია შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი

  • როგორ ზღუდავს კლასობრივი უთანასწორობა დემოკრატიას
  • ვის ინტერესებს ემსახურება ლიბერალური დემოკრატია
  • რა არის თავისუფლება და როგორ გვესმის დღეს ჩვენ ის
  • რა განსხვავებაა პოზიტიურ და ნეგატიურ უფლებებში
  • დემოკრატიისა და თავისუფლების ალტერნატიული გაგება

4. რა არის შრომა?

შრომა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის პროცესი, რის შედეგადაც ადამიანი შედის გარესამყაროსთან კავშირში და ახდენს მის ფორმირებას საკუთარი უნარების მიხედვით საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.  დღეს შრომა კაბალური პირობებისა და უსამართლო ანაზღაურების გამო მძიმე ტვირთს, ხოლო სამუშაო ადგილების სიმცირის გამო, ამავდროულად, ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს.

შემდეგი საკითხი, რაც შრომასთან უშუალო კავშირში არის ხელფასი, ანაზღაურება რომლის საფუძველზეც ადამიანები იძენენ მათთვის საჭირო საქონელს. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა 65%-ს 1000 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს. 35%-ს კი 500 ლარზე ნაკლები, რაც არათუ ღირსეული ცხოვრების პირობებისთვის, არამედ ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც არ არის საკმარისი. ამ გარემოებას ზოგი შრომის განსხვავებულ სპეციფიკას უკავშირების, ზოგი მოთხოვნა-მიწოდებას შრომის ბაზარზე, ზოგიც უბრალოდ ამბობს, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ცდილობს შეგვაგუოს ამ მდგომარეობას. არც ერთ ამ ფაქტორზე არ არის ხელფასის სიდიდე უშუალოდ დამოკიდებული, რასაც ისტორიული გამოცდილებაც ადასტურებს. ხელაფასის ინდექსაცია, მინიმალური ხელფასი, საცხოვრებელი ხელფასი ეს ის კატეგორიებია, რომლებიც არა თეორიულ, ეკონომიკურ კანონზომიერებებს ექვემდებერება, არამედ მშრომელთა ბრძოლის შედეგად იქნა დამკვიდრებული.

ამ სესიის მიზანია შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი

  • რა არის შრომა
  • როგორ არის შრომა შეცვლილი მიმდინარე ეკონომიკურ გარემოში
  • რა ფაქტორებით განისაზღვრება ხელფასი
  • მშრომელების ბრძოლის და პროფკავშირების როლი ხელფასების გაზრდაში
  • მინიმალური ხელფასის ფუნქცია მშრომელებისთვის
  • რა არის საცხოვრებელი ხელფასი და როგორ განისაზღვრება ის

5. რა იყო საბჭოთა კავშირი?

თუ საბჭოთა კავშირის შესახებ არსებულ ლიტერატურას გადავავლებთ თვალს, არ გაგვიჭირდება დანახვა, რომ იმისდა მიუხედავად პოპულარული თუ სამეცნიერო ხასიათის არის ლიტერატურული ნამუშევარი, მათი უმრავლესობა უფრო პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და საბჭოთა კავშირის კრიტიკით გამოირჩევა. საბჭოთა კავშირის მმართველობის ტოტალიტარული ხასათისა თუ იმ დიდი მსხვერპლისა, რომელიც ამ მმართველობას ახლდა თან, განსაკუთრებით პირველ სამ ათწლეულში, გასაკვირი არ არის ლიტერატურული თუ სამეცნიერო წრეების ამგვარი დამოკიდებულება. მაგრამ კარგი იქნებოდა ჭარბობდეს ის ანალიზი და შესაბამისად ის ლიტერატურა, რომელიც უფრო მეტ დროს დაუთმობდა საბჭოთა ეკონომიკური, თუ სოციალური სისტემის გავლენას საზოგადოებაზე და აქცენტებს იმ ნორმებსა, თუ ღირებულებებზე, რომელსაც ეფუძნებოდა მაშინდელი სოციალური წესრიგი. რა თქმა უნდა, თემის მასშტაბურობიდან გამომდინარე ეს სესია შემოიფარგლება ძირითადად მხოლოდ საბჭოთა მმართველობასთან დაკავშირებული რიგი ასპექტების გაანალიზებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბჭოთა პოლიტეკონომიის იმ საკითხებს, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალურობა და რომელებიც გახდნენ ერთგვარი ნოსტალგიის საფუძველი ამ სისტემის მიმართ.

  • რა დაშვებებს ეფუძნებოდა საბჭოთა ეკონომიკური და სოციალური წესრიგი
  • რა გავლენა იქონია მაშინ არსებულმა სოციალურმა წესრიგმა ღირებულებებისა და ნორმების ჩამოყალიბებაზე
  • რა გავლენაა აქვს ამ ღირებულებებს ჩვენს დამოკიდებულებაზე დღევანდელი სინამდვილის მიმართ
  • რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ ამ ეპოქის ანალიზის საფუძველზე

6. რა მოხდა ბოლო 30 წელი?

თითქმის სამი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოვიპოვეთ. მიუხედავად ამ ხანგრძლივი დროისა, ჩვენ ვერ შევძელით თაობების ბრძოლის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობა ქვეყნის განვითარებისა და კეთილღეობის საფუძველი გამხდარიყო.

მოხდა ისე, რომ ერთი უტოპია მეორემ ჩაანაცვლა. საბჭოთა იდეოლოგიის ადგილი ახლა ლიბერალიზმის რადიკალურმა ფორმამ – ნეოლიბერალიზმმა დაიკავა.  

ახალი იდეოლოგიის მთავარი ლოზუნგი „კერძო საკუთრება“ და „ინდივიდის თავისუფლება“ იყო. თავისუფლების მთავარ ქვაკუთხედს, გარდა პოლიტიკური უფლებებისა, უპირველესყოვლისა, საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენდა. სახელმწიფოს თავისუფალი ბაზარი ანაცვლებდა. ამიერიდან ადამიანები თავისუფალი ნების საფუძველზე, კონკურენციის პირობებში თავიანთი საკუთრებით ივაჭრებდნენ და ასე უზრუნველყოფდნენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას. რადგან თავისთავად მხოლოდ თავისუფალი ნება ვერ იქნებოდა ადამიანების საჭიროებების უზრუნველყოფის გარანტი, თავისუფლება დაუკავშირდა კერძო საკუთრებას. აქედან გამომდინარე, მეტი საკუთრება მეტ თავისუფლებას ნიშნავდა.

შედეგად, ამგვარი თავისუფლება ადამიანების მცირე ნაწილისთვის კიდევ უფრო მეტი სიმდიდრისა და მეტი თავისუფლების წყარო გახდა, ხოლო მეორე ნაწილისთვის სიღარიბის, ჩაგვრის, გარიყულობისა და უიმედობის საფუძველი.

სესიის მიზანია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • რომელი ძირითადი ფაქტორები იყო განმსაზღვრელი გარდამავალ პერიოდში
  • რა როლი ითამაშა იდეოლოგიამ და რა როლს თამაშობს დღეს იგი
  • ვინ იყვნენ და ვინ არიან დღეს პროცესის ძირითადი მხარეები
  • რა არის დღეს განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი

7. საქართველოს ეკონომიკა დღსდღეობით

საქართველოს ეკონომიკამ დღესაც ვერ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოხდა ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია და პროდუქტიულობის დაცემა სოფლის მეურნეობის სექტორში. მიმართულებები, რომელიც ვითარდება მომსახურების სფერო და ტურიზმია.

როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ისე დღესაც არსებობს ილუზია რომ, ტოტალური პრივატიზაცია, რამაც უსამართლო პირველადი დაგროვება, რეგულაციების ტოტალური გაუქმება, გადასახადებისა და ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის უპრეცენდენტო შემცირება განაპირობა, არის ეკონომიკური განვითარების უალტერნატივო საფუძველი.

შედეგად მივიღეთ გადამამუშავებელი მრეწველობის მასშტაბური შემცირება, საცალო ვაჭრობაზე დაფუძნებული დაბალტექნოლოგიური მომსახურების სექტორი და ბუნებრივი რესურსების უკონტროლო მოპოვების შედეგად განადგურების პირას მიყვანილი გარემო. ამ ფონზე არაპროპორციულად კარგად განვითარდა საფინანსო და საბანკო სექტორი. აქედან გამომდინარე, გაზრდილი ფინანსური კაპიტალის წილის ხარჯზე, შემცირდა შრომის წილი ეკონომიკაში. ამ პროცესებმა გამოიწვია უმუშევრობა, სახელფასო უთანასწორობა, ჭარბვალიანობა. ეკონომიკა ბანკებისა და დაბალპროდუქტიული სექტორების ამარა დარჩა.

სესიის მიზანია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • რამ გამოიწვია საწყის ეტაპზე საქრთველოს ეკონომიკის დაკნინება
  • რა როლი ითამაშეს არსებული ეკონომიკის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და რა როლს თამაშობენ ისინი დღეს
  • რა არის დღეს ეკონომიკური განვითარების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი
  • რა როლს თამაშობენ მშრომელთა ორგანიზაციები
  • რა როლს თამაშობს ბიზნესი
  • რა როლს თამაშობს პოლიტიკა
  • რა უნდა გაკეთდეს

8. რა არის სოციალური სახელმწიფო

თანამედროვე ლიბერალურმა ტრადიციამ სახელმწიფო გამიჯნა საზოგადოებისგან და იგი ცალკე სუბიექტად წარმოაჩინა. შესაბამისად, ამ ტრადიციას მოერგო და გარდაიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები. ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ ტრადაციას მცირე სახელმწიფოს იდეა გამოხატავს. სამართლებრივი თვალსაზრისით კი, ამ იდეამ თავისი გამოხატულება კანონის უზენაესობის კონცეფციაში ჰპოვა, რომელიც მიჯნავს და იცავს ინდივიდს სახელმწიფოსგან. მიუხედავად ამ თითქოსდა კეთილშობილი მიზნებისა, სახელმწიფო იქცა საზოგადოების მცირე ნაწილის, გაბატონებული კლასის ინტერესების დამცველად, საკუთარი სიმდიდრის, გავლენის გაზრდისა და შენარჩუნების მიზნით.

მიუხედავად ლიბერალური ტრადიციის გაბატონებისა, დღესაც ვხვდებით რიგ ქვეყნებში იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებიც კოლექტიური პასუხისმგებლობის იდეას ეფუძნება და არა ერთეულების, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესს გამოხატავს. ასეთი სახელმწიფო საზოგადოებაში სოლიდარობის, ერთობის გამოხატულებაა საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად. ის არა ცალკე სუბიექტი, არამედ იმ ინსტიტუტებისა და მექანიზმების ერთობლიობაა, რომელიც საზოგადოების საყოველთაო განვითარებისა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ამგვარი სახელმწიფო ახლოს არის პატრიოტიზმის იდეასთან, სადაც ქვეყნის სიყვარული უპირეველეს ყოვლისა საკუთარი თანამოძმის სიყვარულთან და არა სხვის სიძულვილთან არის დაკავშირებული. თავად სიყვარული სწორედ კოლექტიურ პასუხისმგებლობაში, ურთიერთთანადგომასა და ერთმანეთზე ზრუნვაში გამოიხატება.

ამ სესიის მიზანია შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი

  • რა არის სახელმწიფო
  • სახელმწიფოს გენეზისის რომელი ფილოსოფიური ტრადიციები არსებობს
  • რამ განაპირობა ლიბერალური ტრადიციის გამარჯვება
  • სახელმწიფოს ტიპები: ლიბერალური, პატერნალისტური
  • რა არის სოციალური სახელმწიფო

9. რა არის გადასახადები

როდესაც გადასახადზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიაზროთ თუ რა არის საჯარო სიკეთე. საჯარო სიკეთე, იგივე საზოგადოებრივი საქონელი, არის ის აუცილებელი პროდუქტი, რომლის მოხმარებისგანაც დაუშვებელია ვინმეს გამორიცხვა, მიუხედავად იმისა თუ ვინ შექმნა ის. გადასახადი არის ის ძირითადი წყარო, რომლითაც საზოგადოებრივი საქონელი ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ საჯარო სიკეთით სარგებლობს ყველა, მიუხედავად შემოსავლისა; მიუხედავად მისი მხრიდან საჯარო სიკეთის დასაფინანსებლად გაღებული თანხისა გადასახადის სახით. გადასახადების შემცირების ბოლო ათწლეულების ტენდენციამ გავლენა იქონია საზოგადოებრივი საქონლის დაფინანსებაზე. შედეგად დღის წესრიგში დადგა როგორც საზოგადოებრივი საქონლის მოცულობის შემცირება, ასევე გადააზრება
იმისა თუ რა სიკეთეები განეკუთვნებოდა მას, რა უნდა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოხდა საზოგადოებრივი საქონლის რიგი მიმართულების პრივატიზაცია და საბაზრო პროდუქტად გადაქცევა. ბევრი ადამიანი დარჩა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო სიკეთეების გარეშე, რადგან უკვე დადგა ამგვარი პროდუქტის ბაზარზე ყიდვის აუცილებელობის წინაშე. უსამართლო ხელფასებით გამოწვეული უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდა.

სესიის მიზანია შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა

  •  რა არის საზოგადოებრივი საქონელი
  •  რა არის გადასახადი
  •  რა ტიპის გადასახადი არსებობს
  •  რა არის უთანასწორობა
  •  რას იწვევს უთანასწორობა
  • როგორია სამართლიანი საგადასახადო სისტემა


10.გესმით? თქვენი სამყარო ინგრევა, და ჩვენი სამყარო აღდგება: როგორ რეაგირებს ხალხი მსოფლიო მასშტაბით სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისებზე? როგორ ხდება ცვლილება? რა არის საფუძვლიანი ორგანიზება და როგორ განსხვავდება ის გაბატონებული აქტივისტრი და არასამთავრობო სექტორის მიდგომებისგან?

მსოფლიო ისტორიის მანძილზე ყოველთვის არსებობდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები, მაგრამ ისინი ძირითადად ლოკალური იყო. გლობალურმა კაპიტალიზმმა კიდევ უფრო გააღრმავა, დააჩქარა ამგვარი კრიზისები და მას გლობალური ხასიათი შესძინა. უთანასწორობა, კულტურული და სოციალური გაუცხოება, ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ექსპლუატაცია, გარემოს განადგურება და ეკოლოგიური კატაკლიზმები, სწორედ ამ ახალი განვითარების შედეგია. შედეგად საზოგადოება ორ ნაწილად დაიყო: გლობალიზაციის შედეგად მოგებულები, ის ვინც მართავს და აჩქარებს ამ პროცესებს და წაგებულები, საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ამ განვითარების მძევალი აღმოჩნდა. ადამიანები ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესებს სხვადასხვა ფორმით.

ეს სესია დაეთმობა წინააღმდეგობის მოძრაობების ანატომიას და მათი შექმნის მიზეზებს. განხილული იქნება როგორც ლოკალური, ისე გლობალური ხასიათის წინააღმდეგობის მოძრაობების გამოცდილება და ის წარმატებული მაგალითები, რომლებმაც მოახერხეს ცვლილება უკეთესობისკენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განსხვავების დემონსტრაციას დღეს უკვე ტრადიციულ არასამთავრობო (NGO) აქტივიზმსა და ფართო საზოგადოებაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მიზნებსა და ქმედებებს შორის. ბოლოს მოხდება ამ გამოცდილების დაკავშირება ქართულ კონტექსტთან.

ამ სესიის მიზანია შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი

  • რა ტიპის ორგანიზაციები ჩამოყალიბდა საერთაშორისო მასშტაბით
  • რა განასხვავებს ორგანიზებას ელიტისტური, აქტივიზმისა და უფლებების დაცვაზე დაფიძნებული „NGO“ მოდელისგან
  • როგორ ხდება რეალური სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია და რატომ არის გადამწყვეტი ადამიანების უშუალო მონაწილეობა საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში
  • რა შეიძლება ვისწავლოთ საერთაშორისო გამოცდილებიდან და როგორ გამოვიყენოთ ეს გამოცდილება საქართველოში