27 მაი

ვინც არ მოძრაობს, ვერ ამჩნევს საკუთარ ბორკილებს

კონფერენცია

1-2 ივნისი, 2019

თბილისი

კავკასიური სახლი

გალაკტიონ ტაბიძის 20

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ლიბერალური დემოკრატია კრიზისს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დემოკრატია, მხოლოდ მისი სიმულაციური ფორმით არსებობს, ცენტრში მიმდინარე პროცესები როგორც პერიფერიულ ქვეყანაზე, აქ ბევრად უფრო მწვავედ აისახება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ საბჭოთა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან მიმართებაში დამკვიდრდა მცდარი წარმოდგენა, რომ საბაზრო ეკონომიზე გადასვლა ავტომატურად გამოიწვევდა ამ ქვეყნების დემოკრატიზაციას. მოხდა პირიქით. რადიკალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საზოგადოების დიდი ნაწილი გარიყა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამ პროცესს თან სდევდა პროფკავშირების მიზანმიმართული დასუსტება და მათი, როგორც საბჭოთა გადმონაშთის წარმოჩენა. პოლიტიკა იქცა ელიტების, მათთან დაახლოვებული ლიბერალური ექპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ასპარეზად.

ამ კონფერენციის მიზანი სწორედ იმ ბრძოლის გზებზე მსჯელობაა, რომელიც დააბრუნებს ხალხს პოლიტიკაში და შეცვლის არსებულ სოციალურ წესრიგს.

შაბათი, 1 ივნისი

14:00 საათზე

საქართველო: გრძელვადიანი პოლიტიკური ალტერნატივა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის

ბექა ნაცვლიშვილისოფო ჯაფარიძე

მოდერატორი ნენო ჩარკვიანი

საქართველოს ეკონომიკამ დღესაც ვერ მიაღწია იმ მაჩვენებელს, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდა. უმუშევრობა, სიღარიბე და უთანასწორობა მუდმივ პრობლემად იქცა. რეალურ ცვლილებას აფერხებს გაბატონებული აზრი მცირე სახელმწიფოსა და თავისუფალი ბაზრის, როგორც უალტერნატივო და ყველაზე, სამართლიანი და ეფექტური მექანიზმის შესახებ. ამ შეხედულების კულტივირება, ხდებოდა და ხდება ყველა გავლენიანი სახელმწიფო თუ სამოქალაქო ინსტიტუტის საშუალებით. საჭიროა, ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა და ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზება, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მონაწილეობას დაეფუძნება და რომლის ავანგარდშიც მშრომელთა ორგანიზებული ჯგუფები უნდა იყვნენ.


სახალხო მოძრაობების დემობილიზაციას გლობალურ დონეზე ემთხვევა პოლიტიკის ენჯეოიზაცია, რაც პოლიტიკური მობილიზაციის პროცესის წამყვან ძალად ექსპერტებს ავლენს. ურთიერთობები ვერტიკალურად იმართება, მაღლიდან ქვემოთ, ადამიანები ვერ ახერხებენ ჰორიზონტალური კავშირების გაბმას ერთმანეთს შორის. ექსპერტებიც ხშირად პირდაპირ დირექტივებს გარე ძალებიდან იღებენ და ისეთ საკითხებზე მუშაობენ, რომლებიც სოციალურ მობილიზაციას ვერ სცდება და არ არის ორიენტირებული ადამიანების გაძლიერებაზე. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ისეთი სივრცის ჩამოყალიბება წარმოადგენს, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი შემოქმედებითი, ჰორიზონტალურ ურთიერთობებზე დაფუძნებული,  განმათავისუფლებებლი პროცესის თანამონაწილე გახდებოდა დონორების, ექსპერტების და ტექნოკრატების დიქტატის გარეშე.

16:15 საათზე

გლობალური: სოციალური მოძრაობების და ძალების მდგომარეობა გლობალურცენტრში

დეივიდ ბროუდერი, ელენე ბეზრუკოვა

მოდერატორიგიორგი კობახიძე

ცენტრში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ძალაუნებურად აისახება საქართველოზე, როგორც პერიფერიის ნაწილზე. გამომდინარე აქედან, ყველა, ვინც იბრძვის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, უნდა აცნობიერებდეს ცენტრში სოციალისტური ძალების გამარჯვების მნიშვნელობას, რადგან ის აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. პოლიტიკის ცვლილება ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ვერ იქნება გარანტი საქართველოს წარმატებისა, მაგრამ იქნება ერთგვარი ბერკეტი შემდგომი ბრძოლისთვის. საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ლანდშაფტი საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების დირექტივების სრულ დაქვემდებარებაშია. ნეოლიბერალიზმის კონსოლიდირება საქართველოში მემარჯვენე ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას ეფუძნება. მარტივია დავინახოთ, თუ რა გავლენა ექნება დასავლეთში პოლიტიკის უკეთესობისკენ ცვლილებას საქართველოში არსებულ პროგრესულ ძალებზე, საზოგადოებასა და გლობალურ ინტეგრაციაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი დამოკიდებულია სხვა ქვეყნებში არსებულ გამარჯვების პრეცენდენტებზე.

18:30 საათზე

ლიბერალური დემოკრატიის ჩავარდნა, აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების კაპიტალისტური უტოპია და გამოსავალი

დეივიდ ბროუდერ, მარკ ბერგფელდი და ბექა ნაცვლიშვილი 

მოდერატორი – სოფო ჯაფარიძე

სოციალ-დემოკრატიული დაპირება სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის თაობაზე ისევე აღუსრულებელი დარჩა, როგორც კონსერვატიული დაპირება კანონის უზენაისობის, წესრიგისა და ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ. ამასობაში, 1968 წლის შემდგომი მემარცხენეობა გახვეულია კრიზისში. თანამედროვე იდეოლოგიების კრიზისი სათავეებს იღებს 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან. რამაც გახსნა გარემო და შემოიტანა მიგრაციის საკითხი, როგორც ახალი ბრძოლის ველი, სადაც ე.წ. “ახალი” და ძველი აქტორები განსაზღვრავენ თავიანთ თავს და ახდენენ პოლიტიკის პოლარიზაციას. 


ამასობაში მემარცხენე პოპულიზმის დამცველები, ე.წ. ულტრა მემარცხენეები და მოძრაობების, როგორიცაა FridaysforFuture პროტესტები გვევლინება პოლიტიკური სტატუს- ქვოს ალტერნატივებად. კითხვის ნიშნები რჩება იმასთან, თუ რამდენად მოახერხებენ ეს მოძრაობები და მათი იდეოლოგიები გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლას. ერთი რამ, რაც აშკარაა, არის ის, რომ ისინი მიუთითებენ ალტერნატიულ “მომავალებზე”, რაც წარმოუდგენელი იყო 2008 წლამდე. 


საბჭოთა კავშირი მის დაშლამდე დასავლეთის ერთგვარ იდეოლოგიურ დამაბალანსებელს წარმოადგენდა. მისი დანგრევის შემდეგ ნეოლიბერალურმა გლობალიზაციამ მთელი ევროპის კონტინენტი მოიცვა. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურმა პოლიტიკამ განსაკუთრებით რადიკალური ფორმით ეს პროცესები აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში განხორციელდა. ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის ფონზე, მემარჯვენე რეაქციული ძალები, რომლებიც მომძლავრდნენ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ვერ იქნებიან ლიბერალური ელიტის საპირწონე. ჩვენ გვჭირდება დღეს არსებული კაპიტალიზმის საპირწონე ძალა უბრალოდ იმისთვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს.

კვირა, 2 ივნისი

15:00 საათზე

კაპიტალიზმს ალტერნატივა ვერ ექნება ფემინიზმის და გარემოდაცვის გარეშე

გიორგი ფცქიალაძე, მარიამ ვაწაძე, ეთუნა ნოღადიელი, სალომე ადამია 

მოდერატორი – ხატია ტყეშელაშვილი

ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა, თუ რატომ საუბრობენ კლიმატის აქტივისტები და გარემოს დამცველები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მშრომელთა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ფემინიზმი, კაპიტალიზმი და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ, სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ვინაიდან გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება სწორედ არსებული კაპიტალისტური სისტემის შედეგია. ეს კი იგივე სისტემაა, რომელიც მშრომელთა გაყვლეფაზე, ექსპლუატაციასა და ჩაგვრაზე დგას. ეკოლოგიურ საკითხებზე საუბარი ისე, რომ მისი გამომწვევი მიზეზები არ იქნას ნახსენები, მხოლოდ შედეგებთან ბრძოლაა და რეალურად ვერ აღმოფხვრის მთავარ პრობლემას – კლიმატის ცვლილებას. და თავად კლიმატის ცვლილებაც ყველაზე მეტად მშრომელთა კლასს გაურთულებს, გაუძვირებს და მეტიც, შეუძლებელს გახდის მათ ცხოვრებას. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოში არსებული მწვანეთა პარტიების უმრავლესობა ეკო-სოციალისტურია, ხოლო კლიმატის ცვლილება მემარცხენე თემაა.


ფემინიზმი ამ ბრძოლის განუყოფელი ნაწილია გენდერული ჩაგვრის წინააღმდეგ, რომელიც ამყარებს კაპიტალისტურ სოციალურ ურთიერთობებს. გენდერული დაყოფა სხვა სოციალურ სისტემებსაც ახასიათებდათ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც კაპიტალიზმს. კაპიტალიზმი ყოფს მშრომელებს ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ სამუშაო ძალად, რადგან ეს ფუნდამენტურია მისი შენარჩუნებისთვის. კაპიტალიზმს სჭირდება უფასო და იაფი შრომა ხელფასების შემცირებისთვის და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ლიმიტირებისთვის. კაპიტალიზმის ფემინისტური კრიტიკა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალურ სისტემაში საქართველოს პოზიციის  გათვალისწინებით, რომლის ერთ-ერთ ფუნქციას გლობალური შრომის დანაწილების თვალსაზრისით პროდუქცია და სოციალური რეპროდუქცია წარმოადგენს. საქართველო იქცა იაფი შრომის ექსპორტიორად დასავლეთის სოციალური რეპროდუქციის უზრუნველსაყოფად: საშუალო ფენა განვითარებულ ქვეყნებში ამ სტატუსს ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები საქართველოდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან უვლიან ბავშვებს და მოხუცებს, უზრუნველყოფენ იაფ სოციალურ სერვისს. გარდა ამისა, ქართველი ქალები ემსახურებიან როგორც სუროგატი დედები წყვილებს, რომლებსაც ამ შესაძლებლობაზე საკუთარ ქვეყნებში ხელი არ მიუწვდებათ. ამავე დროს, საქართველოში არ არსებობს მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილები ქალებისთვის, ძირითადად ისინი დასაქმებული არიან სერვისის სექტორში, მათ შორის ტურიზმში, რომელიც აგრეთვე სოციალური რეპროდუქციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს რეგიონის საშუალო ფენის წარმომადგენელი სტუმრებისთვის. შედარებითი უპირატესობის ძიების მარტივმა გზამ გლობალურ შრომის დანაწილების სისტემაში, საქართველო აქცია სოციალური რეპროდუქციის ოაზისად საშუალო ფენისთვის.

17:30 საათზე

მთლიანიმშრომელის ორგანიზება და გაფიცვის მნიშვნელობა

ნენო ჩარკვიანი, მარკ ბერგფელდი

მოდერატორი – ნონა ზანდარაშვილი

საქართველოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის პირობებში ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ხელფეხშეკრული ვართ მშრომელთა მოძრაობის ჩამოყალიბებაში. პროფკავშირის მუშაობა აქ ძირითადად უცხოური ქვეყნების მაგალითებს ეყრდნობა, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა ტრადიციებიდან ამოსული სტრატეგიები და მათზე დაშენებული ინსტიტუციები აქვთ. ეს მეთოდები, ფაქტია არ მუშაობს ჩვენს რეალობაში, რადგან ჩვენ სულ სხვა ტრადიცია გვაქვს ამ კუთხით, შესაბამისად ინსტიტუციების მოწყობაც განსხვავებულია. 


მიუხედავად არსებული გამოწვევებისა პროფკავშირებმა უნდა აითვისონ ორგანიზება მშრომელთა ჩართულობის გასაძლიერებლად და სამუშაო ადგილზე დასაქმებულებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ენერგია გამარჯვებისთვის გაფიცვების, მშრომელთა მობილიზაციისა და ორგანიზების გავლით. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მოკლე გზები!


1990-იანი წლების შუა პერიოდიდან პროფკავშირები ავითარებენ “ორგანიზებას”, როგორც პროფკავშირული მოძრაობის განახლების საშუალებას. მათ ორგანიზება სერვისს დაუპირისპირეს. რადგან სერვისის გაცემაზე ორიენტირებულობამ, პროფკავშირულ მოძრაობებში, მათ დასუსტებას შეუწყო ხელი. 


ორგანიზება მოიცავს სტრატეგიული მიზნების იდენტიფიცირებას, კომიტეტების შექმნას, სამუშაო ადგილების მონიშვნას, პოტენციური ლიდერების გამოკვეთასა და მოქმედებით კლასობრივი ცნობიერების აშენებას.  თუმცა, ხშირად ორგანიზება არასწორადაა გაიგივებული მხოლოდ წევრების რეკრუტირებასთან, კამპანიების წარმოებასა და აქივიზმთან. 


თუ მშრომელთა მოძრაობა სერიოზულად ფიქრობს განახლებაზე, მას სჭირდება მშრომელთა ორგანიზება და მათი ჩართვა კოლექტიურ მოლაპარაკებაში იმ მიზნით, რომ აღადგინოს სექტორულ შეთანხმებებში მშრომელთა ძალა. მხოლოდ ამას შეუძლია უფსკრულისკენ სვლის შეჩერება და მშრომელთა მოძრაობის თავიდან აშენება, რომელიც შეცვლის ძალთა არსებულ ბალანსს.

კონფერენციის სტუმრები:

მარკ ბერგფელდი არის ევროპის პროფკავშირის “UNI-Global” ქონების დაცვის სერვისებისა და “UNICARE”-ის დირექტორი. თავისი საქმიანობით, ის წარმოგვიდგება რამდენიმე მულტინაციონალური კომპანიის პროფკავშირების ექპსერტად, ევროპის შრომის საბჭოებში; ის კოორდინირებს პროფკავშირების დელეგაციას ინდუსტრიული დასუფთავებისა და კერძო უსაფრთხოების სექტორულ სოციალურ დიალოგებში; ორგანიზებას უწევს კამპანიებს და იძლევა სტრატეგიულ რჩევებს ინდუსტრიული დასუფთავების, უსაფრთხოებისა და კერძო (საშინაო) მოვლის/ზრუნვის პროფკავშირებისთვის. 2010 წელს, ბრიტანეთში მარკი წამყვანი აქტივისტი სტუდენტი იყო, მოძრაობისთვის “სწავლის გადასახადების წინააღმდეგ”. ასევე, აქტიურად იყო ჩართული კლიმატის სამართლიანობის მოძრაობაში, იყო ორგანაიზერი და აქტივისტი შრომით მოძრაობაში გერმანიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში. იგი ფლობს ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის (Queen Mary University of London) დოქტორის ხარისხს. იგი წერს ჟურნალების “Al-Jazeera” ინგლისური გამოშვებისთვის, “New Statesman”, “Social Europe”, “Jacobin Magazine” და სხვებისთვის. 

დოქტორი დეივიდ ბროუდერი (საერთაშორისო ისტორიის დოქტორი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა) არის ჟურნალ “Jacobin” ევროპის რედაქტორი, “Jacobin Italy” რედაქტორი და ისტორიული მატერიალზმის წიგნების სერიების რედაქტორთა საბჭოს წევრი. ის გახლავთ ავტორი “ჯერ ვიღებთ რომს” (ვერსო, ლონდონი, 2019). მის მრავალ ნათარგმნ ნაშრომებს შორისაა “ოპერაი ე კაპიტალე” (მარიო ტრონტი) და “რა არის სუბიექტურობა” (ჟან-პოლ სარტრი). ის არის ჟურნალის “Internazionale” რეგულარური დამხმარე და წერს ჟურნალების “New Statesman”, “Il Fatto Quotidiano”, “MicroMega” და “Independent”.

ელენა ბეზრუკოვა: „როზა ლუქსემბურგის ფონდის“ პროგრამების ხელმძღვენელი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში. სოციალური პოლიტიკისა და პოლიტიკური ადმინისტრირების მკვლევარი. “RANEPA”-s პოლიტიკის მეცნიერების და რეგიონალური განვითარების პროგრამების ასპირანტი.

სრული პროგრამა: