06 მაი

ფოტო ისტორია – მამუკა ირემაშვილი

მე ვარ მამუკა ირემაშვილი, 18 წლის. გიტარაზე დაკვრა მიყვარს. კარგი ელექტრო გიტარის ყიდვა მინდა, ფულსაც ვაგროვებდი, მაგრამ დამეხარჯა. დაკვრა დაახლოებით 13 წლის ასაკში ვისწავლე, თუმცა, 13 წლიდან 18 წლამდე ორი წლის განმავლობაში გიტარა არ მქონდა, გამიფუჭდა, ამიტომ, ისე ვერ ვუკრავ, როგორც უნდა ვუკრავდე.

🔽 16 წლიდან ვმუშაობ. ადვოკატობა მინდოდა, სისხლის სამართლის განხრით, მაგრამ მივხვდი, რომ ოჯახი სწავლისთის საჭირო თანხას ვერ გაწვდებოდა, 100% – იანი გრანტის „მომხსნელიც“ არ ვიყავი.

მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი ჯიბის ფული მქონოდა და ოჯახსაც შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი. მე-9 კლასიდან გამოვედი და საქმიანობა მომსახურების სფეროში ვცადე. კოლეჯში შესვლას 18 წლიდან ვაპირებდი. კოლეჯიც შერჩეული მქონდა, მაგრამ 18 წლამდე არ უშვებდნენ.

🔽 ამ ზამთარს ვმუშაობდი რესტორან „ციტადელში“, რომელიც ნარიყალაზე მდებარეობს. იქ მიმტანი ვიყავი. ანაზღაურება 300 ლარი მქონდა. ვმუშაობდი კვირაში 6 დღე. ხელფასი იყო თვეში ორჯერ. 15 რიცხვში და თვის ბოლოს. 15 რიცხვში რაც უნდა ამეღო, 9 დღის ნამუშევარი, არ გადამიხადეს. რომელიც შესაძლოა დიდი თანხა არ არის, მაგრამ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩემი ნამუშევარის შესაბამისი ანაზღაურება მივიღო. გამიგია, ასეთი შემთხვვები ხშირია. არ მინდა ასეთი რამ კიდევ გაუვიდეთ და სხვებსაც ისე მოექცნენ, როგორც მე. ზუსტად მახსოვს რიცხვები: 1-დან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდი. 10-ში ვისვენებდი და 11-ში უკვე სამუშაოდ სხვაგან (გუდაურში) წავედი. წინა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ადმინისტრატორი გავაფრთხილე, რომელსაც მენეჯერისთვის ეს ყველაფერი უნდა ეთქვა. როცა გუდაურიდან ახალ მენეჯერს შევეხმიანე, ახსნა-განმარტება დამიწყო – თუ რა ცუდად მოვიქეცი და პირადად არ გავაფრთხილე, როცა მთელმა სტაფმა იცოდა ჩემი წასვლის ამბავი. მის თვალწინ ვეძებდი სამსახურს, როცა სამსახურიდან თავისუფალი დრო მქონდა. მიხსენებია კიდეც.

🔽 „ციტადელში“ დღეში 8 საათს ვმუშაობდი. სმენა საღამოს 5 საათზე იწყებოდა. თუმცა ყოფილა შემთხვევა, ღამის 2, 3 საათამდე დავრჩენილვარ და დღეში 10,11 საათი მიმუშავია. მაშინ 17 წლის ვიყავი. თანხას ჩვეულებრივად ვიღებდი. მაგრამ ანაზღაურება არ მომწონდა. არც დამოკიდებულება უფროსის მხრიდან. დამოკიდებულება იყო არასასიამოვნო. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ უფროსობას ცუდად იფერებდნენ. ახლა სადაც ვმუშაობ, კარგი უფროსი გვაყვს. პერსონალს ძალიან ზრდილობიანად ესაუბრება და თუ რამე არ დაშავდა, მკაცრი ტონით ლაპარაკი არ ახასიათებს. რომ ვიცი მასთან ვმუშაობ, ასე ვთქვათ, მისწორდება.. კაი ტიპია და იცის თანამშრომლის დაფასება. „ციტადელში“ ჩაიც ცოტა მრჩებოდა, ყველაზე მეტი, ახალ წელს 40 ლარი გამომივიდა.

📣 მე რომ დამსაქმებელი ვიყო, სულ სხვანაირი ურთიერთობა მექნებოდა თანამშრომლებთან. როგორც მასწავლებლები არიან ბავშვებთან, ზოგჯერ მკაცრი, ზოგჯერ ძალიან მეგობრული. მაგალითად, ქიმიის მასწავლებელი მყავდა ძალიან კარგი, ხუმარა ადამიანი. მაგრამ როცა გაბრაზდებოდა – მტრისას. მე რომ დამსაქმებელი ვიყო, ვეცდებოდი შეძლებისდაგვარად იდეალური გარემო შემექმნა დასაქმებულებისთვის. ჩემთვის მთავარია, მუშაობის ხალისი მქონდეს იქ, სადაც ვარ. მუშაობა უნდა მსიამოვნებდეს. არ ვითაკილებდი, უფროსი რომ ვყოფილიყავი, მეგობრულ ურთიერთობებს. ჩემი აზრით, დღეს მთავარი პრობლემა დამსაქმებლის დასაქმებულებთან დამოკიდებულებაა.

🎯 ჩემი მიზანია კარგ ბარში მუშაობა სასმელების კუთხით. მინდა საინტერესო სასმელები შევქმნა. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ამაში უცხო ენის ცოდნაც მეხმარება. ინგლისური კარგად ვიცი. მე თვითონ ვისწავლე ფილმებიდან, უცხოელებთან უშუალო კონტაქტის დროს…

📣 ბოლოს, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ ვთქვა:
ჩემი უფლება დარღვეულია. უკან დახევა არ მიყვარს და ადამიანის ყველაზე დასაფასებელ უნარს – შრომას პატივს ვცემ. ყველამ უნდა გაითავისოს,რომ დასაქმებულს უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე დამსაქმებელს. ნუ სხედხართ უსაქმურად ტელევიზორებთან და ტელეფონებთან თქვენი ძვირფასი დროის უმეტესი ნაწილი, ოდესღაც თქვენც მოგიწევთ შრომა და სანამ თქვენც შეგხებოდეთ, მანამდეა საჭირო ხმის ამოღება!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *