19 მარ

შრომის ინსპექცია და სუფთა სახლის პრობლემა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არ არის ქმედითი. მის ამუშავებას მხოლოდ და მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კანონის  ბოლომდე ძალაში შესვლა ვერ მოახერხებს.

მიგვაჩნია, რომ შრომის ინსპექცია მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ჯეროვნად და აღნიშნული არ არის მხოლოდ და მხოლოდ კანონის არარსებობის ბრალი. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნულის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი გარემოებები:

2017  წლის 3 ივლისს „სოლიდარობის ქსელმა”  მიმართა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, რომელი მიმართვის საფუძველზეც განხორციელდა შრომის პირობების ინსპექტირება შპს „სუფთა სახლის“ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. 2017 წლის 15 ნოემბერს  დეპარტამენტის მიერ გადმოგვეცა განხორციელებული ინსპექტირების შედეგად მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები. აღნიშნული დასკვნების შესაბამისად კომპანიის მაღაზიებში არ ხორციელდებოდა ჰაერში მავნე ქიმიური ფაქტორების გაზომვა, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე არ იყო მოწყობილი შესაბამისი სავენტილაციო სისტემა. პროფესიული დაავადების განვითარების რისკად კი ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები.

კომპანიას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემოწმება ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად და მოეწყო შესაბამისი სავენტილაციო სისტემები ობიექტებზე.

ვინაიდან 2017 წლის 15 ნოემბრიდან დღემდე გასულია 1 წელზე მეტი, ჩვენ მივმრთეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და მოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაცია:

1.       შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმდა თუ არა შპს „სუფთა სახლი“ ხელახლა (რემონიტორინგი).

2.      რემონიტორინგის  შემთხვევაში რა დაღღვევები იქნა კვლავ აღმოჩენილი.

3.      გაიზომა თუ არა აღნიშნულ ობიექტებზე ჰაერში მავნე ნივთიერებების ოდენობა.

ამასთან ჩვენ მოვთხოვეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მოეწოდებინა რემონიტორინგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედეგები სრულად, ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროცესთან და რომლის გადმოცემა კანონით შესაძლებელია.

ასევე მოვითხოვეთ განმარტება იმასთან დაკავსირებით, თუ რატომ არ გაზომა ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა და არ შეამოწმა მისი შესაბამისობა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან, მაშინ როდესაც პროფესიული დაავადების განვითარების რისკად კი ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩვენი 2019 წლის 22 თებერვლის წერილის პასუხად გადმოგვცა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გაცემულ მითითებების შესრულების შესახებ „შპს სუფთა სახლის“ ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ ანგარიში.

აღნიშნულ ანგარიშს, რომელშიც კომპანიის დირექტორის მიერ მითითებულია, რომ რეკომენდაციები თითქმის სრულად შესრულდა, ერთვის ასევე ს/ს ნ. მახვილაძის სახ.შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის წერილი, სადაც საუბარია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩაატარა გარკვეული ტიპის საპილოტე კვლევა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე „შპს სუფთა სახლის “ ერთ ფილიალში.

კვლევითი ინსტიტუტი წერილში აღნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებების გამოყენებისას ან შესაფუთი მასალის მთლიანობის დარღვევისას შესაძლებელია ჰაერი დაბინძურდეს 23-ზე მეტი ნივთიერებებით. სხვადასხვა მავნე ნივთიერებების აღმოსაჩენად საჭიროა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ  მითითებულ იქნას შესაბამისი საქართელოში მოქმედი რეგულაციები.

აღნიშნული დოკუმენტაციის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ჩვენ მიერ დადგინდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი თავად ვერ უზრუნველყოფს ობიექტზე ჰაერში მავნე ნივთიერებების გაზომვას. ამასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  (სამუშაო ადგილას ჰაერში მავნე ნივთიერებების ზრღვრულ დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა) არ არსებობს საქართველოში მოქმედი რეგულაციები. საქართველოში დეფიციტია ისეთი კვლევითი ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სრულად შეამოწმონ სამუშაო ადგილებზე ჰაერში მავნე ნივთიერებებს ოდენობა და სხვა.

ჩვენ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან მოვითხოვთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

  • რატომ არ მოხდა ინსპექტორების მიერ რემონიტორინგის ჩატარება?
  • რატომ არ გაიზომა სამუშაო ადგილას ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ჯეროვნად?
  • რატომ კმაყოფილდება ინსპექცია თავად შესამოწმებელი კომპანიის დირექოტორის ანგარიშით?  
  • რატომ დუმს ინსპექცია, როდესაც არ არსებობს მარეგულირებელი ნორმები სამუშაო ადგილებში ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულ დასაშვებ ნორმების განსასაზღვრად?

ჩვენ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოაჩენს შემდეგი სახის პრობლემებს: ინსპექცია თავად ვერ ახდენს ჰაერში მავნე ნივთიერებების დადგენას და აღნიშნული მოქმედების შესრულების რეკომენდაციას აძლევს თავად კომპანიას , რაც ჩვენი აზრით არასწორია. ამასთან  ინსპექია განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, საქართველო კი – იმ ლაბორატორიების, რომელსაც შეეძლებოდა მაღალი სტანდარტის კვლევების ჩატარება სამუშაო ადგილებზე. საბოლოოდ კი ინსპექცია რემონიტორინგს არაჯეროვნად ახორციელებს პრაქტიკაში.