28 იან

ხელისუფლება როგორც ტიტო ვოტსი

ავტორი: დავით ომსარაშვილი,”სოლიდარობის ქსელის” წევრი

არცთუისე დიდი ხნის წინ  რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ  ზიმბამბველი მღვდელი ტიტო ვოტსი „სამოთხის ბილეთების“ გაყიდვის გამო დააკავეს. რატომღაც ეს ადამიანი გამახსენდა სწორედ მაშინ, როდესაც ვაპირებ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დავწერო.

როგორც იცით, საქართველოშო ძალაში შევიდა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი. ძალიან ბევრს საუბრობენ დაგროვებითი პენსიის რეფორმაზე. მაღალფარდოვანი სიტყვები, ეკონომიკის ექსპერტები, სამართლის ექსპერტები, ყველაფრის ექსპერტები ათას საკითხს განიხილავენ. ბჭობენ რა იქნება 25-30 წლის შემდეგ, როგორ განკარგავენ მოგროვებლ ფულს, ვინ განკარგავს და ა.შ. თითქოს უკვე ინაწილებენ კიდეც, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რა მოხდება დღეს და ხვალ მშრომელებისთვის. რა შეიცვლება ამ რეფორმით.

ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ საპენსიო რეფორმა იდეაში შეიქმნა სწორედ მშრომელი ადამიანისთვის, რომლებსაც ამ რეფორმის მიმართ ნდობა ფაქტობრივად არ აქვთ. ეს ძალიან აკვირვებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს.  

მართლაც, რატომ არ ენდობიან მშრომელები ხელისუფლებას?

იმ დასაქმებულს, რომელიც შრომობს, წელზე ფეხს იდგამს და მაინც არასტაბილური სამუშაო გარემოში იტანჯება, ძნელია დააჯერო, რომ როდესაც პენსიაზე გავა, მაშინ ექნება უდარდელი ცხოვრება. მართლაც როგორი დასაჯერებელია?!

უნდა აღინიშნოს, რომ აქ რომელიმე ადამიანის ან პოლიტიკური პარტიისადმი ნდობაზე არაა საუბარი. უნდობლობა გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდა  ყველა ხელისუფალი, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. ეს პოლიტიკა კი მშრომელთა ჩაგვრაზე გადის.

შესაბამისად მჩაგვერილი სთხოვს ჩაგრულს ნდობას. არადა:

  1. სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში პირდაპირ თავად არის მჩაგვრელი დამსაქმებელი. (მაგალითად გამოგვადგება საზოგადოებრივი მაუწყებელი ან/და მეტრო.)
  2. სახელმწიფო არის ჩაგვრის მაპროვოცირებელი და უმეტეს შემთხვევაში გარიგებაშია მსხვილ ბიზნესთან, რომელიც თავის მხრივ ჩაგრავს დასაქმებულებს.

მოკლედ, ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაშია დასაქმებული დღეს. აღარც კი მახსოვს, რამდენიხანია შრომის კანონმდებლობის გამოსწორებას, ქმედით შრომის ინსპექციას, მინიმალურ ხელფასს  ვითხოვთ. ვერცერთი ვერ შესრულდა. ამის ნება არ არსებობს. სულ გვატყუებენ, რომ რეფორმებს უნდა ველოდოთ, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია.

დასაქმბულები დღეს 50-60 საათს კვირაში ნორმირებულად მუშაობენ. გვაქვს ბევრი ფაქტი 80 საათზე მეტი მუშაობისაც.

სამუშაო პიროებები საშინელია, საფრთხის შემცველი და არაადამიანური და ასეთი სამსახურიც კი საოცნებოდ აქვს ხალხს. ხოლო ვისაც აქვს, იმას დაკარგვის ეშინია. არავინ იცის როდის მოუხურავს დამსაქმებელი ცხვირწინ კარს, მის დაცვას კი სახელმწიფო ვერ შეძლებს.

ამდროს პარლამენტში კანონშემოქმედებითობანა გათამაშდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის და მართველმა პარტიამ, ისევე როგორც ზოგიერთმა დეპუტატმა ეს საკუთარი პიარისთვის კარგად გამოიყენა. დღეს გვაქვს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, მაგრამ რად გინდა, შრომის ინსპექცია ისევ როგორც წესი, უუნაროა. აუარება ტექნიკური რეგლამენტია დასაწერი. მაგრამ ამ რეგლამენტებით პიარის კეთება ძნელია, ხოდა ისინიც დაუწერელი, სამუშაო ადგილზე ჰაერში მავნე ნივთიერებები კი გაუზომელი. თუმცა ვის აინტერესებს ეს?

ვინ უნდა ენდოს პენსიის რეფორმას? ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის როდის გაუშვებენ უკანონოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობიდან?! თუ – მეტროს მემანქანე?! რომელსაც როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ კი გეცოდინებათ. იქნებ თარჯიმანი? ის თარჯიმანი, რომელსაც თვეობით ხელფასს არ უხდიდნენ და ამ ფაქტზე აღმასრულებელი ხელისუფლების არაერთმა ორგანობ ხელები დაიბანა, ეგ კერძო დავაა და სასამართლოში იდავეთ, მე არაფერი დამინახავს, არაფერი გამიგონია, არაფერი შემიძლიაო. იქნებ მოლარე -კონსულტანტი? არა, ამაზე საუბარის გაგრძელება აღარ მსურს.

მოკლედ, ნათელია რატომაც არ აქვთ მშრომელ ადამიანებს ნდობა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად საპენსიო რეფორმის მიმართ.

ის ვინც ამდენიხანია გჩაგრავს, გატყუებს ან/და გარიგებაშია შენს მჩაგვრელთან არ აქვს უფლება ნდობა გთხოვოს.

მეორე საკითხია, რეალურად ვის ფულზე მიდის ბჭობა და ვინ გადაიხდის იმ 6%-ს ?

შემოთავაზებული კანონის მიხედვით დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო იხდის

ორ-ორ პროცენტს დასაქმებულის სასარგებლოდ.  

დღეს არსებული სიტუაციიდან და შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით დამსაქმებლები დაიწყებენ ფიქრს იმაზე, როგორ აარიდონ თავი „მუშახელის გაძვირებას“.  კონკურენციის პირობებში ეს ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფიქრალია.

შესაბამისად, ტყუილად ტირიან დამსაქმებლები, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაფრის გადახდა ბოლოს დასაქმებულებს მოუწევთ.

  1. ისინი გადაიხდიან თავიანთ წილს, ანუ 2 %-ს.
  2. დამსაქმებლები გადასახდელ წილს დასაქმებულთა ხელფასიდან აიღებენ და შესაბამისად მშრომელებს მოაკლებენ ხელფასს, ან მოპარავენ: უფრო დიდხანს ამუშავებენ, მაგრამ არ გადაუხდიან ზეგანაკვეთურს. საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგობისა და შრომის ინსპექციის უუნარობიდან გამომდინარე ეს არ იქნება პრობლემა დამსაქმებლებისათვის.
  3. რაც შეეხება საქართველოს ბიუჯეტს, მას ხომ ძირითადად ისევ და ისევ ღარიბი მშრომელები ავსებენ.

უკვე დაწყებულია ტენდენცია, რომ დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასს უკლებს, ან დაზღვევებს უხსნის. პენსიის რეფორმის განხორციელება დიდი ალბათობით გავლენას იქონიებს ყალბი თვითდასაქმების რიცხვის ზრდაზე.

ვინ არის გარანტი, რომ ეს ტენდენცია დაუსრულებლად არ გაგრძელდება. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, შრომის ინსპექცია ამის გარანტი ვერ იქნება, მთელი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე.

სისულელეა საპენსიო რეფორმაზე ვიფიქროთ, ისე, რომ არ მოვაწესრიგოთ შრომის კანონმდებლობა, მაგრამ ჩვენთან ხომ როგორც წესი, კანონმდებლობა იწერება რეფლექსურად, იმ ადამიანების გარეშე, ვისაც ეს კანონი უნდა შეეხოს. მათი ჩართულობა და ინფორმირებულობა პროცესში ძალიან მწირია.

სამსახურის დაკარგვის შიშით სამწუხაროდ დასაქმებულები ხშირად თანმხდებიან კაბალურ პირობებს. მაშინ როდესაც მშრომელები არ არიან გაერთიანებულები და მათ საერთო პირი არ აქვთ, ვერ შეძლებენ საკუთარი ძალებით ებრძოლონ ხელფასების დაკლებას, მომატებულ სამუშაო დროს, მომსახურების ხელშეკრულების დადებას შრომის ხელშეკრულების ნაცვლად. დღეს სახელმწიფო ერთადერთ გზას სთავაზობს დასაქმებულებს და ეს გზა სასამართლომდე მიდის.

თუმცა აქაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვინ მიდის დღეს სასამართლოში და რამდენად ეფექტურია სასამართლოს გზით დავის განხილვა.

  • უპირველეს ყოვლისა სასამართლოში დავის წარმოების მიზნით მიდიან ძირითადად ის დასაქმებულები, რომლებმაც სამუშაო ადგილი უკანონოდ დაკარგეს. უმეტეს წილად სასამართლოში დავა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მხარეთა შორის ურთიერთობა გაწყდება. შრომითი ურთიერთობის არსებობის პერიოდში მშრომელები საკუთარი უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სასამართლოს, როგორც წესი, არ მიმართავენ. ვინაიდან მათ აქვთ იმის შიში რომ არსებულ დასაქმების ადგილს საერთოდ დაკარგავენ.
  • ამასთან სასამართლოში დავის განხილვა წლობით შეიძლება გაგრძელდეს. ვინაიდან შრომითი ურთიერთობების უმეტესობა არ არის ხანგრძლივი და მშრომელებს ხშირად უწევთ სამუშაო ადგილების ცვლილება, მაშინ როდესაც სასამართლო რაიმე გადაწყვეტილებას გამოიტანს, დიდი ალბათობით მისი აღსრულების ინტერესი მომჩივან მხარეს დაკარგული ექნება.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ის საპენსიო რეფორმა (რომელიც ყველაფერთან ერთად საპენსიოც არ არის), რომელიც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა დიდი ალბათობით უფრო გააუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ პირველ და ბოლო სიტყვას თითქმის ყოველთვის. რას ფიქრობს ან განიცდის დასაქმებული ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.  დასაქმებულს როგორც წესი, არავინ უსმენს. რატომ? იმიტომ, რომ მას პატივს არ სცემს. არც ხელისუფლება და მითუმეტეს მისი შემყურე ( და შესაბამისად გათამამებული) დამსაქმებელი.

შეიძლება ახლაც, როდესაც მე ამ სტატიას ვწერ დასაქმებული ხელს აწერდეს შეთანხმებას, რომ დამსაქმებლის ნაცვლად თავად გადაიხდის საკუთარი დაზღევის ფულს.

აი, რატომ გამახსენდა ტიტო ვოტსი. ჩვენი ხელისუფლება ძალიან გავს მას, ხოლო საპენსიო რეფორმის შემოთავაზება კი – სამოთხის ბილეთების გაყიდვას .

ჩვენ ხომ დღეს არსებული კოშმარული მდგომარეობის გაძლების მიზნით ხშირად მივმართავთ ოცნებებსა და იმედებს. უნდა შევეშვათ მათ და ამოვიღოთ ხმა. პირველ რიგში გავერთიანდეთ, ამის შემდეგ კი პოლიტიკის შეცვლა, შრომის კანონმდებლობის დახვეწა, ქმედითი შრომის ინსპექცია და ესეიგი ნორმალური ყოფითი პირობები  მოვითხოვოთ. თუ დღევანდელობის გამოსწორებას შევძლებთ, მომავალიც პირდაპირპროპორციულად გამოსწორდება.

ტიტო ვოტსებს თავს ნუ გავაბრიყვებინებთ!