18 ივნ

რა არის „მოპარული ხელფასი”?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

 

„ზარალის ანაზღაურება “კოლექტიური სოლიდარობის პრინციპით” მოხდება”

„მაღაზიას კადრი აკლია, უკან უნდა დაბრუნდე”

„მოპარული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„ვადაგასული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„მაღაზიას დაცვა არ ჰყავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სალაროსთან წითელ ღილაკს დააჭირეთ”

„თქვენ მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე იმუშავებთ, დროდადრო მაღაზიის მოწესრიგება თქვენი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა”

„ჩვენთან ბიულეტინი არ არსებობს”

„შვებულება? ამ კვარტალში კადრი გვაკლია, მერე ვნახოთ”

„სანამ გაგაფორმებთ ორკვირიანი აუნაზღაურებელი სტაჟირება უნდა გაიარო”

ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები დამსაქმებლის პოზიციას წარმოადგენს. მათ შრომით ხელშეკრულებაში ამოვიკითხავთ, ან მენეჯერთან საუბრისას მოვისმენთ.

თვის ბოლო დგება და ხელფასს სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო რაღაც თანხა აკლდება. ზოგჯერ ვსვამთ კითხვებს ამაზე, საბოლოოდ, აღარ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან სრული ხელფასი არც ერთხელ აგვიღია.


ხელფასი – არის ანაზღაურება ჩვენი გაწეული შრომისთვის, თუმცა ჩვენს ქვეყანაში და არამარტო, არსებული ხელფასები სულ სხვანაირად ითვლება. რეალურად, დღეს ხელფასი წარმოადგენს საშუალებას, რომ ჩვენ მინიმალურ დონეზე მაინც აღვიდგინოთ ძალები, იმისთვის, რომ მეორე დღეს ისევ სამსახურში დავბრუნდეთ. ცხოვრება იყოს ჩვენი სამსახურისთვის და არა სამსახური ცხოვრებისთვის. თუ ხმას ამოვიღებთ, გვეუბნებიან, თუ არ მოგწონს, წადი, მაგრამ ფაქტია, ვერსად მივდივართ.

ხშირად ვსაუბრობთ, რომ მომსახურების სფეროში აწყობილი სისტემა, მშრომელებზე მორგებული არ არის. მაგრამ, ის არც კლიენტზე ორიენტირებულია. მათთვის მთავარია მარტივი მოგება, მარტივი ციფრები, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური გამდიდრება. ბიზნესის მხარე ხშირად იშველიებს არგუმენტს, რომ მას საშუალება არ აქვს შეუქმნას დასაქმებულს უკეთესი პირობები, მაგრამ ყოველ ასეთ არგუმენტს ფარავს ის ფაქტი, რომ საქართველოს ბანკი ფლობს მაღაზიათა ქსელს „ორი ნაბიჯი”, სადაც შრომით ურთიერთობებში არსებული უსამართლობის ყველა გამოხატულება სტანდარტად იქცა.

ზეგანაკვეთური შრომა თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მუდმივი. თუ ეს მუდმივ სახეს იღებს, მაშინ იძულებით შრომასთან გვაქვს საქმე; მაღაზიას რომ მოპარული თუ ვადაგასული საქონლის ხარჯზე დანაკლისი აქვს, არ შეიძლება დასაქმებულს დაეწეროს; ისიც იმიტომ, რომ პროდუქცია არ გაიყიდა, ან მაღაზიას დაცვის აყვანისთვის ფული დაენანა; დანაკლისების ანაზღაურების გამო ადამიანის სამსახურში დაკავება არის იძულებითი შრომა; კუთვნილი შვებულების აღება არ უნდა იყოს დამოკიდებული კომპანიის „კეთილ ნებაზე” მოძებნოს შენი შემცვლელი, ან ამ ნების არარსებობის შემთხვევაში, შენი თანამშრომელი ორმაგად დატვირთოს.

ზოგადად იძულებით შრომაზე საუბრისას ალბათ რთული წარმოსადგენია ამის ციფრებში და ფულში გადაყვანა, თუმცა ყოველი დამატებით ნამუშევარი საათი, ყოველი გამოუყენებელი შვებულება, ყოველი უსამართლოდ დაკისრებული დანაკლისის ანაზღაურება, ორმაგი შრომა განსაკუთრებით ქალებისთვის, რომ გადავიყვანოთ ფულად გამოხატულებაში, ეს არის ხელფასის პირდაპირი მოპარვა.  ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი არის თქვენი შრომის ნაწილი. შესაბამისად ზეგანაკვეთურად მუშაობა; მაღაზიის დანაკლისის თქვენზე გადმობრალება; შვებულების მაგივრად მუშაობა, კონსულტანტობასთან ერთად მოლარეობა და დამლაგებლობა არის ის შრომითი ვალდებულება, რომელიც არ ანაზღაურდა. თქვენ ყველა მათგანში გეკუთვნოდათ ანაზღაურება, რომელიც კომპანიამ მოიპარა თქვენი ხელფასიდან, თქვენი შრომის უფასოდ მითვისების ხარჯზე.

მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ ასეთი სიტუაცია: სამუშაო ადგილი – რომელიმე სუპერმარკეტების ქსელი, ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარი; თითქმის ყოველ სამუშაო დღეს პიროვნება x-ს 2 საათით უწევს ზედმეტად დარჩენა, თუმცა ეს იმდენად ჩვულებრივი ამბავია, რომ ზეგანაკვეთურში აღარც გადის მისთვის; თვეში ერთი დღე, განსაკუთრებით აღწერების პერიოდში მოუწია გაორმაგებული საათებით მუშაობა; თანამშრომელი შვებულებაშია და ერთი კვირა ორმაგად მუშაობს; თვითონ კუთვნილი 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებიდან მხოლოდ 2 კვირას იყენებს. ახლა დავთვალოთ: კვირაში სამუშაო საათების ნორმირებული რაოდენობა 40 საათია; შესაბამისად, პიროვნება X-ის საათობრივი ანაზღაურება 3 ლარია; ვივარაუდოთ, რომ ის კვირაში 5 დღე მუშაობს, ყოველდღე 2 საათით დარჩენის შემთხვევაში ის კვირაში 10 საათით ზედმეტად რჩება, რაც ფულში რომ გადავიყვანოთ, კვირაში დაკარგული, სულ მცირე, 30 ლარია (თვეში 120 ლარი); ასევე, ის ერთი აღწერის დღე, როცა ორმაგად მოუწია დარჩენა – 24 ლარი; ამას დავუმატოთ თანამშრომლის მაგივრად ორმაგად ნამუშევარი კვირა, რაც კიდევ დაკარგული 120 ლარია; დავუმატოთ ის გამოუენებელი 10 დღიანი შვებულებაც, რაც დაკარგული 240 ლარია. საბოლოოდ, გამოდის, რომ პიროვნება იქსმა ამ თვეს სულ მინიმუმ 504 ლარი დაკარგა, რაც მისი ხელფასის 101%-ს შეადგენს. უკაცრავად, „დაკარგა” არასწორი სიტყვაა, რადგან მას 504 ლარი მოპარეს. ამაზე მახსენდება 2017 წელს  „კონსტიტუციის 94 მუხლის” წინააღმდეგ ჩვენი კამპანია. მუხლის დატოვების მომხრეები გამოდიოდნენ ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „სახელმწიფო ჯიბეში ხელს გვიყოფს”, „ეს არის ჩვენი გაქურდვა”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს ბიზნესი ანაცვლებს და დიახ, ის ნამდვილად ქურდავს დასაქმებულებს.

ცოტა ხნის წინ გავიცანი გოგო, რომელსაც ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელში თვეში 10 ღამის გათენების შემდეგ 8 ლარი ჩაერიცხა ხელფასის სახით, იმ მიზეზით, რომ მაღაზიას დანაკლისი ჰქონდა. მას, ფაქტობრივად ხელფასის 99% მოპარეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სუპერმარკეტების ქსელები და მხოლოდ მომსახურების სფერო არ გამოირჩევა მოპარული ხელფასებით. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის ბაზარზე არსებულ ურთიერთობებს შრომის კოდექსის ნაცვლად ბაზარი „არეგულირებს”, ფაქტობრვად ყველა სფეროში არსებობს ხელფასის მოპარვის პრაქტიკა, რადგან იშვიათია კომპანია, რომელიც ბაზარზე ახალი, გაუმჯობესებული შრომის სტანდარტით შემოდის. ყოველდღე ცოტა ხნით სამსახურში ზედმეტად დარჩენა, ერთი შეხედვით არავისთვისაა უკანონო, თუმცა საბოლოოდ ვიღებთ, რომ შრომის კოდექსში დაწესებული 40 საათის მაგივრად, ყოველ კვირა ზეგანაკვეთური მუშაობა რუტინა ხდება; ხშირ შემთხვევაში, ეს არის თვალის დახუჭვა იმ პირდაპირ, თუ არაპირდაპირ ჩაგვრაზე, რაც სამსახურში გვხვდება.

საბოლოოდ, კი იმის მაგივრად, რომ შრომის კოდექსი იყოს სტანდარტი სამუშაო ადგილზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისთვის, ვიღებთ ბიზნესის მიერ მიღებულ სტანდარტს, რომელიც იმდენად ძლიერია ამ რეგულაციების არარსებობის პერიოდში, რომ ორგანულ კანონსაც კი არ აქვს გავლენა მიმდინარე შრომის ურთიერთობებზე.