19 ნოე

მიმართვა შრომის ინსპექციას – რა ხდება „სუფთა სახლში?”

2017  წლის 3 ივლისს „სოლიდარობის ქსელმა“  მიმართა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე განხორციელდა შრომის პირობების ინსპექტირება შპს „სუფთა სახლის“ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.

2017 წლის 15 ნოემბერს  დეპარტამენტის მიერ გადმოგვეცა განხორციელებული ინსპექტირების შედეგად მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები.

აღნიშნული დასკვნების შესაბამისად, კომპანიის მაღაზიებში არ ხორციელდებოდა ჰაერში მავნე ქიმიური ფაქტორების გაზომვა, ხოლო ზოგიერთ ობიექტზე არ იყო მოწყობილი შესაბამისი სავენტილაციო სისტემა. პროფესიული დაავადების განვითარების რისკად კი ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები.

კომპანიას მიეცა რეკომენდაცია მოეხდინა ჰაერში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემოწმება ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობის დასადგენად და მოეწყო შესაბამისი სავენტილაციო სისტემები ობიექტებზე.

ვინაიდან 2017 წლის 15 ნოემბრიდან დღემდე გასულია 11 თვეზე მეტი, ჩვენ დღეს მივმრთეთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და მოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. შრომის ინსპექტორების მიერ შემოწმდა თუ არა შპს „სუფთა სახლი“ ხელახლა (რემონიტორინგი).
  2. რემონიტორინგის  შემთხვევაში რა დარღვევები იქნა კვლავ აღმოჩენილი.
  3. გაიზომა თუ არა აღნიშნულ ობიექტებზე ჰაერში მავნე ნივთიერებების ოდენობა.

ამასთან ჩვენ ვთხოვთ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მოგვაწოდოთ რემონიტორინგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედეგები სრულად, ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ პროცესთან და რომლის გადმოცემა კანონით შესაძლებელია.

მიგვაჩნია, რომ ასევე უმნიშვნელოვანესია დეპარტამენტმა განმარტოს, რატომ არ გაზომა ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა და არ შეამოწმა მისი შესაბამისობა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან, მაშინ როდესაც პროფესიული დაავადების განვითარების რისკად კი ინსპექტორების მიერ მიჩნეულ იქნა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული სასუნთქი სისტემების ალერგიული დაავადებები.

„სოლიდარობის ქსელი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დასაქმებულს ჰქონდეს უსაფრთხო  სამუშაო გარემო.