28 ივნ

სოლიდარობის ქსელის განცხადება შპს “სუფთა სახლში” არსებული შრომითი პირობების შესახებ

„სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის“ წარმომადგენლები აქტიურად ვცდილობთ მომსახურების სფეროში დასაქმებულთა გაერთიანებას და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებას. 2017 წლის მაისში ჩვენს ორგანიზაციას არაერთხელ მომართეს შპს “სუფთა სახლის“ ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც კომპანიის მხრიდან დასაქმებულების უფლებების შესაძლო დარღვევებზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. აღნიშნულის საფუძველზე დავიწყეთ “სუფთა სახლთან” მოლაპარაკებები და შევთავაზეთ ჩვენთან თანამშრომლობა, რაც გულისხმობდა   „სუფთა სახლის“ დასაქმებულებისთვის შრომით უფლებებსა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით სემინარის ჩატარებას. ასევე, კომპანიასთან ერთობლივი მუშაობით შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

ჩვენი ორგანიზაციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დასაქმებულებმა იცოდნენ საკუთარი შრომითი უფლებები და თავად იბრძოლონ მათ დასაცავად.  სწორედ ამიტომ, პარალელურად დავიწყეთ „სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელში დასაქმებულებისთვის პროფკავშირული საქმიანობის, შრომითი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო ფლაერებისა და საუბრის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დასაქმებულებს არ შევუშალოთ ხელი სამუშაო პროცესში, რათა ერთი მხრივ, არ დაზარალდეს მომხმარებელი ან კომპანია, ხოლო მეორე მხრივ – თავად დასაქმებული, და არ მიიღოს საყვედური მენეჯმენტისგან, კომპანიამ სამუშაო გარემოში დასაქმებულებთან კონტაქტი აგვიკრძალა. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა.

განვმარტავთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე კომპანიისთვის იმიჯის შელახვა ან დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონფლიქტის გაღვივება. აქედან გამომდინარე, სიტუაციის გამწვავების პრევენციის მიზნით, თავი შევიკავეთ სუფთა სახლის თანამშრომლებისთვის საინფორმაციო ფლაერების დარიგებისგან. აღსანიშნავია,  რომ „სუფთა სახლი“ არის მარკეტი, სადაც ყველა მოქალაქეს შეუძლია შესვლა და თანამშრომლებთან გამოლაპარაკება ( ეს უკანონო არ არის). შესაბამისად, ჩვენს წევრებს არ სჭირდებათ ნებართვა „სუფთა სახლის“ ობიექტებზე შესასვლელად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სამუშაო პროცესს ამით ხელი არ ეშლება.

ჩვენ წერილობით მივმართეთ „სუფთა სახლის“ დირექტორს და დღემდე ველოდებით პასუხს იმის შესახებ, მოგვეცემა თუ არა დასაქმებულებთან სემინარის ჩატარების და სამუშაო ადგილზე მათთან გასაუბრების საშუალება; აგრეთვე, იმ სამუშაო პირობების შესწავლა, რომელშიც მათ  უწევთ შრომა. კომპანიის მხირდან პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა. გვაქვს ეჭვი, რომ დასაქმებულებს გამიზნულად ეშლებათ ხელი ჩვენთან კომუნიკაციაში. სწორედ ამიტომ, გვსურს ამჯერად საჯაროდ მივმართოთ კომპანიას, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და იზრუნონ საკუთარი დასაქმებულების შრომით პირობებზე, მდგომარეობაზე, რაც მთავარია ჯანმრთელობაზე. ჩვენ კვლავ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ასევე მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, კერძოდ შრომის ინსპექციას და სახალხო დამცველის აპარატს, დაინტერესდნენ მომსახურების სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებებითა და უსაფრთხოებით.

ვინაიდან შპს “სუფთა სახლის“ სარეალიზაციო პროდუქტების უმრავლესობას წარმოადგენს სარეცხი და საწმენდი საშუალებები, კოსმეტიკა, სუნამოები და სხვა ქიმიურ ნივთიერებები, დასაქმებულები ჩვენთან საუბარში ჩივიან შესაძლო არაჯანსაღ სამუშაო გარემოზე, ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ჰაერზე, რომელიც, შესაძლოა, მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ძლიერ საფრთხეს უქმნიდეს. აღნიშნული გარემოება კარგი მაგალითია იმისათვის, რომ შრომის ინსპექციის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ნუსხას დაემატოს მომსახურების სექტორში არსებული კომპანიების შემოწმების უფლება.

ასევე მოვუწოდებთ შპს “სუფთა სახლის“ დასაქმებულებს, მოგვმართონ ზემოთ ნახსენები ან/და სხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში და ერთად ვიზრუნოთ მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

გამოკვლეული ხელშეკრულებისა და გამოკითხული ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შპს “სუფთა სახლის“ შრომით ხელშეკრულებებსა და ურთიერთობებში გარკვეული დარღვევები იკვეთება.  შესაბამისად, მოვუწოდებთ, როგორც შპს “სუფთა სახლს“, ასევე სხვა კომპანიებს, უზრუნველყონ დასაქმებულებთან კანონიერი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; არ ისარგებლონ ბოროტად თავიანთი უპირატესი მდგომარეობით და კეთილსინდისიერად მოეკიდონ დასაქმებულთა უფლებებს.

ჩვენ შევისწავლეთ შპს “სუფთა სახლის“ მიერ შედგენილი ხელშეკრულებები, გამოვიკვლიეთ ყოფილ დასაქმებულთა მიერ წამოჭრილი საკითხები როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო აქტებთან მიმართებით. დეტალები იხილეთ განცხადებაში.