დიდიხანია ვიბრძვით ჩვენი წევრების, სოციალური აგენტების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირების შრომის პირობების გასაუმჯობესებლად.

წლებია აღნიშნული სააგენტოს მხრიდან გრძელდება დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევები და დასაქმებულებს უწევთ მძიმე პირობებში შრომა. ამასთან სააგენტოს ხელმძღვანელობა უარს აცხადებს პროფესიულ კავშირთან თანამშრომლობაზე და ჩვენი შეფასებით, მიზანმიმართულად მოქმედებს დასაქმებულთა გაერთიანების წინააღმდეგ, რითიც არღვევს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას.

მას შემდეგ რაც 2021 წლის 25 მარტს „სოლიდარობის ქსელმა“ წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულთა პრობლემების გადაჭრის მიზნით და ასევე იმავე დღეს წარადგინა საჩივარი სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურში ინსპექტირების მოთხოვნით, იმის მაგივრად რომ დამსაქმებელს შრომის პირობების გამოუჯობესებისა და დარღვევების აღმოფხვრაზე ეზრუნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან დაიწყო ჩვენი პროფესიული კავშირის წევრთა მიზანმიმართული შევიწროვება და დევნა.

მოგახსენებთ, რომ დღეს, 2021 წლის 27 აპრილს „სოლიდარობის ქსელის“ რამოდენიმე აქტიურ წევრს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ეცნობა მის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების შესახებ, რომლის მიზეზად წერილში მითითებულია 2021 წლის 07 აპრილს განთავსებულ ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის დილას“ ვიდეო რგოლზე საჯაროდ გამოხატული პოზიცია (კომენტარები). ასევე 2021 წლის 08 აპრილს განტავსებულ რადიო იმედის გადაცემაში „ეკონომიქსის“ ვიდეო რგოლზე საჯაროდ გამოხატული პოზიცია(კომენტარები) და 2021 წლის 10 აპრილს გადაცემა „მთავარი შაბათს“-ზე გასულ სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები.

მიგვაჩნია, რომ სააგენტოს აღნიშნული ქმედება ემსახურება პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ დისკრედიტაციას, პროფესიული კავშირის წევრთა დაშინებას და დევნას. დასაქმებულთათვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.

მოვუწეოდებთ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო ქმედება.

ასევე ვთხოვთ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, შეისწავლოს აღნიშნული.

ამოვუწოდებთ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი სოლიდარობისკენ.

ამ ფაქტს ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოყვება შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები.