ჩვენი პროფესიული გაერთიანება რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა.

პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელის“ 2021 წლის 25 მარტის №1276 საჩივრის საფუძველზე,  შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარდა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს  ინსპექტირება (ს/ნ 202178927) შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

ინსპექტირება მოიცავდა სამუშაო ადგილზე დამსაქმებელსა და დასაქმებულებთან გასაუბრებას, სამუშაო ადგილების დათვალიერებას, ფოტო-ვიდეო გადაღებას, შრომითი ურთიერთობისა და შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი დოკუმენტაციის შესწავლას, რის საფუძველზეც გამოვლინდა შრომითი ნორმების დარღვევები.

შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შედგა 6 სამართალდარღვევის ოქმი. ექვსივე შემთხვევაში მითითება მიეცა სააგენტოს.

დარღვევების უფლებრივი ნაწილი:

1. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი: 

ორგანიზაციის მიერ მოწოდებული შრომის შინაგანაწესით დადგენილია, რომ დამსაქმებელს წარმოადგენს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ დირექტორი.

აღნიშნული სამართლებრივად არასწორია  და ამასთან არ შეესაბამება სინამდვილეს. დამსაქმებელი ამ შემთხვევაში არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

2. დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი:

შტატგარეშე დასაქმებულებს, კერძოდ სოციალურ აგენტებს და ზოგიერთ სხვა დასაქმებულს წლებია უფორმდებათ 1 წლამდე ვადით შრომითი ხელშეკრულებები საგამონაკლისო საფუძვლის გარეშე.

შრომის ინსპექცია აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ უვადოდ დასაქმებულებისთვის შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პრაქტიკა ერთიდან ექვს თვემდე ვადით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

დამსაქმებელი ვალდებულია ზემოაღნიშნულ პირებთან შრომითი ურთიერთობის ვადა არ განსაზღვროს/გაახანგრძლივოს ბრძანებით, არამედ საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს მათთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

3. დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსი მე-14 მუხლის პირველი პუნქტის გ ქვეპუნქტი.

შრომის ხელშეკრულება არ შეიცავს ისეთ არსებით პირობებს, როგორიც არის სამუშაო დრო და დასვენების დრო.

4. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი:

სამუშაოს აღწერილობა არ არის მითითებული ხელშეკრულებებში. 

5. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი:

შრომის ხელშეკრულება არ შეიცავს ზეგანაკვეური სამუშაოს ანაზღაურების წესს და პირობებს.

6. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი:

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებები არ შეიცავს მითითებას ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობის, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობის და ამ შვებულების მიცემის წესის შესახებ.

7. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი:

ხელშეკრულება სრულყოფილად არ მოიცავს ისეთ არსებით პირობას, როგორიც არის დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი.

8. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი:

შინაგანაწესის მე-8 მუხლის თანახმად დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულის თანხმობით დაავალოს მას შეასრულოს (შეითავსოს) სამსახურში არმყოფი სხვა დასაქმებულის სამუშაო ან შეითავსოს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობა. მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულს შესაძლებელია აუნაზღაურდეს შეთავსების პერიოდი.

შენიშვნა: მსგავსი შეთანხმება აუცილებლად უნდა იქნეს სათანადო ფორმით დადებული და შეთავსებადი სამუშაო აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს.

9. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი:

შრომით ხელშეკრულებით ირკვევა, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს შრომის ანაზღაურება შეცვალოს ბრძანების საფუძველზე.

შენიშვნა: კანონის შესაბამისად ხელფასის ცვლილება საჭიროებს ორმხრივ შეთანხმებას სათანადო წესით, ვინაიდან ხელფასი არის შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობა. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად დამსაქმებელს აღნიშნული უფლებამოსილება არ აქვს.

10. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი:

შინაგანაწესში მითითებულია კოდექსის ძველი რედაქციის მუხლები. შესაბამისად აღნიშნული რედაქცია საჭიროებს განახლებას .

11. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი:

შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში არ არის დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები. სააგენტოში არ არის დანერგილი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები.

12. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი:

შინაგანაწესის თანახმად აუცილებლობის შემთხვევაში დამსაქმებელს უფლება აქვს შეზღუდოს შესვენების ხანგრძლივობა.

შენიშვნა: კანონით დადგენილი შესვენების ხანგრძლივობის შეზღუდვა დაუშვებელია. დამსაქმებელს არ აქვს აღნიშნული უფლება.

13. დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტი:

დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილია არასრულად შევსებული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა.

სააგენტო არ აწარმოებს დასაქმებულთა სამუშაო დროის აღწერას ჯეროვნად.

მითითებების გამოსასწორებლად სააგენტოს მიეცა 180 კალენდარული დღე!

მიუხედავად იმისა, რომ წლებია სოციალური მომსახურების სააგენტო უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ამ სააგენტოს არცერთი ხელმძღვანელი პირს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა ამის გამო.

ამ პირობებში წლებია სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმებულებს უხდის რეალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს.

„სოლიდარობის ქსელი“ ითხოვს ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ დაეკისროთ პასუხისმგებლობა აღნიშნული სააგენტოს ხელმძღვანელობას და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. დაუყოვნებლივ აღდგეს დასაქმებულთა დარღვეული უფლებები. ამასთან გაეზარდოთ დასაქმებულებს ხელფასები.

დროა ქვეყანაში შეიქმნას პრეცედენტები, როდესაც დასაქმებულთა შრომის უფლებების დამრღვევი სახელმწიფო მოხელეები, მაღალი თანამდებობის პირები პასუხს აგებენ.