17 აპრ

განცხადება: შრომის უფლებები & შრომის უსაფრთხოება

არ არსებობს უსაფრთხო შრომა შრომის უფლებების დაცვის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის ინსპექციას სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მანდატი მიენიჭა, მთავარი პრობლემა არ გადაჭრილა. ყოველ კვირა მუშები იღუპებიან და შავდებიან სამუშაო ადგილზე.

რატომ ხდება ეს?

არ შეიძლება შრომის უსაფრთხოების შრომის უფლებებისგან გამიჯვნა.

თითქმის ყველა დარგში, დაურეგულირებული სამუშაო საათები, გადაბმული, ხანგრძლივი გრაფიკი,  სამუშაო დატვირთვის მაღალი ინტენსივობა – ქართველი მშრომელების ყოველდღიურობას წარმოადგენს.

საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ უსაფრთხოების რისკი განსაკუთრებულად იზრდება  სამუშაო ადგილზე გადაღლილობის გამო.   გადაღლილობა დგება მაშინ, როცა მუშა ამოწურავს ფიზიოლოგიურ და კონგიტურ რესურსებს სამუშაო დავალების შესასრულებლად. სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები, დასვენების ნაკლებობა, ძილის ნაკლებობა და მაღალი სამუშაო დატვირთვა იწვევს გადაღლილობას.

სამუშაო ადგილის მოწყობა, აღჭურვილობა, გრაფიკის განსაზღვრა, სამუშაო პროცესი, ხელფასის რაოდეობა და სამუშაოს შინაარსი არის დამსაქმებლის შედგენელი. შესაბამისად, დამსაქმებულია პასუხისგებელი სამუშაო ადგილისა და სამუშაო ძალის ორგანიზებაზე. შრომის უფლებების დაცვის ტვირთიც არის ცალსახად დამსაქმებელზე. მუშების გადაღლილობა გამოწვეულია დამსაქმებლის მიერ შრომითი უფლებების დარღვევის გამო.

გადაღლილობა იწვევს სიტუაციური ანალიზის შეზღუდვას. ადამიანები კარგავენ თვითკონტროლის უნარს. ამ თვალსაზრისით რუტინული უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ტექკნიკისა და აღჭურვილობის შემოწმება, წარმოადგენს თვითკონტროლის დავალებებს.  მაგრამ თუ მუშა უკვე გადაღლილია, იგი კარგავს უნარს გააგრძელოს თვითრეგულირების მოქმედებები და ხშირად იღებს საზიანო (საფრთხისშემცველ) გადაწყვეტილებას. ამიტომაც, მუშები საკმარისად დასვენებულები უნდა იყვენენ; მათ არ უნდა ეკისრებოდეთ შრომის უსაფრთხოების დაცვა, ამას უსაფრთხოების ზედამხედველი უნდა აკონტროლებდეს (დასვენება ზედამხედველსაც სჭირდება).

სამუშაო ადგილების სიმცირისა, მუშები თანხმდებიან ისეთ სამუშაოზე, რომელიც მათ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ, სოციალურ და საორგანიზაციო რესურსების ერთდროულად გამოყენებას  მოითხოვს, რაც აგრეთვე იწვევს გადაღლილობას. თუ თავიდანვე არ არის განსაზღვრული დავალება და პასუხისმგებლობა და ეს ხდება ადგილზე, სპონტანური გადაწყვეტილების საფუძველზე, შრომის ტვირთი ერთი ორად იზრდება. თუ მუშას ერთდროულად ევალება სამუშაოს დაგეგმვა, უსაფრთხოების მართვა, ტექნიკის ამუშავება და ასე შემდეგ, უბედური შემთხვევის რისკი იზრდება.

მსგავსი ვითარებაა შახტაში და მაღაროებში, უი სადაც მუშებს აჩქარებენ უფროსები, რომ შეასრულონ გეგმა. ხელფასები და სამსახურის შენარჩუნება არის მიბმული გეგმის შესრულებაზე. თუ გეგმას ვერ შეასრულებენ, ვერ მიიღებენ სრულ ხელფასს, ან იქნებიან გარიყულები უფროსებისგან. ამ წნეხის ქვეშ მათ არ უნდა გამორჩეთ საყრდენი ბოძების გატეხვის ხმა, თავი რომ დააღწიონ კატასტროფას. იმუშაო ამ დატვირთვით და თან აკონტოლო ბოძების გატეხვის ხმა, შეუძლებელია! ეს არის ხშირი მიზეზი დაშავებისა და “უბედური შემთხვევებისა”.

როდესაც მშენებლობაზე დაიღუპა ორი ადამიანი (ჭავჭავაძის 5-ში), ისინი მუშაობდნენ გამომუშავებაზე. მათ იმდენს უხდიდნენ, რამდენ მეტრ მიწასაც გამოთხრიდნენ. რადგან არ არსებობდა განსაზღვრული გონივრული მოცულობა, თუ რამდენი უნდა გამოეთხარათ, ადგილზე არც ზედამხვედელი იყო, რომელიც მათ შრომის მოცულობას და ინტენსივობას განსაზღვრავდა, მუშებს თვითონ უწევდათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, და საორგანიზაცო შრომის გაწევა, რაც მათი სიკვდილით დასრულდა. ისინი ორი კვირის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ. სწორედ ეს გარემოებები იწვევს გადაღლილობას და ხდება ფატალური შემთხვევების მიზეზი.

შრომის ინსპექციას რომ შეეძლოს შრომელთა უფლებების ზედამხედველობა, დამსაქმებელი იძულებული იქნებოდა დაერეგულირებინა სამუშაო დრო, გრაფიკების ხანგრძილობა, დაედგინა საკმარისი შესვენების დროცვლებს შორის და ცვლის განმავლობაში. მუშებიც იშვიათად გადაიღლებოდნენ, რაც რისკებს საკმაოდ შეამცირებდა.

ამასობაში, შრომის უფლებების აღდგენა და სრულფასოვანი დაცვა შესძენს მუშებს თავდაჯერებას, რომ ამოიღონ ხმა, როცა გრძნობენ საფრთხეს სამუშაო ადგილზე და მოითხოვონ უსაფრთხო შრომა ან უარი განაცხადონ საფრთხისშემცველ სამუშაოზე; ამით მუშებს აღარ შეეშინდებათ უფროსის მხრიდან სამაგიეროს გადახდის, სამსახურიდან გათავსუფლების, ან ხელფასის დაკლების. დღეს ერთმა მუშამ “პანორამა თბილისი” მშენებლობაზე შრომის პირობებზე განაცხადა: მანდ “იძულებით ვმუშაობთ ჩემო დაიკო, არაფერი არ არის. დედა მყვას ინსულტით დაავადებული. სამუშაო არა მაქვს და ჩამოსული ვარ აჭარიდან. ვმუშაობ, რომ ორი კაპიკით წამალი ვუყიდო. 15 წელია ჩავარდნილია. მონა ვარ.”

როცა დამსაქმებელს გამოჭერილიყავს მუშა, ის დედის სიცოცხლის შენარჩუნების გამო არ გარისკავს სამუშაოს დაკარგვას.

აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოების ორგანოები ერთად მუშაობდნენ. ერთად შეეძლოთ ობიექტებზე შესვლა და შემოწმება. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენთვის წარმოუდგენელია შრომის უსაფრთხოების ეფექტურობა, შრომის უფლებების შემოწმების უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ, შრომის უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას აუცილებლად უნდა დაემატოს შრომის უფლებების ზედამხედველობა.

განცახდებას ხელს აწერენ:

სოლიდარობის ქსელი – დამოუკიდებელი პროფკავშირი;

ერთობა 2013 – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფკავშირი;

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

09 აპრ

კვლევა: ექთნების შრომის პირობები საქართველოში

რა კავშირშია ექთნების შრომის პირობები ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებასთან?

კვლევა ეყრდნობა საქართველოში დასაქმებული ექთნების ყოველდღიური
სამუშაო გამოცდილებისა და შრომის პირობების შესწავლით მიღებულ ინფორმაციას.
მასში თავმოყრილია ექთნების საცხოვრებელი და შრომითი მდგომარეობის შესახებ
მონაცემები. მათ შორისაა: ექთნების სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება, სამუშაო
დატვირთვა, საავადმყოფოს მართვა და მასში მონაწილეობა, პრობლემური საკითხები
და მათი გამოსწორების შესახებ აზრები.

გაეცანით ჩვენს კვლევას:

იხილეთ პუბლიკაცია!

17 თებ

არ არსებობს უმუშევარი ქალი! – 8 მარტის მანიფესტი

რატომ  გამოვდივართ 8 მარტს?

შრომა

ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის. ქალების უმეტესობა სამსახურში 40 საათზე მეტ ხანს ვმუშაობთ, შემდეგ კი სახლში მეორე ცვლის – საშინაო შრომის შესასრულებლად მივდივართ. ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირება იქნებოდა. ჩვენ გვეკუთვნის ორმაგი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის. თუმცა, არსებობს  მთავრობის ერთ-ერთი მავნებელი დადგენილება, რომელიც 48 საათიან სამუშაო კვირას სპეციფიკური კატეგორიების ნუსხის სახით ადგენს. ჩვენ ვმუშაობთ 48 საათს, ნაცვლად 40 საათისა და ვიღებთ იმავე ხელფასს. ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს სასწრაფოდ! ყოველი ასეთი რვა საათი ჩვენი მოპარული ხელფასია. კანონით თუ კანონის დარღვევით, ქალები მაინც ვიჩაგრებით. ჩვენი სამუშაო დღე არასოდეს მთავრდება, არც სამსახურში და არც სახლში.


ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური ხელფასი; არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, ვითხოვთ სამუშაო ადგილის ძიების პროცესში გვქონდეს უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვითხოვთ არა მინიმალურ, არამედ საცხოვრებელ ხელფასს, რომელიც საკმარისი იქნება ჩვენი და ჩვენი ოჯახების გადასარჩენად. მინიმალური ხელფასის განუსაზღვრელობა ამცირებს ანაზღაურებას. არსებობს შრომითი ხელშეკრულებები, რომლებიც სრულ განაკვეთზე სამუშაოს ანაზღაურებისთვის 40 ლარს ადგენს, რადგან არ არსებობს ზღვარი. ეს დაბალი ხელფასები აქამდე ჩვენი, ქალების წვალებისა და შრომის ხარჯზე შემორჩა. ჩვენ ნერვებს და ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ მოვიფიქროთ იაფი სადილის ვარიაციები, მოვამზადოთ ნაირ-ნაირი კერძები კარტოფილით ან ბურღულეულით  და ჩვენ თვითონ უარი ვთქვათ სადილის კუთვნილ ულუფაზე. როცა სარეცხი მანქანა ფუჭდება, ვრეცხავთ ხელით; როცა ავად ვხდებით, არ მივდივართ ექიმთან და წამლების გარეშეც ვძლებთ. როცა შეგვცივდება, გათბობის ჩართვის ნაცვლად დამატებით მოსასხამს ვიხურავთ. ბავშვებისთვის ვყიდულობთ ტანსაცმელს და უხარისხო სათამაშოებს, ხოლო ჩვენს ძველ ტანსაცმელს ხელით ვკემსავთ.

თანასწორობა და შრომა

ჩვენ მოვითხოვთ, დასრულდეს სექსუალური შევიწროება და ძალადობა ყველგან და მათ შორის სამუშაო ადგილზე! საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს ვალდებულება ჩავერიოთ ასეთ შემთხვევებში და დავიცვათ ერთმანეთი ძალადობისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ძალადობაში დამნაშავე მსხვერპლი არ არის. ამისთვის ვითხოვთ მომხდარზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას, პროცედურების გამჭვირვალობას, თუ როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში. მოვითხოვთ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას კაცებთან მიმართებით. გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის “ბუნებრივ” მოვალეობებად ითვლება. ასეთი მოვალეობებია დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი ყოველდღიური რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვრითის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების თენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი.

დეკრეტი

ქალებმა უკვე გამოვაცხადეთ გაფიცვა! ჩვენ ვეღარ ვაჩენთ ბავშვებს, რადგან ვცხოვრობთ კაბალურ პირობებში; სახელმწიფოსგან კი არანაირი მხარდაჭერა არ ჩანს. დეკრეტული შვებულება ამის ერთ-ერთი მაგალითია: დღეს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესს არეგულირებს, სიმბოლურია, და დედებს, მშობლებსა და ახალშობილებს არ სთავაზობს სრულფყოფილ სოციალურ დაცვას. განსაკუთრებით პრობლემურია კერძო სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობა, ვინაიდან სახელმწიფო კერძო სექტორს კანონით არ ავალდებულებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას და ამის სანაცვლოდ კერძო სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო სთავაზობს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას, რაც საარსებო მინიმუმიც კი არ გამოდის კანონით დადგენილი დეკრეტული შვებულების – 6 თვის განმავლობაში.

მით უმეტეს, ახალნამშობიარებ და მეძუძურ ქალს უფრო მეტი ზრუნვა და კვებითი კალორიები სჭირდებათ. არსებული დეკრეტის რეგულაციებით გათვალისწინებული ექვსი თვე კი ძალიან ცოტაა, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო ადგილის გარანტირებულობაზე დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ საჯარო სამსახურში მყოფ მამებს, ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუკი შვებულება არ გამოუყენებიათ დედებს, რაც ახალშობილზე 24 საათიანი ზრუნვის ურთულეს ტვირთს უმეტესად დედებს აკისრებს.  

სამუშაო ადგილზე დაბრუნების შემთხვევაშიც კი, დასაქმებული დედისთვის საქართველოში ისეთი ხანგრძლივი გრაფიკებია, რომ 40 საათიც კი ფუფუნებას წარმოადგენს. დიდი ხნით ახალშობილი ბავშვის დატოვების შემთხვევაში, მეძუძურ ქალებს გაუჭირდებათ საკმარისი რძის წარმოქმნა, ასევე გასათვალისწინებელია დედის და ახალშობილის მიჯაჭუვლობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ასევე ვაწყდებით დედების დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე აყვანისას, რადგან ყველას სჭირდება თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანი, რომელიც ყოველ დღე დამატებითი საათებით შეძლებს სამსახურში დარჩენას.

ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებებს, მამებსაც მიეცეთ ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების უფლება, და სამომავლოდ გაიზარდოს ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების დრო 6 თვიდან ორ წლამდე.

ბაღები

რაც შეეხება საჯარო ბაღებს, აქ უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საბავშვო ბაღები არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ბაღებში არ არის საკმარისი ადგილები და ყოველწლიურად 10 000-ობით აღსაზრდელი რჩება საბავშვო ბაღს მიღმა.

მასწავლებლებს უწევთ იმაზე მეტი ბავშვის მოვლა ვიდრე ფიზიკურად შესაძლებელია. შესაბამისად, რაც არ უნდა პროფესიონალები იყვნენ ბაღის მასწავლებლები, რომლებიც უმეტესად ქალები არიან, ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამდენ ბავშვთან გამკლავებას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენ, საკუთარ ბავშვებს აღსაზრდელად ვაბარებთ ბაღის თანამშრომლებს, რომელთა ხელფასიც 275 ლარიდან საუკეთესო შემთხვევაში 660 ლარამდე მერყეობს, რაც სრულიად არ შეესაბამება მათ უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციასა და როლს და არ უზრუნველყოფს, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მოვიდნენ კვალიფიციური კადრები.

უფრო მეტიც, ბაღების და სკოლების გრაფიკი არ ემთხვევა სამსახურების დაწყებისა და დასრულების დროს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლებაა ჩვენთვის. ჩვენ მოვითხოვთ, მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც გვქონდეს – ერთი საათი სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დროს, რათა შეგვეძლოს ჩვენი შვილების ბაღებში/სკოლებში უსაფრთხოდ მიყვანა და გამოყვანა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაიზარდოს ბაღების სახელმწიფო დაფინანსება და გახდეს ის ხელმისაწვდომი ყველასთვის.  

და ისინი არსებობდეს 6 თვიდან ორ წლამდე.

გარემო

ოჯახი თავისთავად ვალდებულია თითოეული წევრის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნოს და შეუქმნას მას შესაფერისი გარემო, თუმცა ამასთანავე ვალდებულია საზოგადოებაც და სახელმწიფოც. უფრო ფართო ჭრილში ამ ფუნქციებს ასრულებს ჯანდაცვა, ტრანსპორტი, პარკები, სკოლები, ჰაერი, ქუჩები ქალაქში და სხვა. თითოეულზე ხელმწისავდომობა მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას პირდაპირ განაპირობებს და აქვს გავლენა ადამიანის პროდქტიულობაზე.

ჩვენ გამოვდივართ სპეციალური საჭიროების მქონე ხალხისთვის და დედებისთვის, რომლთაც ძალიან უჭირთ ბავშვების ეტლით გადაადგილება. ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა არ პასუხობს მათ საჭიროებებს. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები გარემო. განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ბავშვები და მოზარდები ვერ ექვემდებარებიან დღის ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ზრუნვის პროგრამებს. ამ სემთხვევაში, ხშირად დედები არიან, ვინც მათზე ოჯახებში ზრუნავენ, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ ვითხოვთ ამ მდგომარეობაში მყოფი დედების ფულად დახმარებას, რადგან ისინი მოწყვეტილი არიან შესაძლებლობას უზრუნველყონ თავიანთი და ოჯახის  სრულფასოვანი ცხოვრება საკუთარი შრომის საფუძველზე.

ჩვენი, ქალების ერთ-ერთი მოთხოვნა განათლების სისტემას და მისი ხარისხის ამაღლებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების სისტემა არამხოლოდ ზოგად და სპეციფიურ ცოდნას აძლევდეს ადამიანს, არამედ უყალიბებდეს მას ფართო, სამოქალაქო ცნობიერებას. ჩვენ ვითხოვთ ამ მაგალითზე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საჯარო სიკეთის გაუმჯობესებას!

ჩვენ გამოვდივართ უკეთესი საჯარო ტრანსპორტის მოთხოვნით. საქართველოში ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ დგას. ჩვენ გვიჭირს გადაადგილება სამუშაო ადგილამდე, სახლამდე, საავადმყოფომდე და სხვა დანიშნულების პუნქტებამდე.  ავტობუსები, “მარშუტკები” და მეტრო გადაჭედილია; ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იშვიათად ან საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. ყოველ დღე ტყუილად გვეხარჯება დროც და ნერვებიც ტრანსპორტის გამო. ტრანსპორტიდან გადმოსულს გვხვდება დანგრეული ქუჩები, ორმოებით და მანქანებით სავსე ტროტუარები, სადაც თუ ფრთხილად არ ვიარეთ და ზემოთაც არ ვიყურეთ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შენობიდან ჩამონგრეულმა ნაწილმა გვიმსხვერპლოს.  ქალაქში ყოველდღიური გასვლა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკია.

საბინაო პოლიტიკა

სახლებში დაბრუნებულებს გვხვდება ჩვენი დიდი ოჯახები. რადგან ძირითადად ერთ სახლში მრავალი სული ცხოვრობს, ჩვენ იშვიათად გვაქვს ჩვენი ადგილი. თავად შენობები ავარიულია, ხშირად ლიფტი არ მუშაობს, ან ფუჭდება, სადარბაზოებში კედლებიც ნელ-ნელა ინგრევა, შიდა ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაურემონტებელია. შეიძლება ჩვენს სახლში წესრიგში იყოს გაყვანილობა და სისტემები, თუმცა თავად კომუნალურების ინფრასტრუქტურაა გაუმართავი. ახალ ამბებში ხშირად ვიგებთ გაზის გაჟონვის ან შენობების აფეთქებების შესახებ ინფორმაციას. სახელმწიფოს მოვალეობაა უსაფრთხო და გამართული გაზისა თუ სხვა საჭიროებების მიწოდებაზე კონტროლი. კომუნალური გადასახადები იზრდება მაშინ როდესაც ჩვენი შემოსავალი მცირდება; მცირდება ასევე ჩვენი უსაფრთხოების განცდა.

სახელმწიფომ ასეთი საჯარო სიკეთეები ხარისხიან საცხოვრებელთან ერთად უნდა უზრუნველყოს. როგორ ვიქნებით პროდუქტიული და სრულფასოვანი მოქალაქეები, თუ სახლში მუდმივად ინფრასტრუქტურული პრობლემები გვექნება? ან არ გვაქვს საცხოვრებელი ადგილი, ან გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ან იმდენს ვიხდით ქირაში ან იპოთეკაში, რომ ჩვენი მთელი ცხოვრების ხარისხს აზიანებს გადაუხდელობის დარდი და შემოსავლის დაკარგვის შიში, რომელსაც შესაძლოა გამოსახლება მოჰყვეს. ჩვენ გამოვდივართ 8  მარტს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის მსაწესრიგებლად. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო საბინაო პოლიტიკას, რომელიც ყველას ღირსეული საცხვორებელით უზრუნველყოფს!

სუფთა ეკოლოგია

ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია! მშენებლობებისა და ტრანსპორტის მატებას ქალაქის ხეებიც ვერ უმკლავდება. გარეთ გასვლა შეუძლებელია. ქალაქში არ არის საკმარისი პარკები და რეკრეაციული ზონები. მთავრობას ჩვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაცვლად, ურჩევნია ბიზნესსა და სწრაფ მოგებაზე იფიქროს. ასეთ შემთხვევაში სწრაფი განვითარება კი ნიშნავს – ეს არის მოსახლეობის 1%-ის გამდიდრება, რომელიც მიდის სხვა ქვეყანაში უკეთესი ჰაერისთვის, გარემოსთვის. ჩვენ კი ვრჩებით დაბინძურებულ ქვეყანაში, ვყრუვდებით მშენებლობის ხმაურით და დანევროზებულები აგრესიას ერთმანეთისადმი გამოვხატავთ.

ჩვენ ვითხოვთ სუფთა საკვებს. რეგულაციების ნაკლებობამ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა და სიღარიბემ განაპირობა დაბალხარისხიანი საკვების მიწოდება. უცხოეთიდან შემოდის იაფი და დაბალხარისხიანი საკვები, რომელსაც ადგილობრივი პროდუქტი, ფერმერის მოყვანილი, კონკურენციას ვერ უწევს, შესაბამისად ჩვენი ჯანსაღი საკვები ძირითადად ექსპორტზე გადის სხვებისთვის. ექსპორტზე ორიენტირებულმა ბაზარმა, შიდა მოთხოვნები ჩაკლა, რადგან ჩვენ არ ვართ გადახდისუნარიანი “მომხმარებლები.”

ბავშვები

ჩვენ 8 მარტს ბავშვებისთვის გამოვდივართ. სახელმწიფომ ბავშვები პრიორიტეტად უნდა დააყენოს. უნდა შექმნას სპეციალური პროგრამები ბავშვთა კვებაზე, საცხოვრებელსა და ტანსაცმელზე. ჩვენს შვილებს სჭირდებათ საბავშვო კულტურის განვითარება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღების მაგივრად სხვა რამით გაერთონ. ჩვენ გვჭირდება ხელი შევუწყოთ მათ თვითგამოხატვას, ვიზრუნოთ მათ ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაზე. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და პროდუქტს, რისთვისაც აუცილებელია ბავშვებისთვის შექმნილ პროდუქტებზე (სათამაშოები, ტანსაცმელი, საკვები, სასკოლო ნივთები) შემოწმების მაღალი სტანდარტების დაწესება.

პენსია

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ღირსეული პენსიისთვის. ერთადერთი გონივრული კანონი ქვეყანაში ქალთა საპენსიო ასაკზე გვაქვს, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ საბაზისო პენსია! პენსია არის ხელფასის გაგრძელება, რომელზეც სიბერეში უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რათა შრომისუუნარობის დროს გადავრჩეთ. სამწუხაროდ, დღევანდელი პენსია არც არის საკმარისი გადარჩენისთვის, მითუმეტეს ღირსეული ცხოვრებისთვის.  სახელმწიფო პენსიის რეფორმა არ პასუხობს პენსიის დანიშნულებას და აუცილებლად უნდა გადაკეთდეს სოლიდარობის სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პენსიის რაოდენობა იქნება დამოკიდებული ღირსეული სტანდარტების ქონაზე და არამხოლოდ ინდივიდუალური შენატანების რაოდენობაზე. ჩვენ ვითხოვთ, საშინაო შრომა და თვითდასაქმებულთა შრომა (საოჯახო მეურნეობა, მიწის ნაკვეთის ქონა) აუცილებლად ჩაითვალოს სამუშაო გამოცდილებაში.

ჯანდაცვა

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ხარისხიანი ჯანდაცვისთვის! ექთნები, რომლებიც ძირითადად არიან ქალები, უდიდესი დატვირთვის ფონზე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა. ქალების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი. ჯანმრთელობის დაზღვევა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს რის წინაშეც ქალები დგანან. რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ქალთა დიდი ნაწილისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. ქალები ხშირ შემთხვევაში იძულებით ამბობენ უარს შვილის ყოლაზე მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო,  გამართული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და ღირსეული დეკრეტული შვებულების არარსებობის გამო. ჰიგიენური, რეპროდუქციული და ბიო-ფსიქოლოგიური საჭიროებების შესახებ განათლების აუცილებლობა უგულვებელყოფილია, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე და საშუალებებზე ხელმისაწვდომობის არ არსებობას. ჩვენ ვითხოვთ სკოლებში შესაბამისი განათლების ოპტიმიზაციას.

როგორც სახელმწიფო ასევე კერძო დაზღვევა ვერ სთავაზობს ქალებს სათანადო მომსახურებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მიუხედავად იმისა რომ ქალები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთნებიან. ამასთანავე აღსანიშნავია რომ დღითიდღე მატულობს მკერდის და საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. არსებობს უფასო სკრინინგ პროგრამები, რომელიც ამ სერვისს მხოლოდ კონკრეტული ასაკიდან სთავაზობს ქალებს, რაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებულია. პრივატიზაციამ და ექსპორტზე ორიენტირებულმა (სამედიცინო ტურზმის განვითარება) ჯანდაცვამ პრიორიტეტად სწრაფი მოგება აქცია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიური და პრევენციული მკურნალობა არ არის ბიზნესისთვის მომგებიანი. ჩვენ ვითხოვთ გახდეს პრიორიტეტული პრევენციული მკურნალობა, გაკეთდეს მეტი აქცენტი სხვადასხვა სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც ქალთა ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს. შეიქმნას ჯანდაცვის სერვისები, რომლებიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვას გახდის ხელმისაწვდომს ყველა ქალისთვის.

ჩვენ ვითხოვთ ანაზღაურებადი ბიულეტინი არამხოლოდ დასაქმებულის, არამედ მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობისთვისაც გაიცეს, რადგან უმეტესად ქალები უვლიან ბავშვებს და ქრონიკულად/დროებით ავადმყოფ ოჯახის წევრებს.

ქალები რეგიონში

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღე მამლის ყივილამდე იღვიძებენ, უვლიან საქონელს, ხილ-ბოსტნის ბაღჩებს, ვენახებს, სახნავ-სათესებს, ხშირად ტონობით წყალს ეზიდებიან ჭიდან ან სოფლის წყაროდან სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად თუ სარეცხისთვის. ამზადებენ სადილს, ვახშამს, მხოლოდ დაბნელებულზე შედიან სახლში და ტელევიზორთან ჩაძინებულ ოჯახის წევრებს დასაძინებლად ისტუმრებენ. მათი ყოველდღიურობა მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება, რომელზეც ოჯახების გადარჩენა და გამოკვება დგას, რადგან კაცები მხოლოდ სტუმრები არიან სახლში!

კულტურა და ხელოვნება

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ ქალებისთვის, რომელთაც არანაირი ხელმისაწვდომობა არ აქვთ თეატრზე, კინოზე, გამოფენებსა თუ კონცერტებზე და რომლებმაც სამუდამოდ დაივიწყეს, რომ სულსაც ისევე სჭირდება საზრდო, როგორც სხეულს. ქვეყანაში სადაც კულტურის ხელშეწყობა დაყვანილია ახალი წლის კონცერტების დაფინანსებაზე, ხოლო ხელოვნების განვითარება აღქმულია როგორც ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკებისთვის ვარსკვლავის გახსნა, არ ტოვებს იმედს, რომ პოლიტიკა ოდესმე მოიცავს და დაინახავს უბრალო ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. დღეს სხვა მრავალ უფლებასთან ერთად ქალებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ და განავითარონ ნიჭი ან მინიმალური სიამოვნების მიღების ნება დართონ საკუთარ თავს. ქვეყანაში აღარ არსებობს მუნიციპალური კინო-თეატრები, მათ ადგილას ან სასტუმრო შენდება ან კაზინოებია მოწყობილი, რეგიონებში არ ფუნქციონირებს კულტურის ცენტრები და ყოველივე ამის ფონზე ქალებს გვრჩება მხოლოდ ოცნება, რომ TBC სტატუს კლიენტებისთვის ჩამოყვანილი მეგა ვარკსვლავის კონცერტზე ოდესმე შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ.

მასმედია

დღეს მედია ადამიანს განიხილავს, არა როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს, არამედ, ცალსახად, როგორც ამომრჩეველს. საზოგადოება განიცდის საგანმანათლებლო ფოკუსის მქონე, მიუკერძოებელი და ობიექტური მასმედიის დეფიციტს. ფაქტია, რომ ისეთი მოთხოვნადი მედიასაშუალება, როგორიცაა ტელევიზია, (ხოლო მასში გასაკუთრებით გამოვყოფდით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც დაფინანსებული და გამოკვებილია ქვეყნის მოსახლეობის მიერ), მასთან ერთად რადიო და ჟურნალ-გაზეთები, ორიენტირებულნი არიან ე.წ ‘’ყვითელი’’ ამბების, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირებისა და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების  იმგვარად გაშუქებაზე, რომ შეუძლებელია ადამიანმა შეძლოს მიღებული ინფორმაციის ობიექტურად აღქმა და გაანალიზება. ჩვენ მოგვეწოდება მზა, სუბიექტური, ე.წ ‘’შეფუთული’’ ინფორმაცია პოლიტიკოსების, ექსპერტების, ბიზნესმენების და სხვათა პირით და არსად ჩანს ამ მოვლენათა კრიტიკული ანალიზი, რაც, რეალურად, წარმოადგენს ჟურნალისტიკის უპირველეს მიზანს.

ჩვენ ვითხოვთ, მედიამ დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს მას დღევანდელ საქართველოში, სადაც საზოგადოება  სტრესის ქვეშაა ქვეყანაში არსებული კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის გამო. მედია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით,  ეთნიკური უმცირესობებისა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების აზრს უნდა გამოხატავდეს და აჟღერებდეს მას არა მხოლოდ ქვეყნის ფართო მასებსა და სახელმწიფო მმართველობის ზედა ეშელონებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. შეუფასებელია მასმედიის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, არ არიან ჩართულნი აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში, შესაბამისად, მედია მათთვის  წარმოადგენს ერთგვარ შუამავალ, დამაკავშირებელ რგოლს საზოგადოებასა და გარესამყაროსთან და იცავს მათ ინფორმაციული ვაკუუმისგან.

მარტოხელა დედა

მარტოხელა დედები განსაკუთრებელად წვალობენ საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ყველა მარტოხელა დედა ვერ იღებს და ტერიტორიული შერჩევით ხდება მათი მინიმალური დახმარება, რომელიც არსებობისთვისაც არასაკმარისია.

ჩვენ გამოვდივართ მარტოხელა დედებისთვის, და ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან უკეთესი პოლიტიკის შემუშავებასა და მხარდაჭერას. დასაქმების ხელშეწყობას, ფინანსური/კვებითი/ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას, არამხოლოდ ერთჯერადად არამედ გარკვეული პერიოდის ინტერვალებით. უსახლკაროდ დარჩენილ მარტოხელა დედებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას. ჩვენ ვითხოვთ დიდ ქალაქებში მუნიციპალური საცხოვრებლის პროგრამების შემუშავებას! მარტოხლა დედებისთვის უნდა შემუშავდეს გარკვეული საკანონმდებლო უზრუნველყოფნა, რომლის შესაბამისად მათთვის გარანტირებული იქნება ისეთი პრივილეგიები როგორიცაა: მოქნილი სამუშაო განრიგი (ბავშვის ან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე), ნახევარ განაკვეთზე მუშაობის საშუალება, ხანგრძლივი სადეკრეტო შვებულება (ხელფასის  და სამუშაო ადგილის შენარჩუნებით), მარტოხელობის სტატუსის გამო სამსახურში დაქირავების დროს დისკრიმინაციისგან დაცვა, მარტოხელა დედების საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება, მათი შვილების ბაგა-გაღებით და უფასო მკურნალობით უზრუნველყოფა, შემუშავდეს ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის საჭირო მუნიციპალური პროგრამები და ა.შ.

8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა.

ჩვენ 8 მარტს გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის! არ არსებობს უმუშევარი ქალი!

მანიფესტს მხარს უჭერენ:

EMC – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;

“ერთობა 2013” – თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი;

საინიციატივო ჯგუფი – სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის;

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები;

28 იან

ხელისუფლება როგორც ტიტო ვოტსი

ავტორი: დავით ომსარაშვილი,”სოლიდარობის ქსელის” წევრი

არცთუისე დიდი ხნის წინ  რომელიღაც სტატიაში წავიკითხე, რომ  ზიმბამბველი მღვდელი ტიტო ვოტსი „სამოთხის ბილეთების“ გაყიდვის გამო დააკავეს. რატომღაც ეს ადამიანი გამახსენდა სწორედ მაშინ, როდესაც ვაპირებ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დავწერო.

Read More

16 ივლ

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოხმაურება ტყიბულის შახტებში მომხდარ საწარმოო შემთხვევაზე

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გამთენიისას კიდევ ერთი საწარმოო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მათგანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა. გასულ 3 თვეში, ეს ტყიბულში მომხდარი მესამე საწარმოო შემთხვევაა, რომელმაც 12 ადამიანის დაღუპვა და 9 ადამიანის მძიმედ დაშავება გამოიწვია.

Read More

27 ივნ

ილონა სკამკოჩაიშვილის ისტორია – რა გზებით და რამდენს პარავს „ნიკორა” ილონას და სახელმწიფოს?

ილონა სკამკოჩაიშვილი ნიკორას” მაღაზიათა ქსელში უკვე 8 თვეა მუშაობს. მას საკუთარი მოვალეობების შესრულების გარდა, უწევს დამლაგებლის და დაცვის ფუნქციის შეთავსება, აქვს მძიმე სამუშაო გრაფიკი, სისტემატიურად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც კომპანია შესაბამისად არ ანაზღაურებს. მას ყოველთვიურად უწევს საკუთარი ხელფასიდან მაღაზიის დანაკლისების დაფარვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აისახება ილონას ხელფასიდან მოპარულ ფულში.

Read More

23 ივნ

შორენა ლობჟანიძის ისტორია – რა გზებით და რამდენს პარავს „ნიკორა” შორენას და სახელმწიფოს?

შორენა ლობჟანიძე ნიკორას” მაღაზიათა ქსელში უკვე 8 თვეა მოლარედ მუშაობს. მას საკუთარი მოვალეობების შესრულების გარდა, უწევს დამლაგებლის და დაცვის ფუნქციის შეთავსება, აქვს მძიმე სამუშაო გრაფიკი, სისტემატიურად უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, რასაც კომპანია შესაბამისად არ ანაზღაურებს. მას ყოველთვიურად უწევს საკუთარი ხელფასიდან მაღაზიის დანაკლისების დაფარვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აისახება შორენას ხელფასიდან მოპარულ ფულში.

Read More

18 ივნ

რა არის „მოპარული ხელფასი”?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

 

„ზარალის ანაზღაურება “კოლექტიური სოლიდარობის პრინციპით” მოხდება”

„მაღაზიას კადრი აკლია, უკან უნდა დაბრუნდე”

„მოპარული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„ვადაგასული საქონლის ღირებულება X ლარს შეადგენს”

„მაღაზიას დაცვა არ ჰყავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სალაროსთან წითელ ღილაკს დააჭირეთ”

Read More

26 მარ

რა ხდება აგარაში? – მშრომელების ადგილი აქ არ არის

ავტორი: რევაზ კარანაძე„სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

საქართველოში მოქმედი ერთადერთი შაქრის ქარხანა, „აგარის შაქარი” გაჩერდა. დაახლოებით 6 თვეა, რაც 500 ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი. დაბაში არ არსებობს სხვა დასაქმებისა თუ შემოსავალის წყარო. მთელი დაბა სოციალურ კატასტროფამდეა მისული. ხალხს აღარ აქვს საჭმლის შესაძენი საშუალება. მშრომელები ცდილობენ, რომ ხელისფულებისა და ქარხნის ადმინისტრაციის ყურადღება მიიქციონ, რათა მიეცეთ მათ მუშაობის უფლება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

Read More

02 მარ

ვინ მოამზადებს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს?

ავტორი: ნენო ჩარკვიანი, „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” წევრი

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის საბოლოო განხილვა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო რედაქცია, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში, არ წარმოადგენს იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენთვის იქნებოდა მისაღები და დააკმაყოფილებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას, ფაქტია შრომის ინსპექციას დასჭირდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რათა საწარმოების გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმება შეძლოს. აღსანიშნავია, რომ საწარმოთა რიცხვი ათობით ათასი, ხოლო ინსპექტორთა რიცხვი მხოლოდ ათეულია.

Read More