03 აგვ

რატომ გვძულს ერთმანეთი

ავტორი: სოფო ჯაფარიძე

ოთხი მაგალითი იმისა, თუ როგორ გვაქცევს ცუდი სოციალური პოლიტიკა ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად

ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის მომსწრენი ან მონაწილენი. თითქოს ერთმანეთის მიმართ ნდობა, ერთმანეთის მოსმენის, ერთმანეთის გასაჭირის გაზიარების უნარი, არ გაგვაჩნია. ზოგი ამ ყველაფერს ჩვენს ფიცხ ხასიათს, სამხრეთულ ტემპერამენტს უკავშირებს, ზოგიც ამპარტავნებას. მაგრამ მთავარი მიზეზი სახელმწიფო და მისი ცუდი სოციალური პოლიტიკაა. მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ოთხ მაგალითს.

სახლში

ყველგან, სადაც მე ბოლო წლების განმავლობაში თბილისში მომიწია ცხოვრება, სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობდა. არასდროს ვიცოდი როდის იწყებოდა და როდის მთავრდებოდა სამუშაოები. შეიძლება კვირა დილით ბურღის ან ტრაქტორის ხმას გაეღვიძებინე, ორშაბათს ჩაგძინებოდა და სამშენებლო სამუშაოები არ შემწყდარიყო. გაუთავებელი ხმაური მთელი დღის განმავლობაში არა მხოლოდ ანგრევდა ჩემს ნერვიულ სისტემას, მართმევდა ძილს და მხდიდა არათავაზიანს გარშემო მყოფების მიმართ, არამედ ახდენდა გავლენას ჩემს პროდუქტიულობაზეც. როდესაც მოთმინება ამომეწურებოდა და გაბრაზებული მივვარდებოდი მეზობელს, ან და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს, ყოველთვის ვიღებდი ერთ პასუხს: „მაშინ დავიწყებ და დავამთავრებ, როდესაც მე საჭიროდ ჩავთვლი“.

ამან მიბიძგა მეფიქრა, თუ როგორ ანგრევს რეგულაციების არ არსებობა ურთიერთობებს. როდესაც რეგულაციები არ არსებობს ან სუსტია, ყველაფერი მთავრდება ერთმანეთთან საქმის გარჩევით. ასეთი სტრესის პირობებში, ჩვენ არც მოთმინება გვაქვს და არც დრო საუკეთესო გამოსავალი ვეძებოთ ერთად. ამიტომ, როცა არც ერთ მხარეს არ შესწევს უნარი კომპრომისისა, ყველაფერი მთავრდება ჩხუბით, ყვირილით და ფიზიკური დაპირისპირებითაც კი. სწორედ ეს აყალიბებს სიძულვილს ერთმანეთის მიმართ. ყოველი ასეთი გამოცდილება ჩვენ გვაქცევს უფრო უხეშებად და დაუნდობლებად. ემოციურად ასეთ დატვირთულ გარემოში, მსოფლიოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასეთი შემთხვევბის დროს ჩვენი ერთმანეთის პირისპირ დატოვება და პასუხისმგებლობის გადმობარება ჩვენ მიგვიყვანს ურთიერთგანადგურებამდე.

სამუშაო ადგილზე

სოლიდარობის ქსელის ბოლო წლების საქმიანობის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ გაუხსნა შეუსაბამო შრომის კანონმდებლობამ და აღსრულების მექანიზმების არარსებობამ გზა ბიზნესს სხვადასხვა კრეატიული თუ ნაკლებად კრეატიული გზებით მოეხდინათ მშრომელების ექსპლუატაცია და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება. თითქმის ყველა სუპერმარკეტის ქსელი აქტიურად იყენებს „სოლიდარული პასუხისმგებლობის“ ჩანაწერს შრომით ხელშეკრულებებში. საქაონლის ქურდობის, დაზიანების თუ ვადის გასვლის შემთხვევაში ზარალი უნდა აანაზღაურონ დასაქმებულებმა საკუთარი ხელფასიდან, რეალურად არა ერთმანეთის, არამედ კომპანიის მიმართ „სოლიდარობის“ გამოსახატად. შრომის კოდექსი დამსაქმებელს აძლევს უფლებას დასაქმებულს ჩამოაჭრას 50% პროცენტი ხელფასიდან. რაც ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება დანაკარგის შემთხვევაში 50 % პროცენტი ჩამოაჭრან არ მხოლოდ მათ, ვინც ის გამოიწვია, არამედ ყველა თანამშრომელს, ზარალის მაქსიმალური ანაზღაურების მიზნით. ანუ, მთელი დანაკარგის კომპენსაციას დამსაქმებელი ახდენს თანამშრომლების ხელფასის მოპარვის საფუძველზე. 

თუ დასაქმებულები კომპანიის ზარალს ინაწილებენ, რატომ არ უნდა გაინაწილონ კომპანიის მოგება?! ამ კითხვის გაჩენის მაგივრად, დასაქმებულები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ან პიროვნებას, რომელმაც რაიმე მოიპარა. მაგალითად, დასაქმებულებმა გამოიძახეს პოლიცია, როცა პენსიონერ კაცს „ქურდობაზე“ შეასწრეს. როდესაც მე ვკითხე მათ, თუ რატომ შეატყობინეს პოლიციას განადგურებული, უმწეო მოხუცის შესახებ, მათ მიპასუხეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ზარალი საკუთარი ხელფასიდან უნდა აენაზღაურებინათ. ათმა პოლიციელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოვიდა, აღმოაჩინა, რომ მოხუცს მხოლოდ ერთი პური, ჩაი და შაქარი აეღო. თუ მოხუცს სიღარიბემ აიძულა „მოეპარა“ ოთხი ლარის საკვები, მას უკვე ახლა ღირსებაც შეელახა იმ სცენის გამო, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მოაწყვეს. ძალიან დამთრგუნველი იყო ამის ნახვა.

დასაქმებულების თვიური ხელფასი 300-400 ლარია თვეში. ისინი ამისთვის კვირაში 60 და მეტ საათს შრომობენ. აქედან დიდი ნაწილი კომპანიის დანაკარგის დასაფარად მიდის

(რომელიც ყველა ქვეყანაში, ყველა სავაჭრო ობიექტს ყოველ თვე აქვს). მიუხედავად ამისა, თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ეს როგორც მათი ინდივიდუალური, ისე კოლექტიური უუნარობის ბრალია. და თუ ისინი უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებენ, ხელფასების ჩამოჭრა შეწყდება, რაც, რა თქმა უნდა, არასდროს მოხდება. 

ამგვარად თანამშრომლებს ერთი რამ დარჩენიათ, ჩააბარონ გაღატაკებული მოხუცი პოლიციას, რათა ხელფასებიდან თანხის ჩამოჭრა დასრულდეს.

ავტობუსში

როდესაც თბილისში ვიზრდებოდი, ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ტრანსპორტში მოხუცისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის პირისთვის და ფეხმძიმესთვის ადგილი უნდა დამეთმო. ეს თაობათა შორის სოლიდარობისა და შეზღუდული შესაძლებლობის გარეშე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შორის თანადგომის ერთგვარ დაუწერელ კანონს წარმოადგენდა. მოდით ვნახოთ, თუ რა ემართება სოლიდარობის ამ გრძნობას, როცა ავტობუსი სავალალო მდგომარეობაში, ყოველთვის გადაჭედილია და ლოდინის ინტერვალები აუტანლად დიდია. ადგილის დათმობით სოლიდარობის გამოხატვა ხდება იმ „განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ყველა ადგილი დაკავებულია“. მაგრამ როცა, ავტობუსში , მეტროში არა თუ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არამედ ყოველდღე, ყოველ საათს ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის, თუ ახალგაზრდა ხარ, ნიშნავს, რომ შენ ვერასოდეს დაჯდები, ვერასოდეს. თუ მოახერხე და შეგხვდა ადგილი, შემდეგ გაჩერებაზე მაინც მოგიწევს მისი დათმობა. ეს იწვევს უსამართლობის განცდას ახალგაზრდებში, რაც საბოლოო ჯამში გულგრილობაში გადაიზრდება. თუ ახალგაზრდამ სწორედ უკვე ჩამოყალიბებული გულგრილობის გამო არ დათმო ადგილი, მოხუცები მაშინვე იწყებენ მის გაკიცხვას, როგორც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი სიუხეშისა და უზრდელობის გამო. ხდება თაობათა შორის სოლიდარობის თაობათა შორის აგრესიით ჩანაცვლება. 

როცა ავტობუსი გადავსებულია, კონტოლიორი გვამოწმებს, გადავიხადეთ თუ არა ბილეთის საფასური. მთავრობა უნდა დარწმუნდეს რომ ჩვენ ჩვენის მხრივ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას და ვყიდულობთ სამგზავრო ბილეთს (თუ არ ვიყიდით დაგვაჯარიმებენ), მაგრამ ასრულებს თუ არა მთავრობა მის ვალდებულებას უზრუნველყოს მოქალაქეები სუფთა, კომფორტული ტრანსპროტით, რომელსაც საათები არ უნდა ელოდო, შიგნით რომ მოხვდე. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ჩვენში ძალას, ვაიძულოთ მთავრობა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, მგზავრების, მძღოლებისა, კონტროლიორების, ახალგაზრდებისა და მოხუცების, ანუ ჩვენი ერთმანეთის მიმართ გულისწყრომა კიდევ უფრო გაღრმავდება.

იქ, სადაც ყველაზე უფრო გვიჭირს

ბოლო მაგალითი საქართველოში ყველაზე უფრო შეურაცყოფილ ადამიანებზე, სოციალურ აგენტებზე მოგვითხრობს. სოციალური აგენტები არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომელთაც ევალებათ გადაამოწმონ ის შინამეურნეობები, რომლებიც სოციალურ დახმარებას ითხოვენ. სოციალური აგენტები მიყვებიან სოციალური სააგენტოს განაწესს, რომლის მიხედვითაც ხდება იმ ოჯახების დადგენა, რომელთაც ეკუთვნით დახმარება. მათ არ გააჩნიათ უფლებამოსილება საკუთარი შეფასების საფუძველზე მიანიჭონ სოციალურად დაუცველის სტატუსი ოჯახს, არამედ მიყვებიან სოციალური სააგენტოს მიერ დადგენილ სისტემას. ბუნებრივია, რომ სოციალური აგენტები ემპათიით იყვნენ განწყობილი ოჯახების მიმართ და იყვნენ მიდრეკილი უფრო მარტივად დაენიშნათ სოციალური დახმარება. სააგენტომ, ემპათიის ფაქტორის გამოსარიცხად, სოციალურ აგენტებს ჩამოართვა გადაწყვეტილების მიღების უფლება და მათ ვალდებულებად მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება დატოვა. ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. თუ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში რაიმე ცდომილება დაფიქსირდა, აგენტებს უწევთ ჯარიმის გადახდა. მათ ხშირად ხელფასიდან ჯარიმის სახით 50 % -ს აჭრიან. მოქალაქეები, რომლებმაც ალღო აუღეს კრიტერიუმების არსებულ სისტემას, ცდილობენ მოარგონ საკუთარი მდგომარეობა ამ კრიტერიუმებს სოციალური დახმარების მარტივად მისაღებად. სოციალური აგენტები იძულებული არიან დეტალურად გადაამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია რომელსაც მათ ოჯახები აწვდიან. შეცდომის დაშვების შემთხვევაში მათ სამსახურში ემუქრებათ როგორც ვერბალური, ისე ფინანსური სასჯელი. არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ დახმარების მიმღები ოჯახები სოციალური აგენტების, ხოლო სოციალური აგენტები სიდუხჭირეში მყოფი ოჯახების მოწინააღმდეგეებად აქცია.

ოჯახებს, რომლებიც არ ითვლებიან საკმარისად უმწეოდ, ან ვერ აკმაყოფილებენ არსებულ კრიტერიუმებს და ვერ იღებენ სოციალურ დახმარებას, ერთი რამ რჩებათ – მთელი აგრესია სოცილურ აგენტებზე მიმართონ, შეურაცყონ, და არც თუ იშვიათად, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად მათი მიზერული ანაზღაურებისა (300-400 ლარი თვეში) მძიმე შრომის პირობებისა, რაც პირდაპირ კავშირშია არსებულ სოციალურ პოლიტიკასთან, სოციალურ აგენტებს უფორმებენ ერთთვიან შრომის ხელშეკრულებებს, რათა სამუშაოს დაკარგვის შიშით უზრუნველყონ მათი დუმილი და მორჩილება. ცნობისათვის, ხშირად სოციალური დახმარების მოცულობა აღემატება სოციალური აგენტების ხელფასს. მიუხედავად ამ მძიმე პირობებისა, სოციალური აგენტები თითქმის ყველა მხრიდან ხდებიან თავდასხმის მსხვერპლი, არა და კრიტიკის მთავარი ადრესატი სახელმწიფოს ცუდი სოციალური პოლიტიკა უნდა იყოს. ამიტომ, მათ შრომის ღირსეული პირობებისთვის ბრძოლაში საჯარო მხარდაჭერის იმედი დაკარგული აქვთ.

ცხადია, კიდევ უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება. მაგრამ ყველა ამ მაგალითს ერთი საერთო აქვს – ცუდი სოციალური პოლიტიკა. სოციალური პოლიტიკა, სადაც სახელმწიფო არ არსებობს, ან არსებობს იმისთვის რომ უძლურები ერთმანეთს გადაჰკიდოს და დასაჯოს, ძლევამოსილების მაგივრად.