24 იან

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას

17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის  ამერიკულმა კომპანიამ “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დედოფლისწყაროში დასაქმბული 80 – ზე მეტი თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა.  მანამდე, ნოემბერში, დასაქმებულებმა ამერიკის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ორი წლის განმავლობაში დაგროვილ 11 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.  დასაქმებულების მიერ გამოხატული საჯარო პროტესტის  მიუხედავად, კომპანიამ არ დააკმაყოფილა მათი სამართლიანი მოთხოვნა, მეტიც   წინა საახალწლოდ 80-ზე მეტი თანამშრომელი  სამსახურიდან დაითხოვა. ამასთანავე, გათავისუფლებული მშრომელებისთვის კომპანიას ბოლო სამი თვის ხელფასი ანაზღაურებული არ ჰქონია.

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2015 წლამდე ის ნაკლებად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას.  მას შემდეგ რაც კომპანიამ დედოფლისწყაროში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენისა და მისი ახალი მეთოდებით მოპოვების შესახებ განაცხადა, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა ბიზნეწრეების ყურადღება მიიპყრო. ამავე განცხადების თანახმად, რაიონში მათი მუშაობით, საქართველო  რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწევდა.


მათი განცხადების საპირისპიროდ კომპანიაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ისინი დღემდე საბჭოთა კავშირის დროინდელი აღჭურვილობითა და ძველი ინფრასტრუქტურის პირობებში მუშაობენ. სამწუხაროდ ასეთივე ვითარებაა წიაღისეულისა და სამთომოპოვებელ სფეროებში, სადაც სხვა, ეგრეთ წოდებული,  ახალი კერძო ინვესტორები ინარჩუნებენ იმ სავალალო სამუშაო გარემოს, რაც მათ აქამდე დახვადთ. 


ნაცვლად იმისა რომ კომპანიას სუფთა ექსპორტის მოცულობა გაეზარდა, სამი წელი  თავს არიდებდა მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ გაცხადებული რეზერვების მოპოვების მდგრადობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას. რასაც მოწმობს მხარეების მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებები. ამასთანავე, კომერციული საიდუმლოების შესახებ ჩანაწერი მთავრობას ბიზნესკონტრაქტების დეტალებზე საჯაროდ საუბარს უკრძალავს. 


გასათვალისწინებელია ის გამოცდილებები, რაც „ფრონტერასთან“ მიმართებით  სხვადასხვა სახელმწიფოს გააჩნია. აღნიშნული კომპანია მოხსნილი იქნა ლონდონის ბირჟიდან.   პირობების შეუსრულებლობის გამო  მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის სახელმწიფომ კომპანია „ფრონტერას“  ტენდერში გამარჯვების მიუხედავად გაზისა და ნავთობის მოპოვების შესახებ ხელშეკრულება შეუწყვიტა, მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ დასახელებულ  კომპანიას იგივე პრობლემები შეიძლება გამოეწვია, რაც საქართველოში.


ათწლეულებია, რაც დედოფლისწყაროში ადამიანები დასაქმებული არიან ნავთობის მოპოვების სფეროში. მუშაობდნენ მანამდეც ვიდრე კომპანია „ფრონტერა“ დაიწყებდა საქართველოში საქმიანობას. ეს საბადო იმ ცოტა ადგილთაგანია, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალას დღესაც საჭიროებს. წიაღისეულის მოპოვება ადგილზე არა მხოლოდ დასაქმებულების, არამედ დასაქმებულებთა ოჯახების შემოსავლის  ერთადერთი წყაროა. სხვა სტაბილური დასაქმების ადგილები დედოფლისწყაროში ფაქტობრივად არ არსებობს.  სწორედ ამ საბადოების გამო ადგილობრივები თავს მეტნაკლებად დაცულად გრძნობდნენ, მაშინ როცა საქართველოს რაიონების უდიდესი ნაწილი სამუშაო ადგილებისა და უპერსპექტივობის გამო ცარიელდება. მშრომელების ოჯახები ხელფასისა და საარსებო პირობების გარეშე არა ბუნებრივი რესურსების ამოწურვის, არამედ უცხოური კომპანიის დაუდევრობის გამო დანრჩნენ. რაც არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემაა. 


იმის ნაცვლად,  რომ კომპანიას ეზრუნა დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდაზე,  მან ფული ამერიკელ კონგრესმენ მარვეინ მალინს გადაუხადა, რათა მას მუქარის ღია წერილი მოეწერა საქართველოს მთავრობისთვის, სადაც მთავრობა დადანაშაულებული იყო უცხოური ბიზნესის, განსაკუთრებით „ფრონტერას“ საქმიანობის ხელის შეშლაში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას ამერიკელი კონგრესმენების მეშვეობით ემუქრება, რათა მშრომელებისა და საქართველოს რესურსების ექსპლუატაციის უფლება შეუზღუდავად მიიღოს.  მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი გარემოებების გამო მშრომელები და მათი ოჯახები უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგანან,  „ფრონტერა“ დღემდე  საბადოს მფლობელად რჩება.

ჩვენ მოვითხოვთ:

  • არა მხოლოდ დავალიანების, არამედ დეკემბრისა და იანვრის ხელფასის მყისიერ ანაზღაურებას მშრომელებისთვის.
  • ყველა დათხოვილი თანამშრომლის აღდგენას სამსახურში.
  • მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რათა კომპანია „ფრონტერამ“ შეწყვიტოს დედოფლისწყაროში საქმიანობა.

სოლიდარობის ქსელი 

“ერთობა” მეტროს პროფესიული კავშირი

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება