30 იან

სოციალური მუშაკების გათავისუფლების პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი.

2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 40-მდე სოციალურმა მუშაკმა (მათ შორის უფროსმა სოციალურმა მუშაკებმა) დამსაქმებლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან უწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება.

„შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში 2019 წლის 11 დეკემბრის ცვლილებების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის, ასევე საერთაშორისო შვილად აყვანის უფლება-მოვალეობები უნდა გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ამავე ცვლილებების თანახმად, ზრუნვის სააგენტომ საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

ტრეფიკინგის ფონდი ავრცელებს განცხადებას, რომ სოციალური მუშაკების შტატების რაოდენობის გაზრდა იგეგმება, რაც მიუთითებს იმას, რომ ახალ უწყებაში სოციალური მუშაკების საჭიროება დგას.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები წლებია დგანან უმძიმესი გამოწვევების წინაშე. ურთულეს და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ საზოგადოების კეთილდღეობისა და ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დასაცავად. ამავე სააგენტოს სოციალურ მუშაკთა 2019 წლის თებერვალში დაწყებული გაფიცვის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ სისტემაში კადრების დამატება იყო, ვინაიდან თითოეული სოციალური მუშაკი თვის მანძილზე საშუალოდ 100-150 შემთხვევაზე მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საქმეთა გონივრულ რაოდენობას.

კადრების სიმცირის გამო წუხილი არა ერთხელ გამოუთქვამს თავად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ისევე როგორც კანონშემქმნელებს, არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანზიაციებს.

სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლისთვის უნდა უზრუნველეყო 50 სოციალური მუშაკის დამატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი კადრების დამატება თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, სოციალური მუშაკის სამუშაოს გადატვირთულობის და შრომის დაბალი სტანდარტების გამო.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ დაითხოვეს სამსახურიდან 40-მდე კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკი. ასევე, გაურკვეველია რა კრიტერიუმით მოხდა ადამიანების შერჩევა და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაკების ზემოთნახსენებ კოლექტიურ დავაში და ნაწილი მათგანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვის ორგანიზებასა და საჯარო პროტესტის გამოხატვაში, რაც აჩენს ეჭვს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სწორედ პროტესტის გამო დაისაჯენ.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან:

  • დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდეობობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
  • უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩართულობა;
  • რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ (ახალი გაერთიანება)

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოლიდარობის ქსელი“
(ახალი გაერთიანება)

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „ერთობა 2013“
(ახალი გაერთიანება)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო