26 ივლ

ფოტოისტორია: ნათია ხუროძე

“მე ვარ ნათია ხუროძე, 29 წლის. ვმუშაობ თვალის კაბინეტში. “ოფთალ პლუსი” ჰქვია ორგანიზაციას. თუმცა ჩვენი ოჯახის საკუთრებაა. ბაბუაჩემის სახელობის არის, რომელიც ოფთალმოლოგი იყო. მამაც ოფთალმოლოგია, მეც. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.

რომ არა საოჯახო საქმიანობა, ალბათ, ჩემი მეგობრების მსგავსად, მეც საზღვარგარეთ წავიდოდი. იმ სფეროში, რაც მე მინდოდა (გარდა მედიცინისა), საქართველოში დაინტერსებას ვერ ვხედავ. ვერც შესაბამის ანაზღაურებას.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას: დასაწყისში უფრო რთული იყო. ბევრ ხალხთან გაქვს შეხება. როცა პაციენტია და რაღაც აწუხებს, უფრო სენსიტიურია. ფინანსურადაც, ყველას არ აქვს საშუალება და ეს ზოგჯერ მორალური დილემის წინაშე გაყენებს: სხვას ეხმარები და ამაში რაღაც თანხას იღებ. თუმცა, სხვა გამოსავალი ჩვენს რეალობაში არ არის. დიდი სურვილი მაქვს, სოციალური დაზღვევის ფარგლებში ადამიანებს მკურნალობის ყველა ხარჯი უფინანსდებოდეთ. არა მარტო პოლიკლინიკებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე, კერძო კომპანიებშიც. სოციალური პაკეტი ჩვენზე არ ვრცელდება. ზოგს აქვს კორპორატიული დაზღვევის პაკეტი. ჩვენი კონსულტაციისა და ფორმა 100 – ის საფუძველზე უნაზღაურებენ პაციენტებს ჩვენს მომსახურებას და ეს ძალიან კარგია. მაგრამ იჩაგრება ის გაჭირვებული ფენა, რომელსაც არ აქვს კორპორატიული დაზღვევის პაკეტი, აქვს დაბალი ხელფასი და მხოლოდ სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობს. ამ შემთხვევაში, სასურველი იქნებოდა, თუნდაც რაღაც ნაწილის დაფინანსება მათთვის. ან მედიკამენტების ხარჯების დაფარვა – განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევაში.

სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს. არც დრო და არც ენერგია აღარ მრჩება, მთლიანად ვიხარჯები ამ სფეროში. გარდა ამისა, ვცდილობ საკუთარი თავის განვითარებას. მომვალში მინდა ასპირანტურაზე ჩაბარება და გაგრძელება. გართობაში ბევრს არ ვხარჯავ. ჩემი მეგობრების უმრავლესობას ძალიან უყვარს ერთად დასხდომა თუნდაც ფინჯან ყავაზე, გასეირნება. იშვიათად – კაფეში შეკრება.

აქ ახალგაზრდები კაბალურ პირობებში არიან. ძალიან უჭირთ სამსახურის პოვნა. ბევრია პროფესია, რომლის კურსდამთავრებულიც მეტია, ვიდრე ამ პროფესიაზე მოთხოვნა. ჩემი მეგობრების უმეტესობა დღეს საზღვარგარეთ არის და იქ მუშაობს. ვინც მუშაობს საქართველოში, მეტ-ნაკლებად საშუალო, ან საშუალოზე დაბალი ანაზღაურება აქვს. შრომა მეტია, ვიდრე ანაზღაურება. ესეც, თუ სამსახური იშოვე. რთულია ასევე, სტაჟირებები. უასრულო. როცა მიდიხარ სამსახურში, არ გაქვს გარანტია, რომ ნამდვილად აგიყვანენ. ეს არის, უმეტეს შემთხვევაში სტაჟირება ანაზღაურების გარეშე. საბოლოოდ, სტაჟრების შემდეგ პიროვნებას არ იყვანენ სამსახურში და მთელი მისი შრომა იკარგება ფუჭად. თუმცა, გამოცდილებას იძენს ადამიანი. ეს მიმართულება მეტად უნდა გაკონტროლდეს. იმიტომ, რომ კერძო კომპანიები ხშირად, ბოროტად სარგებლობენ მძიმე სოციალური ფონით.

ამბობენ, თუ ადამიანი მოინდომებს, თუ მუშაობა არ ეზარება…მაგრამ ცოტა რთულია, ვინმეს მოსთხოვო, მაგალითად, დღეში 20,24 საათი იმუშაოს იმისთვის, რომ 10 ლარი აიღოს დღის გასამრჯელოდ. რომელიც მხოლოდ საკვებზე, ან სამგზავროდ შეიძლება ეყოს.

მთავრობას მოქალაქეები ვირჩევთ. მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში მთელს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს დავაკისრებდი. უკვე არის არჩეული მთავრობა, რომელსაც ენდო ქართველი ხალხი და მიანდო საკუთარი ოჯახების მომავალი. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაარეგულიროს შრომითი კანონმდებლობა, კერძო სექტორი, რათა დამსაქმებლებმა დასაქმებული არ ჩააგდონ კაბალურ პირობებში, ბოროტად არ გამოიყენონ მათი შრომა და ადამიანები მონებად არ აქციონ”.