01 აპრ

ალექსანდრა კოლონტაი, კომუნიზმი და ოჯახი (1920)

გამოიცა: Komunistka, ნომერი 2, 1920, ხოლო ინგლისურად – The Worker, 1920.

წყარო: ალექსანდრა კოლონტაის რჩეული ნაწერები, თარგმანი ორიგინალიდან – ალიქს ჰოლტი. ალისონი და ბისბი, 1977.   

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

ქალთა როლი წარმოებაში: მისი ეფექტი ოჯახზე

განაგრძობს თუ არა ოჯახი არსებობას კომუნიზმის ფარგლებში? იგი ისეთივე ფორმით მოგვევლინება, როგორც ახლა? ეს საკითხები მუშათა კლასის წევრ ბევრ ქალს და მათ კაცებსაც აწუხებს. ცხოვრება ჩვენს თვალწინ იცვლება; ძველი ჩვევები და ადათწესები გადაშენების პირასაა და პროლეტარული ოჯახის ცხოვრება ისეთი გზებით ვითარდება, რომლებიც ჩვენთვის ახლებური და უცხოა, ზოგის აზრით კი, „ანომალიური“. რა გასაკვირია, რომ მუშა ქალები ამ საკითხებზე ფიქრს იწყებენ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყურადღებას იწვევს ისაა, რომ საბჭოთა რუსეთში განქორწინება გამარტივდა. სახალხო კომისრების საბჭოს მიერ 1917 წლის 18 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულება ნიშნავს იმას, რომ განქორწინება აღარ არის ფუფუნება, რომელზეც ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებათ; ამიერიდან მუშა ქალს არ დასჭირდება თვეების და წლების მანძილზე მცდელობა, რათა მოიპოვოს დამოუკიდებლობა ქმრისგან, რომელიც სცემს მას და საკუთარი სიმთვრალითა და უხეში ქცევით მის ცხოვრებას ტანჯვად აქცევს. ორმხრივი თანხმობის საფუძველზე განქორწინების მოპოვებას დღესდღეისობით ერთ, ორ კვირაზე მეტი არ სჭირდება. ქალები, რომლებიც თავიანთ ქორწინებაში თავს უბედურად გრძნობენ, ხელგაშლილნი ხვდებიან ამგვარად გამარტივებულ განქორწინებას. თუმცა სხვები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც თავიანთ ქმრებს „ოჯახში პურის შემომტანებად“ მიიჩნევენ, შეშინებულნი არიან. მათ ჯერ კიდევ არ გაუაზრებიათ, რომ ქალი უნდა შეეჩვიოს მხარდაჭერის მოთხოვნასა და მიღებას კოლექტივისა და საზოგადოებისაგან და არა კონკრეტული კაცისაგან.  

სიმართლისათვის თვალებში არჩახედვას აზრი არ აქვს: ძველებური ოჯახი, რომელშიც კაცი ყველაფერი იყო, ქალი კი – არაფერი, ტიპიური ოჯახი, რომელშიც ქალს არ გააჩნდა საკუთარი ნებისყოფა, დრო და ფული, ჩვენს თვალწინ იცვლება. თუმცა, საგანგაშო არაფერია. იმ აზრს, თითქოს ის ყველაფერი, რასაც შეჩვეულნი ვართ, არასდროს უნდა შეიცვალოს, მხოლოდ ჩვენივე უმეცრება იწვევს. არაფერი შეესაბამება იმაზე ნაკლებად სიმართლეს, ვიდრე ფრაზა „როგორც იყო, ისევე იქნება“. საკმარისია, წავიკითხოთ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი წარსულში, რათა დავინახოთ, რომ ყველაფერი ცვლილებას ექვემდებარება და რომ არცერთი წეს-ჩვეულება, პოლიტიკური ორგანიზაცია თუ მორალური პრინციპი არ არის უცვლელი და დაურღვეველი. ისტორიის მანძილზე ოჯახის სტრუქტურა ბევრჯერ შეცვლილა; ის ოდესღაც საკმაოდ განსხვავდებოდა დღევანდელი ოჯახისაგან. იყო დრო, როდესაც ნორმად სისხლით ნათესავთა ოჯახი მიიჩნეოდა: დედა იყო ხელმძღვანელი ოჯახისა, რომელიც შედგებოდა მისი შვილებისაგან, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისგან, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. იყო ისეთი დროც, როდესაც პატრიარქალური ოჯახი მმართველობდა. ამ შემთხვევაში ოჯახის ყველა წევრისთვის ავტორიტეტს მამა წარმოადგენდა: ამგვარი ოჯახების ნახვა დღესაც შესაძლებელია რუსულ სოფლებში მცხოვრებ გლეხებს შორის. აქ ოჯახური ცხოვრების მორალი და წეს-ჩვეულებები სრულიად არ შეესაბამება ურბანული პროლეტარიატისას. სოფლებში ჯერ კიდევ მისდევენ ისეთ ნორმებს, რომლებიც მუშამ დიდი ხნის წინ დაივიწყა. ოჯახის სტრუქტურა და წეს-ჩვეულებები ცვალებადია ერებს შორისაც. ისეთ ხალხებს შორის, როგორიცაა თურქები, არაბები და სპარსელები, კაცს უფლება აქვს, რამდენიმე ცოლი იყოლიოს. არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს ტომები, რომლებშიც ქალს შესაძლოა, რამდენიმე ქმარი ჰყავდეს. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ მოსაზრებას, რომ ახალგაზრდა გოგონამ ქალიშვილობა ქორწინებამდე უნდა შეინარჩუნოს; თუმცა, არსებობს ტომები, რომლებშიც ბევრი საყვარლის ყოლა სიამაყის საწინდარია და ქალები ხელებსა და ფეხებს თავიანთი საყვარლების შესაბამისი რაოდენობის სამაჯურებით ირთავენ. ბევრი ჩვეულება, რომლებიც ჩვენთვის შესაძლოა, აღმაშფოთებელი და ამორალური იყოს, სხვა ხალხების მიერ საკმაოდ ნორმალურად მიიჩნევა და პირიქით, ისინი „ცოდვით აღსავსედ“ სწორედ ჩვენს წესებსა და ადათებს მიიჩნევენ. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზი შიშისა იმ ფაქტის მიმართ, რომ ოჯახი ცვლილებას განიცდის, რომ ყველაფერი მოძველებული და არასაჭირო უკუგდებულია და ვითარდება ახალი კავშირები კაცებსა და ქალებს შორის. ჩვენი ამოცანაა, გადავწყვიტოთ, ჩვენი ოჯახური სისტემის რომელი ასპექტებია მოძველებული და განვსაზღვროთ, მუშათა და გლეხთა კლასის კაცებსა და ქალებს შორის არსებული რომელი კავშირები, უფლებები და ვალდებულებები შეეფერება საუკეთესოდ ახალ, მუშათა რუსეთის ცხოვრებისეულ პირობებს. ის, რაც ახლებურ ცხოვრებას შეესაბამება, უნდა შევინახოთ, ხოლო ის ყველაფერი, რაც ძველი და დრომოჭმულია და მონობისა და მბრძანებლობის, მიწათმფლობელებისა და კაპიტალისტების დაწყევლილი ეპოქიდან მომდინარეობს, უნდა მოვიშოროთ და თან უნდა მივაყოლოთ თავად ექსპლუატატორი კლასი და პროლეტარიატისა და ღარიბების სხვა მტრები.

ოჯახის ის ტიპი, რომელსაც ქალაქისა და სოფლის პროლეტარიატი ასე შეეჩვია, სწორედ ესაა, წარსულის ერთ-ერთი გადმონაშთი. იყო დრო, როდესაც იზოლირებული, დაახლოვებული ოჯახი, რომელიც ეკლესიურ ქორწინებაზე იყო დაფუძნებული, მისი ყოველი წევრისათვის თანაბარ აუცილებლობას წარმოადგენდა. ოჯახი რომ არ ყოფილიყო, ვინ გამოკვებავდა, შემოსავდა და აღზრდიდა ბავშვებს? ვინ მისცემდა მათ რჩევებს? წარსულში ობლად ყოფნა წარმოუდგენლად საზარელ ბედისწერად მიიჩნეოდა. ძველებურ ოჯახში, ქმარი შოულობს ფულს და მხარს უჭერს თავის ცოლსა და შვილებს. თავად ცოლი საოჯახო საქმიანობითა და ბავშვების შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ აღზრდითაა დაკავებული. თუმცა, უკანასკნელი ასობით წლის მანძილზე, ეს ჩვეული ოჯახური სტრუქტურა ნაწილებად დაიშალა ისეთ ქვეყნებში, სადაც კაპიტალიზმი მბრძანებლობს და იზრდება რიცხვი ქარხნებისა და ისეთი საწარმოებისა, სადაც დაქირავებულ მუშებს ასაქმებენ. ოჯახური ცხოვრების წეს-ჩვეულებები და მორალური პრინციპები ცხოვრების ზოგად პირობებთან ერთად იცვლება. ქალთა შრომის საერთაშორისო გავრცელებამ ყველაზე მეტად შეუწყო ხელი რადიკალურ ცვლილებებს ოჯახურ ცხოვრებაში. აქამდე ოჯახში პურის შემომტანად მხოლოდ და მხოლოდ კაცები მიიჩნეოდნენ. თუმცა, რუს ქალებს უკანასკნელი ორმოცდაათი თუ სამოცი წლის მანძილზე (სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებში, ამაზე დიდი ხნის მანძილზეც კი) უწევდათ ანაზღაურებადი შრომის ძიება ოჯახისა და სახლების გარეთ. აღმოაჩინა რა, რომ „ოჯახში პურის შემომტანის“ ხელფასი არ იყო საკმარისი მისი ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ქალმა თავი ვალდებულად იგრძნო, ეშოვა ხელფასი და დაეკაკუნებინა ქარხნის კარებზე. ყოველწლიურად იზრდებოდა მუშათა კლასის წევრი ქალების რიცხვი, რომლებიც სახლის გარეთ, მედღეურ მუშებად, გამყიდველებად, კლერკებად, მრეცხავებად და მოსამსახურეებად იწყებდნენ შრომას. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში საკუთარ პურის ფულს დაახლოები სამოცი მილიონი ქალი შოულობდა და ეს რიცხვი ომის დროს საგრძნობლად გაიზარდა. ამ ქალების თითქმის ნახევარი დაქორწინებულია. საკმაოდ ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ოჯახური ცხოვრება აქვთ მათ. როგორი უნდა იყოს „ოჯახური ცხოვრება“, თუკი ცოლი და დედა სახლის გარეთ მუშაობაში დღეში რვა საათს ატარებს და მგზავრობის დროის ჩათვლით, ათი საათის მანძილზეა გარეთ? მისი სახლი უგულვებელყოფილია; ბავშვები დედობრივი მზრუნველობის გარეშე იზრდებიან, დროის უმეტესობას ქუჩაში ატარებენ, სადაც ამ გარემოსათვის დამახასიათებელი უამრავი საფრთხის წინაშე დგებიან. ქალს, რომელიც ცოლი, დედა და მუშაა, საკუთარი ენერგიის უკანასკნელი წვეთების გამოყენება უწევს ყველა ამ როლის შესასრულებლად. მას უწევს სადღაც ქარხანაში, სტამბაში ან სავაჭრო საწარმოში იმდენივე მუშაობა, რამდენიც მის ქმარს, ამას კი ისიც ემატება, რომ მან სახლის საქმიანობისა და ბავშვების მოვლისათვის საკმარისი დროც უნდა გამონახოს. კაპიტალიზმის გამო ქალებს მხრებზე გამანადგურებელი სიმძიმე დააწვათ: მან ისინი აქცია დაქირავებულ მუშებად მათი, როგორც დიასახლისებისა და დედების მოვალეობათა შემცირების გარეშე. ქალი ბარბაცებს ამ სამმაგი ტვირთის ქვეშ. ის იტანჯება, მისი სახე ყოველთვის ცრემლებითაა დასველებული. ქალისათვის ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა, თუმცა, მისი ბედი არასდროს ყოფილა იმაზე რთული და სასოწარკვეთილი, ვიდრე იმ მილიონობით მუშა ქალისა, რომელიც ქარხნული წარმოების აღზევების ხანაში კაპიტალისტურ უღელშია ჩაბმული.

რაც უფრო მეტი ქალი იწყებს შრომას, მით უფრო დიდ ზარალს განიცდის ოჯახი. როგორ უნდა ვისაუბროთ ოჯახური ცხოვრების შესახებ, როდესაც კაცი და ქალი სხვადასხვა ცვლაში მუშაობენ და ცოლს იმის დროც კი არ აქვს, რომ შვილებს წესიერი საკვები მოუმზადოს? როგორ უნდა ვისაუბროთ მშობლების შესახებ, როდესაც დედა და მამა მთელი დღის განმავლობაში სამსახურში არიან და საკუთარ შვილებთან თუნდაც რამდენიმე წუთის გასატარებელ დროსაც კი ვერ პოულობენ? ძველად ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. დედა სახლში რჩებოდა და სახლის საქმიანობით კავდებოდა; შვილები გვერდით ჰყავდა და თვალს არ აშორებდა. დღესდღეისობით მუშა ქალი ყოველდღე, ქარხნის სასტვენის ხმის გაგონებისთანავე მიიჩქარის სახლიდან სამსახურისაკენ. როდესაც საღამო მოდის და კიდევ ერთხელ ისმის სასტვენის ხმა, ის ისევ სახლისკენ მიემართება, რათა ყველაზე მნიშვნელოვან საოჯახო საქმეებს მიხედოს. შემდეგ დილას ის ისევ სამსახურში მიდის და უძილობისგანაა დაღლილი. დაქორწინებული მუშა ქალისთვის ცხოვრება ისეთივე ცუდია, როგორც სამუშაო სახლი. შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ოჯახური კავშირები ირყევა და ოჯახი ნგრევას იწყებს. ის ვითარებები, რომლებიც ოჯახის ერთიანობას ხელს უწყობდა, აღარ არსებობს. ოჯახი აღარაა აუცილებელი არც მისი წევრებისათვის და არც სრულიად ერისათვის. ძველი ოჯახური სტრუქტურა ახლა მხოლოდ და მხოლოდ დაბრკოლებაა. რა აძლიერებდა ძველებურ ოჯახს? პირველ რიგში, ქმარი და მამა ოჯახში პურის შემომტანი იყო; მეორეც, ოჯახური ეკონომიკა მისი ყველა წევრისათვის აუცილებელი იყო და მესამე, ბავშვებს მშობლები ზრდიდნენ. რა შემოგვრჩა ამ ტიპის ოჯახისაგან? ქმარი, როგორც უკვე ვიხილეთ, აღარ არის ოჯახში პურის ერთადერთი შემომტანი. ცოლი, რომელიც შრომობს, შოულობს ხელფასს. მან ისწავლა საკუთარი პურის ფულის შოვნა, შვილების და არც ისე იშვიათად, თვით ქმრის მხარდაჭერაც კი. ოჯახის მთავარი ამოცანა ახლა საზოგადოების უმთავრეს ეკონომიკურ ერთეულად და პატარა ბავშვების მხარდამჭერად და განმანათლებლად ყოფნაა. მოდი, ეს საკითხი უფრო ღრმად ვიკვლიოთ, რათა გავარკვიოთ, მალე დაკარგავს თუ არა ოჯახი ამ ამოცანებსაც.

საოჯახო საქმიანობა აუცილებელი აღარ არის

იყო დრო, როდესაც ქალაქში და სოფლად მცხოვრები, შედარებით ღარიბი კლასების წევრი ქალები თავიანთ ცხოვრებას ოთხ კედელს შორის გამოკეტილნი ატარებდნენ. ქალმა საკუთარი სახლის ზღურბლის მიღმა არაფერი იცოდა და უმეტეს შემთხვევაში, რამის ცოდნის სურვილი არც ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, მასთან სახლში გასაკეთებელი ძალიან ბევრი იყო და ეს შრომა ყველაზე აუცილებელი და გამოსადეგი იყო არა მხოლოდ თავად ოჯახისათვის, არამედ სრულიად სახელმწიფოსათვისაც. ქალი აკეთებდა ყველაფერს, რისი კეთებაც თანამედროვე მუშა და გლეხ ქალს უწევს, მაგრამ ამ საჭმლის კეთების, რეცხვის, დალაგებისა და კემსვის გარდა, ის წნიდა მატყლს და ტილოს, ქსოვდა ქსოვილს, ტანისამოსსა და წინდებს, ქმნიდა არშიებს, არსებული რესურსების ფარგლებში ამზადებდა სხვადასხვანაირ მწნილს, მურაბას და სხვა კონსერვებს ზამთრისთვის და აწარმოებდა საკუთარ სანთლებს. მისი ფუნქციების სრული სიის შედგენა რთულია. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი დედები და ბებიები. შესაძლოა, შორეულ სოფლებში, რკინიგზებისა და დიდი მდინარეებისგან მოშორებით, დღესაც ვიხილოთ ისეთი ადგილები, სადაც ცხოვრების ამგვარი წესია შემონახული და დიასახლისი ისეთი საქმიანობითაა დაკავებული, რომელზე ზრუნვაც დიდი ქალაქებისა და ხალხმრავალი ინდუსტრიული რეგიონების მცხოვრებ ქალებს დიდი ხანია შეწყვეტილი აქვთ.

ჩვენი ბებიების დროს ასეთი საოჯახო საქმიანობა აუცილებელი და სასარგებლო იყო; ის იყო ოჯახის კეთილდღეობის საწინდარი. რაც უფრო მეტ საქმიანობას შეითავსებდა დიასახლისი, მით უკეთ ცხოვრობდა გლეხისა და ხელოსნის ოჯახი. დიასახლისის საქმიანობით თვით ეროვნული ეკონომიკაც კი სარგებლობდა, რამეთუ ქალი არ იფარგლებოდა მხოლოდ წვნიანისა და კარტოფილის მომზადებით (ანუ, ოჯახის უშუალო საჭიროებების დაკმაყოფილებით), ის აწარმოებდა ისეთ პროდუქტსაც, როგორიცაა ქსოვილი, ძაფი, კარაქი და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს კი ღირებულება გააჩნდა, რადგან ბაზარზე გასაყიდად მზა საქონელი იყო. და ყოველი კაცი, გლეხი თუ მუშა, ცდილობდა „ოქროს ხელებიანი“ ცოლის პოვნას, რადგან იცოდა, რომ ოჯახი ამგვარი „საშინაო შრომის“ გარეშე ვერ იარსებებდა. ამ საკითხში სრულიად ერის ინტერესები იყო ჩართული, რადგან რაც უფრო მეტ შრომას ჩადებდა ქალი და ოჯახის სხვა წევრები ქსოვილის, ტყავის და მატყლის წარმოებაში (რომელთა ნაშთებიც მომიჯნავე ბაზარზე იყიდებოდა), მით უფრო დიადი იყო სრულიად ქვეყნის ეკონომიკური აყვავებაც.

თუმცა, კაპიტალიზმმა ეს ყველაფერი შეცვალა. ის ყველაფერი, რაც აქამდე ოჯახის გულში იქმნებოდა, ახლა მასობრივად, სახელოსნოებსა და ქარხნებში იწარმოება. ცოლი ხელსაწყომ ჩაანაცვლა. რომელი დიასახლისი შეიწუხებს თავს სანთლების კეთებით, მატყლის ჩეჩვით ან ქსოვილის ქსოვით? ამ ყველაფრის ყიდვა ახლა ნებისმიერ მაღაზიაშია შესაძლებელი. ადრე წინდების ქსოვას ყველა გოგონა სწავლობდა. დღესდღეისობით, რომელი მუშა ქალი იფიქრებს საკუთარი წინდების მოქსოვაზე? პირველ რიგში, მას არ აქვს დრო. დრო ფულია და არავის სურს დროის არანაყოფიერ და გამოუსადეგარ საქმიანობაზე ფლანგვა. ძალიან ცოტა მუშა ქალი თუ დაამწნილებს კიტრს ან გააკეთებს სხვა სახის კონსერვებს, როდესაც ამ ყველაფრის შეძენა მაღაზიაშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მაღაზიაში შეძენილი პროდუქცია შედარებით დაბალხარისხიანია და სულაც არ არის მომზადებული იმდენივე მზრუნველობით, რამდენითაც მისი სახლში მომზადებული ექვივალენტი, მუშა ქალს არ აქვს იმდენი დრო და ენერგია, რამდენიც ამ საშინაო ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო. პირველ რიგში, ის დაქირავებული მუშაა. შესაბამისად, ოჯახურ ეკონომიკას თანდათანობით ერთმევა ის საშინაო საქმიანობა, რომლის გარეშეც ჩვენს ბებიებს ოჯახის არსებობა ვერ წარმოედგინათ. ის, რაც ადრე ოჯახში იწარმოებოდა, ახლა ქარხნებში მუშა კაცებისა და ქალების კოლექტიური შრომის შედეგად იქმნება.

ოჯახი აღარ აწარმოებს; ის მხოლოდ და მხოლოდ მოიხმარს. დარჩენილი საშინაო საქმიანობა შემოიფარგლება დალაგებით (იატაკების წმენდა, მტვრის გადაწმენდა, წყლის გაცხელება, სანათების მოვლა და ა.შ.), საჭმლის მომზადებით (სადილისა და ვახშმის მომზადება), რეცხვით და ოჯახის თეთრეულისა და ტანსაცმლის მოვლით (კემსვა და შეკეთება). ეს რთული და დამღლელი ამოცანებია და ისინი სრულიად შთანთქავენ იმ მუშა ქალის თავისუფალ დროსა და ენერგიას, რომელმაც დამატებით ქარხანაშიც უნდა იშრომოს. თუმცა, ეს შრომა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტით განსხვავდება იმ საქმისგან, რომელსაც ჩვენი ბებიები აკეთებდნენ: ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ამოცანას, რომლებიც ჯერ კიდევ ემსახურება ოჯახს, ღირებულება არ გააჩნიათ სახელმწიფოსა და ეროვნული ეკონომიკისათვის, რამეთუ ისინი არ ქმნიან ახალ ღირებულებებს და არ შეაქვთ წვლილი ქვეყნის აყვავებაში. შესაძლოა, დიასახლისმა მთელი დღე სახლის დალაგებაში გაატაროს, ყოველდღიურად რეცხოს და აუთოოს თეთრეული, მცდელობა არ მოაკლოს ტანსაცმლის საუკეთესო მდგომარეობაში ყოფნას და მოამზადოს ნებისმიერი კერძი, რომელიც მოესურვება და რომლის საშუალებასაც მისი მოკრძალებული რესურსები მისცემს, მაგრამ ის დღეს მაინც ისე დაასრულებს, რომ ღირებულება შექმნილი არ ექნება. მიუხედავად მისი საქმიანობისა, იგი ისეთს ვერაფერს შექმნის, რაც საქონლად მიიჩნევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მუშა ქალი ათასი წელი იცოცხლებს, მას მაინც მოუწევს ყოველი დღის თავიდან დაწყება. მას ყოველთვის მოსაშორებელი ექნება მტვრის ახალი ფენა ბუხრიდან, მისი ქმარი სახლში ყოველთვის მშიერი დაბრუნდება და მისი შვილები ფეხსაცმლით ყოველთვის შემოიყოლებენ სახლში ტალახს.

ქალთა შრომა სრულიად თემისთვის ნაკლებად გამოსადეგი ხდება. ის ხდება არანაყოფიერი. ცალკეული ოჯახი კვდება. ის ჩვენს საზოადოებაში ადგილს უთმობს კოლექტიურ მეოჯახეობას. მუშა ქალის მიერ საკუთარი ბინის დალაგების სანაცვლოდ, კომუნისტურ საზოგადოებას შეუძლია კაცებისა და ქალებისათვის ისეთი სამსახურის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც ისინი ყოველ დილით ოთახებს დაალაგებენ. მდიდართა ცოლები უკვე დიდი ხანია გათავისუფლებულნი არიან ამ გამაღიზიანებელი და დამღლელი საშინაო ვალდებულებებისაგან. რატომ უნდა უწევდეთ მუშა ქალებს ამ ყველაფერზე დარდი? საბჭოთა რუსეთში მუშა ქალი იმავე სიმშვიდით, სინათლით, ჰიგიენითა და სილამაზით უნდა იყოს გარშემორტყმული, რომლებზეც აქამდე ხელი მხოლოდ მდიდრებს მიუწვდებოდათ. იმის ნაცვლად, რომ მუშა ქალები საჭმლის მომზადებით იტანჯებოდნენ და უკანასკნელი თავისუფალი საათები სამზარეულოში, სადილისა და ვახშმის მზადებაში გაატარონ, კომუნისტური საზოგადოება სახალხო რესტორნებსა და საერთო სასადილოებს დააფუძნებს.

ასეთი დაწესებულებები კაპიტალიზმის ფარგლებშიც კი გამოჩნდა. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე, ევროპის უდიდეს ქალაქებში რესტორნებისა და კაფეების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება; ისინი ისევე ჩნდებიან, როგორც სოკოები შემოდგომის წვიმის შემდეგ. თუმცა, კაპიტალიზმის ფარგლებში, რესტორნებში საკვების შეძენა მხოლოდ სავსე საფულეების მქონეებს შეუძლიათ მაშინ, როდესაც კომუნიზმის ფარგლებში, ყველა შეძლებს კვებას საერთო სასადილოებსა და სამზარეულოებში. მუშა ქალს აღარ მოუწევს სარეცხ ნიჟარასთან შრომა, არც წინდების კემსვისა და თეთრეულის კერვის გამო თვალების განადგურება; ის ამ ყველაფერს ყოველკვირეულად წაიღებს ცენტრალურ სამრეცხაოში და ცოტა ხანში უკან გარეცხილი და გაუთოვებული ტანსაცმელი დაუბრუნდება. ესეც ერთით ნაკლები გასაკეთებელი საქმე. სპეციალური სამკერვალო ცენტრები გაათავისუფლებს მუშა ქალს კერვაში გაფლანგული საათებისგან და მისცემს მას საშუალებას, თავისი საღამოები კითხვას, შეხვედრებზე დასწრებას და კონცერტებს დაუთმოს. შესაბამისად, საოჯახო საქმიანობის ოთხი კატეგორია კომუნიზმის გამარჯვებასთან ერთად განადგურებისთვისაა განწირული. მუშა ქალები კი ამას ნამდვილად არ ინანებენ. კომუნიზმი ათავისუფლებს ქალს თავისი საოჯახო მონობისაგან და მის ცხოვრებას უფრო სავსეს და ბედნიერს ხდის. 

სახელმწიფო პასუხისმგებელია ბავშვების აღზრდაზე

შესაძლოა, თქვენ თქვათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საოჯახო საქმიანობა გაქრება, მაინც არსებობენ ბავშვები, რომელთა მოვლაც საჭიროა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მუშათა სახელმწიფო ჩაანაცვლებს ოჯახს, საზოგადოება თანდათანობით აიღებს საკუთარ თავზე იმ ამოცანებს, რომლებიც რევოლუციამდე ცალკეულ მშობლებს მიეწერებოდათ. თვით რევოლუციამდეც კი, ბავშვის სწავლება სულაც აღარ იყო მშობლების ვალდებულება. როდესაც ბავშვები სკოლის ასაკს აღწევდნენ, მშობლებს ისევ შეეძლოთ თავისუფლად სუნთქვა, რამეთუ ისინი აღარ იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთი შვილების ინტელექტუალურ განვითარებაზე. თუმცა, მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ უამრავი შესასრულებელი მოვალეობა. ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი იყო ბავშვების კვება, მათთვის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ყიდვა და მათი უნარიან და გულწრფელ მუშებად ჩამოყალიბება, რომლებიც მომავალში შეძლებდნენ საკუთარი პურის ფულის შოვნას და თავიანთი მოხუცებული მშობლების გამოკვებასა და მხარდაჭერას. თუმცა, ამ მოვალეობების შესრულება მუშათა არც ისე ბევრ ოჯახს გამოსდიოდა. დაბალი შემოსავალი არ აძლევდა მათ თავიანთი შვილებისათვის საკმარისი საკვების მიცემის შესაძლებლობას, ხოლო თავისუფალი დროის არარსებობა ხელს უშლიდა მათ მომავალი თაობის განათლებისათვის აუცილებელი ყურადღების დათმობაში. ბავშვები ოჯახმა უნდა გაზარდოს, მაგრამ სინამდვილეში, პროლეტარიატის ბავშვები ქუჩებში იზრდებიან. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, მაგრამ პროლეტარიატის შვილებს ის არ გააჩნიათ. მეტიც, მშობლების არასაკმარისი შემოსავალი და ის არასაიმედო მდგომარეობა, რომელშიც ოჯახი ფინანსური თვალსაზრისითაა, ხშირად აიძულებს ბავშვს, სულ რაღაც ათი წლის ასაკში გახდეს დამოუკიდებელი მშრომელი. და როდესაც ბავშვები საკუთარი ფულის შოვნას იწყებენ, ისინი თავიანთ მმართველებად მხოლოდ საკუთარ თავებს მიიჩნევენ და მათი მშობლების სიტყვები და რჩევები კანონად აღარ მიიჩნევა; მორჩილება მშობლების ავტორიტეტის დასუსტებასთან ერთად ქრება.

საოჯახო საქმიანობის გაქრობასთან ერთად, თანდათანობით ქრება მშობლების ვალდებულებებიც თავიანთი შვილების მიმართ; ადრე თუ გვიან, საზოგადოება პასუხისმგებლობას სრულიად საკუთარ თავზე აიღებს. კაპიტალიზმის ფარგლებში ბავშვები ხშირად, ძალიან ხშირად წარმოადგენდნენ მძიმე და აუტანელ ტვირთს პროლეტარული ოჯახისათვის. კომუნისტური საზოგადოება დაეხმარება მშობლებს. საბჭოთა რუსეთში საჯარო განათლებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის კომისარიატები უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ ოჯახის დასახმარებლად. ჩვენ უკვე გვაქვს სახლები ჩვილებისათვის, ბაგა ბაღები, საბავშვო ბაღები, ბავშვთა კოლონიები და სახლები, საავადმყოფოები და გამაჯანსაღებელი კურორტები სნეული ბავშვებისათვის, რესტორნები, უფასო სადილები სკოლაში და სკოლის მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების, თბილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უფასო გავრცელება. ეს ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ოჯახიდან კოლექტივზე გადადის.

ოჯახში მშობლების მიერ შვილების მოვლა სამ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: (ა) ახალშობილი ჩვილის მოვლა, (ბ) ბავშვის აღზრდა და (გ) ბავშვისათვის სწავლება. თვით კაპიტალისტურ საზოგადოებაშიც კი, დაწყებით სკოლაში, შემდეგ საშუალო სკოლასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვების განათლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გახდა. თვით კაპიტალისტურ საზოგადოებაშიც კი, მუშათა საჭიროებები რაღაც დონემდე დაკმაყოფილდა სათამაშო მოედნების, საბავშვო ბაღების, სათამაშო ჯგუფების უზრუნველყოფით. მუშებს რაც უფრო შეგნებული აქვთ საკუთარი უფლებები და რაც უფრო კარგად არიან ორგანიზებულნი, საზოგადოება მით უფრო ვალდებულია, მიეხმაროს ოჯახს ბავშვების მოვლაში. თუმცა, ბურჟუაზიულ საზოგადოებას ეშინოდა მუშათა კლასის ინტერესების დაკმაყოფილებაში ზედმეტად ღრმად შეტოპვის, რამეთუ ამას, შესაძლოა, ოჯახის დანგრევაში შეეტანა წვლილი. რამეთუ კაპიტალისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ოჯახის ძველებური ტიპი, რომელშიც ქალი მონაა და ქმარი პასუხისმგებელია საკუთარი ცოლისა და შვილების კეთილდღეობაზე, წარმოადგენს საუკეთესო იარაღს მუშათა კლასში თავისუფლებისადმი ლტოლვის ჩახშობისა და მუშა კაცისა და მუშა ქალის რევოლუციური სულისკვეთების დასუსტებისათვის ბრძოლაში. მუშას ასუსტებს საკუთარი ოჯახური დარდები და ვალდებულია, კაპიტალთან კომპრომისზე წავიდეს. მამა და დედა მზად არიან, ნებისმიერ პირობას დაეთანხმონ, როდესაც მათი შვილი მშიერია. კაპიტალისტურმა საზოგადოებამ ჯერ ვერ შეძლო განათლების გარდაქმნა ნამდვილად საზოგადოებრივ და სახელმწიფო საკითხად, რადგან ქონების მფლობელები, ანუ ბურჟუაზია, ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან.

კომუნისტური საზოგადოება მომავალი თაობის საზოგადოებრივ განათლებას ახალი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად მიიჩნევს. ძველებურ ოჯახს, ვიწროს და უმნიშვნელოს, რომელშიც მშობლები კამათობენ და მხოლოდ თავიანთი შვილები აინტერესებთ, არ ძალუძლს „ახალი ადამიანის“ განათლება. თუმცა, სათამაშო მოედნები, ბაღები, ბავშვთა სახლები და სხვა ხელსაყრელი ადგილები, სადაც ბავშვები თავიანთი დღის უდიდეს ნაწილს კვალიფიციური განმანათლებლების მზრუნველობის ქვეშ ატარებენ, უზრუნველყოფს ისეთ გარემოს, რომელშიც ბავშვი შეძლებს შეგნებულ კომუნისტად ჩამოყალიბებას, რომელიც აცნობიერებს სოლიდარობის, ამხანაგობის, ურთიერთდახმარებისა და კოლექტივისადმი ერთგულების საჭიროებას. რა პასუხისმგებლობები რჩებათ მშობლებს მაშინ, როდესაც აღარ უწევთ აღზრდასა და განათლებაზე ზრუნვა? თქვენი პასუხი შესაძლოა შემდეგი იყოს: ჩვილ ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობს სიარულს და დედის ქვედაბოლოს ბოლოზე ჩამობღაუჭებას, მისი ყურადღება სჭირდება. კომუნისტური სახელმწიფო აქაც მოეშურება მშრომელი დედის დასახმარებლად. აღარ იარსებებს არცერთი ქალი, რომელიც მარტოა. მშრომელთა სახელმწიფოს მიზანია ყველა მეძუძური დედის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულია იგი, თუ არა და დედობრივი სახლების, დღიური ბაგა ბაღებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების ჩამოყალიბება ყველა ქალაქსა და სოფელში, რათა ქალებს ჰქონდეთ საზოგადოებრივი შრომისა და დედობის შერწყმის შესაძლებლობა.

მშრომელ დედებს განგაშის მიზეზი არ აქვთ; კომუნისტური საზოგადოება არ აპირებს მშობლებისათვის შვილების ჩამორთმევას ან ახალშობილის დედის მკერდიდან მოგლეჯას, ის არც ოჯახის დასანგრევად გამიზნული ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ასეთი რამ არ მოხდება! კომუნისტური საზოგადოების მიზნები სრულიად განსხვავებულია. კომუნისტური საზოგადოება ხედავს, რომ ოჯახის ძველებური ტიპი ინგრევა და რომ ის ძველი სვეტები, რომლებიც მხარს უჭერდა ოჯახს, როგორც საზოგადოებრივ ერთეულს, გაქრობის პირასაა: ოჯახური ეკონომიკა კვდება და მუშათა კლასის წევრ მშობლებს აღარ შეუძლიათ თავიანთი შვილების მოვლა ან მათთვის საკვებისა და განათლების უზრუნველყოფა. მშობლები და შვილები ამ მდგომარეობის გამო თანაბრად იტანჯებიან. კომუნისტურ საზოგადოებას მუშა ქალებისა და კაცებისათვის სათქმელი მხოლოდ ეს აქვს: „თქვენ ახალგაზრდები ხართ, თქვენ გიყვართ ერთმანეთი. ყველას აქვს ბედნიერების უფლება. ამიტომ, იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. არ გაექცეთ ბედნერებას. არ შეგეშინდეთ ქორწინების, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმის ფარგლებში იგი მართლაც უბედურების ბორკილი იყო. არ შეგეშინდეთ ბავშვების გაჩენის. საზოგადოებას მეტი მუშა სჭირდება და იგი ბედნიერია ყოველი ბავშვის დაბადების გამო. თქვენ არ უნდა იდარდოთ თქვენი შვილების მომავალზე; თქვენი შვილი არ ნახავს არც შიმშილს და არც სიცივეს.“ კომუნისტური საზოგადოება უვლის ყველა ბავშვს და მისთვისაც და მისი დედისთვისაც მატერიალური და მორალური მხარდაჭერის არსებობის გარანტიას იძლევა. საზოგადოება გამოკვებავს, გაზრდის და გაანათლებს ბავშვს. ამავდროულად, იმ მშობლებს, რომელთაც თავიანთი შვილების განათლებაში მონაწილეობის მიღება სურთ, ამაში ხელს არავინ შეუშლის. კომუნისტური საზოგადოება საკუთარ თავზე აიღებს ყველა ვალდებულებას, რომელიც ბავშვის განათლების პროცესთანაა დაკავშირებული, მაგრამ მამობისა და დედობის ბედნიერება არასდროს წაერთმევა მას, ვისაც მისით ტკბობა შეუძლია. ასეთია კომუნისტური საზოგადოების გეგმები და შეუძლებელია მათი ინტერპრეტირება, როგორც ოჯახის ძალადობრივი განადგურებისა და ბავშვების დედისაგან ძალით ჩამოშორებისა. 

ფაქტს ვერ გავექცევით: ოჯახის ძველებური ტიპი დრომოჭმულია. ოჯახი იფიტება არა იმიტომ, რომ საზოგადოება მას ძალით ანადგურებს, არამედ იმიტომ, რომ ის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. სახელმწიფოს ოჯახი არ სჭირდება, რადგან საოჯახო ეკონომიკას სარგებელი აღარ მოაქვს: ოჯახს მშრომელის ყურადღება გადააქვს მეტად გამოსადეგი, ნაყოფიერი შრომისგან. ოჯახი თავად ოჯახის წევრებსაც აღარ სჭირდებათ, რადგან შვილების გაზრდის ამოცანა, რომელიც აქამდე მათი იყო, მეტად და მეტად გადადის კოლექტივის ხელებში. კაცებსა და ქალებს შორის ძველებური ურთიერთობის ნაცვლად ახალი ვითარდება: სიყვარულისა და ამხანაგობის კავშირი, კომუნისტური საზოგადოების ორი თანასწორი წევრის კავშირი, სადაც ორივე თავისუფალია, ორივე დამოუკიდებელია და ორივე მშრომელია. ქალები აღარ იტანჯებიან ოჯახური მონობით. ოჯახში აღარ არსებობს უთანასწორობა. ქალებს აღარ ეშინიათ მარტო დარჩენის, ბავშვების მხარდაჭერის გარეშე აღზრდის.  კომუნისტურ საზოგადოებაში ქალი დამოკიდებულია არა ქმარზე, არამედ საკუთარ შრომაზე. ის მხარდაჭერას იღებს არა ქმრისგან, არამედ საკუთარი შრომისუნარიანობისაგან. ის აღარ ღელავს საკუთარი შვილების გამო. მშრომელთა საზოგადოება პასუხისმგებელი იქნება მათზე. ქორწინება გათავისუფლდება ოჯახური ცხოვრების გამანადგურებელი მატერიალური გაანგარიშების ყველა ელემენტისგან. ქორწინება იქნება კავშირი ორ ადამიანს შორის, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან. ამგვარი კავშირი მუშა კაცებსა და ქალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ თავს და მათ გარშემო არსებულ მსოფლიოს, ყველაზე სრულყოფილ ბედნიერებას და მაქსიმალურ კმაყოფილებას პირდება. წარსულის ცოლ-ქმრული მონობის ნაცვლად, კომუნისტური საზოგადოება ქალებსა და კაცებს სთავაზობს თავისუფალ კავშირს, რომელიც ძლიერია იმ ამხანაგობის თვალსაზრისით, რომელმაც შთააგონა იგი. მაშინ, როდესაც შრომის პირობები შიეცვლება და მუშა ქალების მატერიალური უსაფრთხოება გაიზრდება, მაშინ, როდესაც ის ქორწინება, რომელსაც ეკლესია ქმნიდა – ეგრეთ წოდებული დაურღვეველი ქორწინება, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობა იყო – ჩანაცვლდება თავისუფალი და გულწრფელი კავშირით კაცებსა და ქალებს შორის, რომლებიც საყვარლები და ამხანაგები არიან, პროსტიტუცია გაქრება. ეს ბოროტება, რომელიც ადამიანობის ლაქა და მშიერი მუშა ქალების უბედურების საწინდარია, საქონლის წარმოებისა და კერძო საკუთრების ინსტიტუტიდან მომდინარეობს. მაშინ, როდესაც ეს ეკონომიკური ფორმები გაუქმდება, ქალებით ვაჭრობა ავტომატურად გაქრება. შესაბამისად, მუშათა კლასის წევრმა ქალებმა არ უნდა იდარდონ იმ ფაქტის შესახებ, რომ ოჯახი გაქრობისთვისაა განწირული. პირიქით, ისინი ხელგაშლილნი უნდა შეხვდნენ ახალი საზოგადოების აღზევებას, რომელიც გაათავისუფლებს ქალებს საოჯახო სამსახურისგან, შეამსუბუქებს დედობის ტვირთს და ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს პროსტიტუციის საზარელ წყევლას.

ქალმა, რომელიც მუშათა კლასის გათავისუფლების ბრძოლაში ჩაებმება, უნდა ისწავლოს იმის გააზრება, რომ აღარ არსებობს იმ მოძველებული, მესაკუთრეობრივი დამოკიდებულების ადგილი, რომელიც ამბობს: „ესენი ჩემი შვილები არიან, მე ვალდებული ვარ, ვაჩუქო მათ ჩემი დედობრივი მზრუნველობა და სიყვარული; ესენი შენი შვილები არიან, ისინი მე სულაც არ მადარდებს და საერთოდაც, არ მაინტერესებს, შიათ თუ სცივათ – მე არ მაქვს დრო სხვათა შვილებისათვის.“ მშრომელმა დედამ უნდა ისწავლოს შენსასა და ჩემსას შორის განსხვავების დავიწყება; მას უნდა ახსოვდეს, რომ არსებობენ მხოლოდ ჩვენი შვილები, რუსეთის კომუნისტი მუშების შვილები.

მშრომელთა სახელმწიფოს სჭირდება ახალი კავშირები სქესებს შორის; ისევე, როგორც დედის მხრიდან საკუთარი შვილების მიმართ არსებული ვიწრო და ექსკლუზიური სიყვარული უნდა გაფართოვდეს და შეეხოს დიადი პროლეტარული ოჯახის ყველა ბავშვს, დაურღვეველი ქორწინება, რომელიც ქალების მონობაზეა დაფუძნებული, უნდა ჩანაცვლდეს თავისუფალი კავშირით მშრომელთა სახელმწიფოს ორ თანასწორ წევრს შორის, რომლებიც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით არიან გაერთიანებულნი. ცალკეული, ეგოისტური ოჯახის ნაცვლად განვითარდება მშრომელთა დიადი, უნივერსალური ოჯახი, რომელშიც მუშები, ქალებიც და კაცებიც, უპირველეს ყოვლისა, ამხანაგები იქნებიან. ასეთი იქნება კაცებსა და ქალებს შორის კავშირები კომუნისტურ საზოგადოებაში. ეს ახლებური კავშირები იქნება ადამიანებისათვის ისეთი სიყვარულის მიერ მოტანილი ბედნიერების საწინდარი, რომელიც უცნობია კომერციული საზოგადოებისათვის, სიყვარულისა, რომელიც თავისუფალია და დაფუძნებულია პარტნიორების ჭეშმარიტ საზოგადოებრივ თანასწორობაზე.

კომუნისტურ საზოგადოებას სურს ჭკვიანი, ჯანსაღი ბავშვები და ძლიერი, ბედნიერი ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფალნი არიან საკუთარ გრძნობებსა და სიყვარულში. ახლებური ქორწინებისათვის დამახასიათებელი თანასწორობის, თავისუფლებისა და ამხანაგური სიყვარულის სახელით, ჩვენ მოვუწოდებთ მშრომელ და გლეხ კაცებსა და ქალებს, საკუთარი თავები გაბედულად და ერთგულად მიუძღვნან შრომას ადამიანთა საზოგადოების ხელახლა აშენებისათვის, რათა ის უფრო სრულყოფილი და სამართლიანი გახდეს და უკეთესად შეძლოს ინდივიდებისათვის იმ ბედნიერების უზრუნველყოფა, რომელსაც იმსახურებენ. საზოგადოებრივი რევოლუციის წითელი დროშა, რომელიც რუსეთის თავზე ფრიალებს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მაღლდება, აცხადებს დედამიწაზე სამოთხის მოახლოებას, რომლისკენაც ადამიანთა მოდგმა საუკუნეების მანძილზე მიილტვოდა.