19 სექ

საარსებო მინიმუმი

ავტორი:  ნენო ჩარკვიანი

“დღეს საქართველოში ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია 174.3 ლარად, ხოლო მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია თვეში.  საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხდება ორი სახის კალათის – სასურსათო და არასასურსათო კალათის საფუძველზე, რომელთა პროპორცია 70/30ზეა. 2017 წლის ივნისის თვის მონაცემით სასურსათო კალათის, ანუ საკვები პროდუქტებისთვის 122.01 ლარია გამოყოფილი, ხოლო არასასურსათო კალათისთვის, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირების, განათლების, გართობის, კომუნალურ და სხვა ხარჯებს დარჩენილი 52.29 ლარია გამოყოფილი. ფაქტია, რომ გაანგარიშებული რიცხვით შეუძლებელია არათუ ღირსეული, არამედ, უბრალოდ, არსებობისთვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება. ამასთანავე, გაანგარიშების წესში სხვა მრავალი პრობლემა იჩენს თავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პროპორციული განაწილებაა, რადგან დღესდღეობით არასასურსათო კალათა, განსაკუთრებით კომუნალური ხარჯები, მრავალი ოჯახისთვის ერთ-ერთი მსხვილი დანახარჯია, 30% კი, არ არის საკმარისი ყველა იმ არასასურსათო აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად, რაც ადამიანებს გააჩნიათ.

ჩვენს პრაქტიკაში ასევე, არ არსებობს სეზონური სასურსათო და არასასურსათო კალათები; სასურსათო კალათის გაანგარიშება არ ხდება სრულად საქართველოს მასშტაბზე, მხოლოდ რამდენიმე ქალაქის მიხედვით ითვლება საშუალო ფასები პროდუქციაზე; აქვე შემოდის შევაჭრების კოეფიციენტი, რომელიც ასევე, დიდად ცვლის სასურსათო კალათის რიცხობრიობის განსაზღვრას; და სხვა მრავალი ხარვეზი. რეალურად, ის მნიშვნელობა, რაც საარსებო მინიმუმს შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის, ანუ ის იყოს სოციალური პოლიტიკის ორიენტირი, მას დაკარგული აქვს. პოლიტიკური პარტიები ხშირად გამოუთვლელ და შეუძლებელ მინიმალურ ხელფასს გვთავაზობენ, თუმცა ეს ის საკითხია, რითიც უნდა დაიწყოს საზოგადოებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და მასზე მსჯელობები ჰიპოთეტურობას გასცდეს.

ამასთანავე, საქართველოში მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 20 ლარით. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის შესაბამისობა არ ხდება დროის ცვლილებასთან ერთად, მაშინ როდესაც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების შეძენა უფრო და უფრო ძვირი ხდება. ასევე, ასეთი მაჩვენებელი კომპანიებს მისით ბოროტად სარგებლობლობის საშუალებას აძლევს და ისეთ დიდ სექტორში, როგორიც სერვისია, დღესდღეობის უამრავი ადამიანი კვირაში 40 საათზე ბევრად მეტს მუშაობს შეუსაბამო ანაზღაურებით. მინიმალური ხელფასი რეალურად, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დასაქმებულებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნაში. აქვე აღვნიშნავ, რომ მინიმალური ხელფასი და საარსებო მინიმუმი არ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში, მეტიც მათ შორის დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთი დამატებითი ხარვეზია.

იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასზე მუშაობა დაიწყოს, აუცილებელია ამ საკითხის სტრუქტურული გამოკვლევა. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის ოპტიმიზაცია და მისი შესაბამება დღევანდელობასთან.”