22 სექ

ადგილობრივი სავაჭრო და ინდუსტრიული პოტენციალი

ავტორი:  თეონა კუპრაძე:

“რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა   სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ქვეყნის მშპს განვითარებასთან დაკავშირებით. 2017 წლის მეორე ნახევრის მდგომარეობით, მშპ 4,7 % ით გაიზარდა, რაც კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებში გაწერილ მშპ – ის ზრდის სასურველ ტემპს, 7% -ს. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სისუსტეებთან. ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ძლიერება.

1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ყოველი ახალი ხელისუფლება ეკონომიკური განვითარების ახალ სტრატეგიებს გვთავაზობს, შინაარსობრივად, ყველა მათგანი სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპზეა აგებული. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალმა მთავრობამ პირდაპირ დანერგა „ვაშინგტონის კონსენსუსის“  პრინციპი.

„ვაშინგტონის კონსენსუსი“ მეოცე საუკუნის მიწურულს შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აშშ-ის და მსოფლიო ბანკის მიერ ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. მისი მთავარი თეზისებია: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ბაზრების დერეგულაცია, მთავრობის მიერ მართული ეკონომიკური საქმიანობის პრივატიზაცია, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.  ეს მოდელი ლათინური ამერიკისთვის არაეფექტური აღმოჩნდა, თუმცა მიუხედავად მისი სადავოობისა, იგი ქართულ ეკონომიკაში მაინც აქტიურად დაინერგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის განვითარების მთავარი სტრატეგიაა ტურიზმის განვითარება. აქედან გამომდინარე, ქვეყანის პოლიტიკა არ არის ორიენტირებული დოვლათის შექმნაზე. ხელშეწყობა მხოლოდ სასტუმროების მშენებლობასა და ტურისტული ინფრასტუქტურის გაუმჯობესებაზე ხდება, რაც გამორიცხავს მწარმოებლური პოლიტიკის გატარებას. (ამავდროულად, ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში ტურიზმის წილი 7,9%-ია).

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება კარგი საექსპორტო მაჩვენებლის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია.  ვაჭრობის ლიბერალიზაციამ ექსპორტის განვითარების სტრატეგიის არარსებობის პირობებში, გამოიწვია იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა იმპორტისა და ექსპორტის გათანაბრება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპით დეინდუსტრიალიზაცია მოხდა. დაიხურა ფაბრიკა-ქარხნები, (2002-2007 წლებში მანქანა-დანადგარების უდიდესი ნაწილი ჯართად გაიყიდა, რამაც ჯართის იმპორტი გაასამმაგა). საწარმოო სექტორი სრულად განადგურდა. საქართველოს მთავრობას დღემდე არ გააჩნია ინდუსტრიული პოლიტიკა, შესაბამისად, მათი ჩარევა დარგის განვითარებაში კონსტრუქციული და მიზანმიმართული არ არის, ხშირად ფრაგმენტულია. სახელმწიფო გეზს უნდა აძლევდეს ქვეყნის მრეწველობის განვითარებას.

დღეს, ისეთი დეინდუსტრიალიზებული ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია პროტექციონისტული პოლიტიკა, რადგან თავისუფალი ბაზრის პირობებში, ქართულ წარმოებას და შიდა პროდუქტს მთლიანად შთანთქავს იმპორტირებული, დაბალხარისხიანი პროდუქტი. გერმანელი თეორეტიკოსი გეორგ ფრიდრიხ ლისტი წერდა, რომ განვითარებად ქვეყნებს განვითარებისთვის სჭირდებათ სპეციალური ღონისძიებების სისტემა, მათ შორის  ერთ-ერთი არის პროტექციონიზმი.(პროტექციონიზმი გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი წარმოების მფარველობას და წახალისებას.)

ისტორიულ მაგალითებს რომ გადავხედოთ, ფაქტია, რომ დღეს უდიდესი ინდუსტრიული ქვეყნები მეტ-ნაკლებად პროტექციონიზმის პოლიტიკით მივიდნენ თანამედროვე შედეგამდე.

იმავეს ვაწყდებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გერმანიაში. 1960-იანი  წლებიდან ქვეყნის პოლიტიკა აწყობილი იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე და პროტექციონისტულ პოლიტიკაზე. 1913 წლამდე სამრეწველო მოცულობა ორჯერ გაიზარდა, გათანაბრდა მრეწველობაში და აგრარულ სექტორში მომუშავეთა რაოდენობა. გერმანიის ინდუსტრიაში აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ ძველი დარგების განვითარებაზე, არამედ გაჩნდა ახალი დარგებიც: ელექტროტექნიკური, ქიმიური, მანქანათმშენებლობის და სხვა. ამდენად, სამთამადნო და მეტალურგიული დარგები უკვე აღარ განსაზღვრავდნენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დინამიკას. ამ პოლიტიკით, 1914 წლისთვის გადაასწრო დიდ ბრიტანეთს და სამრეწველო წარმოებით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

იგივე შეიძლება ითქვას ამერიკის მაგალითზე. XIX საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებს შორის თვისებრივი განსხვავება იყო. ჩრდილოეთ შტატებისთვის, სადაც განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, მნიშვნელოვანი იყო პროტექციონისტული დაცვა, ხოლო სამხრეთ შტატებისთვის, სადაც უფრო განვითარებული ვაჭრობა იყო პირიქით, თავისუფალი ვაჭრობა წარმოადგენდა პრიორიტეტს. საბაჟო ტარიფების გამო დაპირისპირება იყო ამერიკის სამოქალაქო ომის (1861 – 1865წწ.) ერთ-ერთი მიზეზიც. ამ ომში  ჩრდილოელმა  პროტექციონისტებმა გაიმარჯვეს და ეკონომიკური სადავეებიც  დიდი ხნის მანძილზე მათ ხელში დარჩა. თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკაზე აშშ გადავიდა მხოლოდ მეოცე საუკუნეში, როცა მისი შიდა რესურსი დიდ ბრიტანეთს გაუთანაბრდა.

შედარებით უფრო თანამედროვე მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სამხრეთ კორეა, რომელმაც საკმაოდ მოკლე დროში მიაღწია ინდუსტრიულ განვითარებას ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდასაჭერი მრავალმხრივი პროგრამებით.  პროტექციონიზმის პოლიტიკით, სუფსიდირებით, საიმპორტო აკრძალვებით და სხვა.

ფრიდრიხ  ლისტი საკმაოდ ვრცლად საუბრობს ამ საკითხებზე. მისი აზრით, ლიბერალიზმი მხოლოდ იმ ქვეყნების ინტერესებში შედის, რომლებიც სამრეწველო უპირატესობას ფლობენ. მაშინ, როდესაც პროტექციონიზმი არის აუცილებელი წინაპირობა სუსტი სახელმწიფოებისთვის ინდუსტრიის გასავითარებლად, რადგან ასეთი ქვეყნებისთვის, თავისუფალ ვაჭრობას მივყავართ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნების მხრიდან მათ ეკონომიკურ კოლონიზაციამდე.”