24 სექ

რა არის “უხილავი შრომა”?

მაშინ, როდესაც “სოლიდარობის ქსელმა” დაიწყო მუშაობა შრომით საკითხებზე, შრომის კოდექსის დარღვევებსა თუ მომსახურების სექტორში დასაქმებულების დაბალ ანაზღაურებაზე, აღმოვაჩინეთ, რომ დასაქამებულთა უმეტესობას ქალები შეადგენენ. ქალები ყოველთვის ასრულებდნენ უფრო მეტ სამუშაოს, რადგანაც გარკვეული ტიპის სამუშაო მხოლოდ „ქალის საქმედ“ ითვლება, მაგ. დასაუფთავება. ასევე, ხშირად, ქალები იღებენ არაადეკვატურ ანაზღაურებას, მაშინ, როდესაც მათგან მოელიან, მაგალითად, 30კგ. ტვირთის აწევას. ამ ქალების უმეტესობა, განათლების ან სამსახურის ძიებაში, რეგიონებიდან არის ჩამოსული. თუმცა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მათ მინიმალური ხელფასის სანაცვლოდ, არასახარბიელო პირობებში უწევთ მუშაობა.

ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა სოფელი და ნათლად დავინახეთ, რომ ქალები უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე კაცები. ქალებს, გარდა საშინაო შრომისა, უწევთ ცხოველების მოვლა და საშინაო მეურნეობის წარმოება. დედაქალაქში მცხოვრები ქალები კი კვირაში სამოცი საათის განმავლობაში მუშაობენ და სამსახურის შემდეგ, საშინაო შრომის შესრულება უწევთ. მაგალითად, სახლის დალაგება, ტანსაცმლის დაუთოვება, ბავშვების მოვლა და სტუმრების გართობა.

ჩვენ ასევე ვნახეთ საზღვარგარეთ ოჯახის სარჩენად წასული ქალები, რომელბიც მომვლელებად და დამლაგებლებად მუშაობენ. დამსაქმებელს, პრაქტიკულად, არაფერი ზღუდავს, მოსთხოვოს ქალებს სამსახურეობრივი მოვალეობების გარდა დამატებითი სამუშაოს შესრულება, რადგანაც ამას ისედაც მოელიან ქალებისგან.

ბიზნესმენი არ გაუზრდის მათ ხელფასებს, რადგან იცის, რომ ქალები საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის გამო, მზად არიან, შეეგუონ მძიმე სამუშაო პირობებს, გაზრდილ ვალდებულებებს და არ მოითხოვენ ხელფასების გაზრდას. დამსაქმებელი პარაზიტივით საზრდოობს ქალების დაბალი პოზიციით საზოგადოებაში, ის საზრდოობს მათი უფასო დამატებითი შრომით. მან იცის, რომ ქალები ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევენ, რაც, შესაბამისად, დაბლა წევს შრომით სტანდარტებს. ის, რომ ქალებს უწევთ ანაზღაურებადი სამუშაოს გარდა უფასო საქმის კეთება ანუ უხილავი შრომის გაწევა, სახელმწიფოს სარგებელს ვერ მოუტანს, რადგან აუნაზღაურებელი შრომით მოგებას ნახულობენ კაპიტალისტები.

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ უხილავ შრომაზე, რომელსაც ქალები ასრულებენ სახლებსა და სამსახურებში. ისტორიულად, საზოგადოება და შრომის ბაზარი ეფუძნებოდა და ეფუძნება ქალების აუნაზღაურებელ შრომას. ქალები, რომლებიც სახლის გარეთაც შრომობენ, სახლში აგრძელებენ უხილავი შრომის შესრულებას, რასაც ორმაგი შრომა ეწოდება.

შრომის სქესობრივი დანაწილების გაცნობიერებისთვის, რეპროდუქციული შრომა, საშინაო შრომისა და ზრუნვის ჩათვლით, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქალთა მზარდი დასაქმება. გენდერი კი, ძლიერი იარაღია შრომის დანაწილებაში სახლშიც და სახლს გარეთაც. ქალბის პროდუქტიულ შრომაში უფრო დიდი ჩართულობა გარდაუვლად ცვლის ჩვენს მდგომარეობას და ჩვენზე განხორციელებული ზეწოლის ფორმებს. კაპიტალისტისთვის, პროდუქტიული სექტორების დეკვალიფიცირებისა და შრომის გაიაფებისთვის ქალების სამუშაო ძალის გამოყენებას ყოველთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს კი ნიშნავს ხელფასების შემცირებას, რაც აუარესებს ჩვენს მდგომარეობას.

როგორ შეიძლება მუშათა კლასის ახალი მოძრაობის აშენება იმ ეპოქაში, რომელშიც ამ კლასის ნახევარი (ან ნახევარზე მეტი) უკვე არის ან იქნება ქალი? – ესაა საკითხი, რომელიც დაუღალავ მუშაობას საჭიროებს.

ასეთი მოძრაობის შენებისას შემდეგი გამოწვევები იჩენს თავს: ქალთა საშინაო ვალდებულებები, ქალების შრომის მეორეხარისხოვნად აღქმა, რეპროდუქციული ვალდებულებები და გაშინაგნებული პატრიარქატი, რაც გულისხმობს ეკონომიკურის მიღმა მდგარ სოციალურ და კულტურულ ზეწოლას, რომელიც აბრკოლებს ქალების პოლიტიკაში ჩართულობას.

ჩვენი მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ შედგება მხოლოდ სტუდენტებისგან ან იმ ქალებისგან, რომლებსაც ამა თუ იმ პრივილეგიის ნიადაგზე, პოლიტიკაში ჩართვის საშუალება აქვთ. სწორედ ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც გზას პოლიტიკისკენ ქალთა უმეტესობას უკეტავს. ყველამ, ვისაც ნამდვილად სურს სამართლიანი საზოგადოების შენება, უნდა გაიაზროს შრომის სქესობრივი დანაწილება, რეპროდუქციის როლი კაპიტალისტებისთვის და თუ როგორ უკავშირდება პატრიარქატი და კაპიტალის დაგროვება ერთმანეთს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პასუხი ქალების ბიოლოგიურ ვალდებულებებზე, არჩევანისა და პროცესის საკითხია (მაგალითად, მეძუძურობის საჭიროება) და ეს ვალდებულებები პატიარქალური იდეოლოგიის მეშვეობით ვრცელდება. იდეოლოგიის, რომელიც ძლიერია როგორც კაცებში, ასევე, ქალებში.

კლასზე და კლასობრივ ცნობიერებაზე ყურადღების გამახვილება ორმაგად მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესის დიქტატურის პირობობში, როდესაც ღირსებაშელახულ და მძიმე პირობებში მყოფ დასაქმებულს თავისი ინტერესების დასაცავად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა უწევს.

ჩვენი მიზანია ქალების საჭიროებების გამოვლნა და მათი პრიორიტეტიზირება, არსებული პრობლემების გააზრება, სწორი კითხვების დასმა, სოციალურ მოძრაობეში ინტერვენცია, განსხვავებული სოციალური მდგომარეობის მქონე ქალების გამოცდილებების შესწავლა და თეორიული თუ ისტორიული ბაზის ანალიზი.

ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლის პროცესში. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ აქტიური მუშაობის პროცესში შევძლებთ ჩვენ მიერ დამუშავებული საკითხებისა და მიზნების მეტი სიცხადით წარმოდგენასა და სრულყოფას.