25 სექ

ცირა: “ძალიან ბევრჯერ მიფიქრია იმაზე თუ  რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვამბობ: თითქმის ყველაფერს!”

ცირა  54 წლის
საცხოვრებელი ადგილი: იმერეთი
ძალიან ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ დროს კინოში, სამოგზაუროდ, თუნდაც „დიდ რუსეთში“ წასვლა არ იყო პრობლემა, არ ვიცი ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი, მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ ბედნიერად გვეცხოვრა და ლაღად, ასეც იყო, სხვა ფასეულობები იყო წინა პლანზე. გათხოვების მერე განსხვავებულ პირობებში და სხვა ფასეულობებით მომიწია ცხოვრება, რამაც ძალიან დამღალა, ბევრი ვიბრძოლე, რომ- რაღაცეები შემეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ არც ლიდერის თვისებები მაქვს და არც მებრძოლი ქალის იმიჯი და ეს ყველაფერი ძალიან რთული აღმოჩნდა.

გავთხოვდი 28 წლის ასაკში დიდი ჩარევით და აურზაურით, რომ უკვე „დიდი გოგო“ ვიყავი გაუთხოვრად დარჩენის კანდიდატი და ვიღუპებოდი. ჩემს შვილებთან რომ ვთქვი, რომ ასე გარიგებით გავთხოვდი, ლამის, ცუდ საქციელად ჩამითვალეს უსიყვარულოდ გათხოვება.

დღესდეობით  როცა სკოლაში არ ვმუშაობ   ვიღვიძებ რვის ნახევარზე. დილა რომ არ იწყებოდეს ძროხის მოწველით და რაღაცა სასიამოვნოსთვის ვიღვიძებდე, ვსვამ ყავას, ცოტას მეუღლესთან ერთად მიმოვიხილავ ხოლმე ძველ და ახალ ამბებს. მერე მივდივარ ძროხის მოსაწველად, 3 ძროხა მყავს, ვაჭმევ ღორებს, გადავდივარ ბოსტანში, რაღაცას აუცილებლად გავაკეთებ რიტუალისთვის მაინც, რომ ბოსტანში ცოტა ბალახი მაინც მოვთხარო და ვიფიქრო, რომ ტყუილად არ გადავედი. მერე სახლში ამოვდივარ, ყველი ამომყავს… დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები , თორემ გაგიჟდები. გავაკეთებ საჭმელს, თუ პური არ მაქ გამოსაცხობი, მაშინ ბედნიერი ვარ. თუ სტუმარს არ ველი, ან მუშა არ მყავს, მაშინ იოლი დღეა, შუადღისას ძილსაც კი მოვახერხებ . მერე, სოფელში სულ არის საქმე, თუ გააკეთებ, ახლა თხილია მოსაკრეფი, კონსერვებია გასაკეთებელი, სათესურებია ასაღები და შესანახი. თუ მეზობელი მოვა, ცოტა ხნით უნდა დაჯდე, წაიჭორაო… დედამთილი მყავს  საკმაოდ სოლიდური ასაკის, 93 წლისაა. არც მე ვარ პატარა გოგო და ხო წარმოგიდგენია, რამდენი პრობლემაა…. საღამოს ისევ ძროხა, ღორი, ვახშმის ხლაფორთი, ტელევიზორის ყურება განსატვირთავად და ისევ ძილი… ხო მართლა, დამავიწყდა ტელეფონზე ლაპარაკი აუცილებლად. შვილებს ველაპარაკები ხოლმე, ანგარიშს ვიბარებ დღისას.

ბევრჯერ მიტირია ბოსელში, იმის გამო რომ… არ დავაკონკრეტებ რის გამოც შეიძლება ბოსელში იტირო, შენ კი მიმიხვდები, იცი სოფლის ცხოვრება… მითქვია ჩემი თავისთვისაც, რაც დაიმსახურე, ისე ცხოვრობთქო… მარა მაინც არ მინდა დიდი ქალაქი, სოფელში ნორმალური პირობები რო იყოს, როგორიც უცხოეთში აქვთ, ალბათ,  ბევრი მოისურვებდა აქ ცხოვრებას.
ძალიან ბევრჯერ მიფიქრია იმაზე თუ  რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვამბობ: თითქმის ყველაფერს! 
წეღანაც რო ვთქვი… გათხოვებით ალბათ მაინც გავთხოვდებოდი, მაგრამ, მე და ჩემი მეუღლე იმდენად განსხვავებული ხასიათების ვართ, რო ძალიან დიდხანს მოვუნდი რაღაცა მაგას… აი ვთქვად კი ვერ გადააკეთებ ადამიანს ბოლომდე, მარა, ვთქვათ რაღაცა თანხვედრა გვქონდეს ხასიათში, გაგებაში. ძლივს, 25 წლის მერე დავმეგობრდით. ამას შევცვლიდი. ადამიანს კარგად სანამ არ გაიცნობ ხასიათებით, იმით, ამით, თავიდან თითქოს ყველაფრის გერიდება რაღაცა, გეიცანი რისი პატიება შეგიძლია, რისი არ შეგიძლია, და მერე  რო იცნობ გზადაგზა და ახალ-ახალ რაღაც აღმოჩენებს აკეთებ და  ხარ ერთ ამბავში  და ნერვები გეწიწკნება ამას ჯობია თავიდანვე კარგად იცნობდე.
ქალებს ხშირად  აწუხებთ უმუშევარი, განერვიულებული და გალოთებული კაცები, რომლებიც თავის უნაირობას ცხოვრებას და ყოფას აბრალებენ, კაცებს შეუძლიათ ერთი დღე და ზოგჯერ სამი დღეც გაუთავებლად ქეიფს და სმას გადააყოლონ. იმას, რასაც გააკეთებს კაცი, თუნდაც ერთ დათრობაზე, არასოდეს გააკეთებს ქალი თავისი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე არ მაქვს საუბარი, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში.

კაცებს შეუძლიათ ერთი დღე და ზოგჯერ სამი დღეც გაუთავებლად ქეიფს და სმას გადააყოლონ. იმას, რასაც გააკეთებს კაცი, თუნდაც ერთ დათრობაზე, არასოდეს გააკეთებს ქალი თავისი ცხოვრების მანძილზე. ყველაზე არ მაქვს საუბარი, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში.

აღფრთოვანებული ვარ ,განსაკუთრებით, დამოუკიდებელი ქალებით, თავისი თავის ფასი რომ იციან და ისიც რა უნდათ  ცხოვრებისგან და არ ფიქრობენ, ახლა ის რას იტყვის, ამა თუ იმ საქციელზე და თავისი თავის ბატონები არიან.
ხშირად ჩემი თავი გამიკრიტიკებია, არ მომწონებია, მაგრამ მაინც ვერ ვიცვლები. არ ვარ დამოუკიდებელი, პრინციპული განსაკუთრებით ქმარ-შვილთან და ამის გამო ხშირად ვისჯები. არ ვცემ ჩემს თავს პატივს და ვიცი, რომ ეს ცუდად მომიბრუნდება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, მაგ.: ჩემი სახელფასო კარტა აქვს ჩემს შვილებს, მე ზოგჯერ საღებავის ფულიც არ მაქვს, მაგრამ მირჩევნია ჩემი შვილი იყოს კმაყოფილი. გამოცდილი კოლეგები მეუბნებიან, რომ ცუდად ვიქცევი, მაგრამ სხვანაირად მაინც არ შემიძლია.
ცხოვრება ეკონომიურად თუ წინ არ წავიდა არაფერი არ შეიცვლება, სოფელში,  რასაც შეიძლება აკეთებდეს კაცი, თანაც იმერეთის გაღატაკებულ სოფელში, ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ წინ ვერ მივდივართ, რაღაც უნდა გამოსტაცო ბუნებას დიდი ჯახირით და წვალებით და მერე ცას მიაჩერდე, რომ არ დასეტყვოს ნაცოდვილარი და მოასწრო შენახვა, ან რა არის შესანახი… ასე უაზრო შრომაში მიდის ცხოვრება. ერთ ამბავს გავიხსენებდი ჩემი პროფესიიდან. პუშკინი დასაჯეს შეთქმულებაში მონაწილეობისთვის და გადაასახლეს სოფელში, არ ქონდა ქალაქში ჩამოსვლის უფლება, თუმცა შეეძლო ტყეში ესეირნა, ენადირა, მეგობრებიც სტუმრობდნენ, დამხმარეც  თან ახლდა, მოკლედ ჩვენც პუშკინივით  მუდმივ გადასახლებაში ვართ.

ასე უაზრო შრომაში მიდის ცხოვრება.

რას ვფიქრობ იცი? რაღაცა ქარხანა რო არსებობდეს, აქ ძირულაში ადრე, მდინარის პირას იყო ისა, მარგანეცი თუ რაღაც, სილიკომმანგანუმი, ახლა რო ბაზრის ქვეშ თხრიან რაღაცა მასეთი, იმას რო ჩხრიკნიდნენ იქ მთელი სოფელი იყო ჩართული, ჩემი ქმარიც იყო ერთი პერიოდი, იმდღესვე აწონიდნენ და ფულსაც იმდღესვე აძლევდნენ, რაღაცა მოტივაცია გინდა, თუნდაც ახლა ყანაში რო მუშაობ… კახეთში რო მუშაობენ, პურის ყანები რო აქვთ, იციან ბოლოს რაღაცა გამოუვათ ხოდა შენ რო ამდენს მუშაობ, სიმინდს თესავ, მარგლი, თოხნი, სასუქს ყრი და ბოლოს არ იცი რა იქნება….მოტივაცია უნდა ხალხს.