26 სექ

საშუალო ხელფასი – სტატისტიკური ხრიკი?

ავტორი: შოთო აზიკური

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ისტორიულ მაქსიმუმს, 1071 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. ეს ახალი ამბავი მალევე აიტაცეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა. თუმცა მოსახლებისგან ამ საიხლეზე რეაქცია ძირითადად ცინიზმით გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მეტროთი მგზავრობისას ჩვენ წინ მჯდომის ხელფასი 1071 ლარია. თუ მას გაუმართლა და საერთოდ აქვს სამსახური. მაშ რა გამოდის, რომ სტატისტიკის სამსახური გვატყუებს?

დიდი ალბათობით სტატისტიკის სამსახური არ გვატყუებს. ისინი უბრალოდ მიყვებიან საკუთარ მეთოდოლოგიას: უკავშირდებიან კომპანიებს და სთხოვენ მონაცემებს საკუთარი თანამშრომლების ხელფასის შესახებ, შემდეგ კომპანიები უგზავნიან საშუალო ხელფასებს და საბოლოო ჯამში ეს საშუალო ხელფასები ჯამდება და დგინდება დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი. სანამ საშუალო ხელფასის, როგორც ასეთის პრობლემურობაზე გადავალთ, რამდენიმე სიტყვით შევეხოთ თავად ამ მეთოდოლოგიით მიღებული შედეგების სიზუსტეს.

აქ შეიძლება რამდენიმე პრობლემას გაესვას ხაზი. ერთი ეს არის არაფორმალური დასაქმების პრობლემა. ბევრი კომპანია არ აფორმებს დასაქმებულებს, ან აფორმებს მხოლოდ ერთს და შემდეგ მის ოფიციალურ ხელფასს ყოფს რამდენიმე დასაქმებულზე. არაფორმალური დასაქმების წილის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა გარკვეულ უზუსტობას საერთო სურათში ეს ფაქტორი ნამდვილად შემოიტანს. უხეში მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ კომპანიაში მუშაობს 4 თანამშრომელი და აქედან მხოლოდ ორია გაფორმებული ოფიციალურად და ისინი 800 ლარს იღებენ ხელფასს, ხოლო სინამდვილეში ოთხივე 400-400 ლარს იღებს. ოფიციალურად საშუალო ხელფასი 800 ლარი გამოდის, ფაქტობრივად კი მისი ნახევარი ანუ 400.

კიდევ ერთი ხარვეზი, რაც საშუალო ხელფასის დათვლის ოფიციალურ მეთოდოლოგიას აქვს შემდეგია: ქართულ კომპანიებს შორის საკმაოდ გავრცელებულია დანაკლისების, ჯარიმების თუ სხვა ხშირად უკანონო გზით ხელფასიდან თანხის ჩამოჭრა. მაგალითად დიდი სუპერმარკეტების ქსელები საკუთარ თანამშრომლებს სისტემატურად აჭრიან ხელფასებიდან თანხებს დაკარგული პროდუქციის ანაზღაურების მიზნით, აიძულებენ მათ იყიდონ ვადაგასული პროდუქცია, დაგვიანების, სკამზე დაჯდომის და სხვა მსგავსი დისციპლინური დარღვევის გამო დასაქმებულები თითქმის ვერასდროს იღებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასის ოდენობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც დაკავებული ხელფასი აღემატება 50%-ს და ზოგჯერ საერთოდაც ვერ იღებენ ხელფასს. საქართველოს დაურეგულირებელი შრომის ბაზრისთვის მსგავსი შემთხვევები სულაც არ არის ერთეული და მას სისტემური ხასიათი აქვს. შესაბამისად, საშუალო ხელფასის ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ამ ფაქტორს არ ითვალისწინებს კიდევ ერთი ნაბიჯით ცილდება რეალურ სურათს.

ერთია თუ როგორ მუშაობს საშუალო ხელფასის დათვლის ოფიციალური მეთოდოლოგია, მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიკითხოთ რას გვეუბნება საშუალო ხელფასი, როგორც ასეთი ჩვენი ეკონომიკის, შრომის ბაზრის და მშრომელების მდგომარეობის შესახებ. საშუალო ხელფასი თავისი არსით უკვე ცინიკური ცნებაა. თუ კომპანიაში მუშაობს ორი ადამიანი და ერთის ხელფასი 10,000 ლარს შეადგენს, ხოლო მეორის 500 ლარს, მათი საშუალო ხელფასი 5250 ლარი იქნება. ქართული ეკონომიკაში უთანასწორობა საკმაოდ მაღალია. საქართველო ჯინის ინდექსის(უთანასწორობის ინდექსის), მიხედვით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში. ამის ერთ-ერთი გამოხატულება ტოპ მენეჯმენტის საოცრად მაღალი ხელფასებია, რაც საშუალო ხელფასის ცნებით შეუმჩნეველი ხდება.

შეგვიძლია რეალური მაგალითი მოვიყვანოთ საქართველოს ბანკის სახით. საქართველოს ბანკში მათი ოფიციალური საიტის მიხედვით 5183 ადამიანია დასაქმებული. დავუშვათ, რომ ყოველი მათგანი საშუალო ხელფასს, 1071 ლარს იღებს(რაც ზედმეტად ოპტიმისტური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი კერძო დამქირავებელია საქართველოში). ამ შემთხვევაში, საერთო ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად დაახლოებით 5,5 მილიონი იქნება. თუმცა საქართველოს ბანკის მფლობელი ჰოლდინგის BGEO-ს 2015 წლის ყოველწლიურ ანგარიშში თუ ჩავიხედავთ აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ ირაკლი გილაურის, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის და საქართვლოს ბანკის სხვა 8 ტოპ მენეჯერის ყოველთვიური ხელფასი თითქმის 2 მილიონ ლარს შეადგენდა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით საქართველოს ბანკის 5000-ზე მეტ თანამშრომელის სახელფასო ბიუჯეტი 5 მილიონს შეადგენს თუ არა, დიდი ალბათობით მათი სახელფასო ბიუჯეტი უფრო ნაკლები იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცით რომ 9 ადამიანს ჯამში 2 მილიონამდე თვიური ხელფასი აქვს. ხოლო მათ ერთად საშუალოდ ჩვენს ნახევრად სპეკულატიურ ნახევრად ფაქტებზე დაყრდნობილ მაგალითზე 1400 ლარი ექნებათ ხელფასი. საქართველოს ბანკზე ამ ფრაგმენტული ინფრომაციითაც ნათელია, რომ საშუალო ხელფასი ერთგვარი სტატისტიკური ფანდი, სტატისტიკური ხრიკია.

მხოლოდ საშუალო ხელფასის ცოდნა არასრულ და ბუნდოვან წარმოდგენას გვაძლევს დასაქმებულთა რეალური ხელფასების შესახებ. ეს ბუნდოვანება და ზუსტი ინფორმაციის არ ქონა, ართულებს დღევანდელი გამოწვევების სიმწვავის დანახვას და მისი გადაჭრის გზების ძიებას, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მშრომელებისთვის და, ზოგადად ფართო საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი გზა ადეკვატური სურათის წარმოჩენისთვის მედიანური ხელფასის გამოანგარიშებაა. მედიანური ხელფასი გულისხმობს შუალედური ხელფასის გამოკვეთას, რომელიც ყველაზე მეტ დასაქმებულს აქვს და, შესაბამისად, უფრო ზუსტ და ადეკვატურ სურათს იძლევა. თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვით, საქსტატი მონაცემებს კომპანიებისგან იღებს, ხოლო კომპანიები მას უკვე საშუალო ხელფასის მონაცემებს აძლევენ, ამიტომ შეუძლებელი ხდება მედიანური ხელფასის გამოანგარიშება. როგორც საქსტატში გვითხრეს, არათუ ცალკეული თანამშრომლების ხელფასების გამოთხოვა, არამედ ამ საშუალო ხელფასების სტატისტიკის მიღებაც დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული, კერძო კომპანიების მხრიდან მოტივაციის არ ქონის გამო. საქსტატში ასევე გვითხრეს 2006 წლის პრაქტიკაზე. მაშინდელი კითხვარები ითვალისწინებდა ბიჯების სისტემას და კომპანიას ავალდებულებდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელშიც დაზუსტებული იქნებოდა რამდენ თანამშრომელს ქონდა 0-500 ლარამდე, 1000-2000 ლარამდე, 2000-10000 ლარამდე ხელფასი. მსგავსი მეთოდოლოგია გაცილებით ადეკვატურ სურათს მოგვცემდა. თუმცა ასეთი გამოკითხვის ჩატარება გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და დღეს ეს აღარ ხორციელდება. თუმცა ფინანსურ ხარჯებზე მეტად კი მსგავსი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ნებასთან არის დაკავშირებული.

თანამედროვე საზოგადოებებში სტატისტიკას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქცია აქვს. საქართველოში ხელფასების ადეკვატური სტატისტიკის ქონა უფრო ცხადს გახდიდა იმ სავალალო რეალობას, რაც ეკონომიკას და მშრომელებს უდგას და პოლიტიკურ დებატებში წინ წამოწევდა რეალურ პრობლემებს მთელი თავისი სიმწვავით. სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური დღეს საშუალო ხელფასისა და სხვა მსგავსი აბსტრაქტული და არაფრის მომცემი სტატისტიკური მაჩვენებლებით ილუზორული კეთილდღეობის შეგრძნების შექმნას ცდილობს. ნაცვლად ამისა სტატისტიკის სამსახური უნდა ატარებდეს ისეთ კვლევებს, რომელიც რეალურ სურათს დაგვანახებს. შეიძლება ეს რეალური სურათი არ იყოს მომხიბვლელი, თუმცა ეს იქნება გამომაფხიზლებელი და ბიძგის მიმცემი, როგორც საზოგადოებისთვის ისე მმართველი პოლიტიკური ძალებისთვის. ამის გაკეთება მხოლოდ საქსტატს შეუძლია, რადგან სხვა კერძო კვლევით ორგანიზაციებს ამის არც ინტერესი აქვთ და ხშირად არც რესურსები. რაც უფრო დიდხანს შეიკავებს თავს პოლიტიკური ელიტა რეალობისთვის თვალის გასწორებისგან, მით უფრო რთული იქნება იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დღითიდღე მწვავდება: დაბალი ხელფასები, სოციალური უთანასწორობა, უმუშევრობა, არასრული დასაქმება, მხოლოდ ბიზნეს ელიტებზე მორგებული “ეკონომიკური განვითარება”.

ავტორი: შოთო აზიკური