17 ოქტ

ქალთა შრომა – მინი კონფერენცია

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი გიწვევთ პანელურ დისკუსიაზე “ქალთა შრომა”, რომელიც გაიმართება 28 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სერვისის სფეროს ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა სამუშაოსადმი განსხვავებული მიდგომებითა და სტრატეგიით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც დასაქმების ადგილებზე, ასევე, მის გარეთ და ვმუშაობთ მოსახლეობისათვის აქტუალურ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა საკითხის აქტუალიზება, მათი საჭიროებების გამოვლენა და მათი ცხოვრებისა და მუშაობის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სერვისის სფერო აერთიანებს ყველაზე მეტ ქალ დასაქმებულს და ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც გამორჩეულია შრომის უფლებების ყველაზე ხშირი და უხეში დარღვევებითა და დაბალი ანაზღაურებით. ამასთანავე, ამ სფეროზე არ ვრცელდება შრომის უფლებების დაცვის მექანიზმი.

ეს პანელური დისკუსია ეხება ქალთა შრომის პრიორიტიზირებას არამხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ სახლშიც, რასაც ჩვენ ქალების “ორმაგ ცვლას” ვუწოდებთ. პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ეხმიანება ქალებს შრომის კოდექსი და, ამასთანავე, თუ როგორი სიტუაციაა მათ სამუშაო ადგილებზე. დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმობა შრომის ფემინიზაციას, რომელიც ახალ ეკონომიკაში დაბალი ანაზღაურებით, მოკლევადიანი ხელშეკრულებებით, არასტაბილური სამუშაო საათებით და კარიერული წინსვლის ძალიან მცირე შანსით ხასიათდება. საბოლოოდ, ჩვენი დისკუსიის დასასრულს, ვისაუბრებთ თუ როგორ წარმოგვიდგენია ქალთა ორგანიზება საქართველოში – რა გზებით და რა შინაარსით. ეს დისკუსია გააერთიანებს ისევე როგორც ჩვენს მონაწილეებს, ასევე დამსწრე აუდიტორიას.

ღონისძიების განრიგი:

პირველი პანელი:

შრომის კოდექსით გათვალისწინებული ქალთა უფლებები.
საქართველოს შრომით კანონმდებლობაში არსებული პრობლემები ქალთა უფლებების სრულფასოვნად დაცვის კუთხით. ქალთა დასაქმება, მოვალეობების გადანაწილება სამუშაო ადგილებზე და ქალთა ანაზღაურება.

➡ პანელზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

რა სისუსტეები აქვს ქართულ შრომის კანონმდებლობას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით; დამსაქმებელთა მხრიდან ქალთა და მამაკაცთა მიმართ პრაქტიკაში არსებული განსხვავებული მიდგომები და მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასაქმების ადგილზე; გენდერული დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში; თანაბარი ანაზღაურების პრობლემა საქართველოში და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები.

➡ მომხსენებლები:
ლინა ღვინიანიძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი)
დავით ომსარაშვილი (სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი)
ანა აბესაძე (სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი)
პაატა ბელთაძე (სოლიდარობის ცენტრის რეგიონული კოორდინატორი გენდერის საკითხებში)

მეორე პანელი:

უხილავი შრომა, “ვარდისფერი” ეკონომიკური მომავალი და რეპროდუქციის კრიზისი.

➡ პანელზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

რა არის უხილავი შრომა; როგორ შეიცვალა ან/და გაფართოვდა უხილავი შრომა ახალ ეკონომიკაში; სოფლის მეურნეობაში და რეგიონში მცხოვრები ქალების შრომის განსხვავებული ხასიათი; ვარდისდერი ეკონომიკის გაბატონება და რეპროდუქციის კრიზისი.

➡ მომხსენებლები:

სოფო ჯაფარიძე (სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი)
მაია ბარქაია – (გენდერის მკვლევარი)
ელენე ბერიაშვილი (სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი)
ნათია ქევხიშვილი (ქალები სამართლიანობისთვის)

მესამე პანელი:

რატომ და როგორი ფორმით არის საჭირო ქალთა ორგანიზება; როგორ წარმოგვიდგენია საქართველოში ქალთა ორგანიზების და ფემინიზმის მომავალი?

❗ ❗ ❗ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მომხსენებელი და დამსწრე აუდიტორიიდან ნებისმიერი მსურველი, რათა სამომავლო პერსპექტივაში განხორციელებადი ქალთა პოლიტიკა დაიგეგმოს. ყველას გთხოვთ, დარჩეთ ღონისძიების ამ ნაწილზე!

დასწრება თავისუფალია.
კონფერენციის მსვლელობის მანძილზე გაგიმასპინძლდებით ჩაი/ყავით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598138182