31 ოქტ

ქალთა შრომა – მინიკონფერენცია

28 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსში, “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრმა” გამართა მინიკონფერენცია “ქალთა შრომა“.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სერვისის სფეროს ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც გამოირჩევა სამუშაოსადმი განსხვავებული მიდგომებითა და სტრატეგიით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც დასაქმების ადგილებზე, ასევე, მის გარეთ და ვმუშაობთ მოსახლეობისათვის აქტუალურ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალთა საკითხის აქტუალიზება, მათი საჭიროებების გამოვლენა და მათი ცხოვრებისა და მუშაობის სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ სერვისის სფერო აერთიანებს ყველაზე მეტ ქალ დასაქმებულს და ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც გამორჩეულია შრომის უფლებების ყველაზე ხშირი და უხეში დარღვევებითა და დაბალი ანაზღაურებით. ამასთანავე, ამ სფეროზე არ ვრცელდება შრომის უფლებების დაცვის მექანიზმი.

ეს პანელური დისკუსია ეხებოდა ქალთა შრომის პრიორიტიზირებას არამხოლოდ სამუშაო ადგილზე, არამედ სახლშიც, რასაც ჩვენ ქალების “ორმაგ ცვლას” ვუწოდებთ. პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ეხმიანება ქალებს შრომის კოდექსი და, ამასთანავე, თუ როგორი სიტუაციაა მათ სამუშაო ადგილებზე. რა სისუსტეები აქვს ქართულ შრომის კანონმდებლობას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით; დამსაქმებელთა მხრიდან ქალთა და მამაკაცთა მიმართ პრაქტიკაში არსებული განსხვავებული მიდგომები და მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასაქმების ადგილზე; გენდერული დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში; თანაბარი ანაზღაურების პრობლემა საქართველოში და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები.

დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო შრომის ფემინიზაციას, რომელიც ახალ ეკონომიკაში დაბალი ანაზღაურებით, მოკლევადიანი ხელშეკრულებებით, არასტაბილური სამუშაო საათებით და კარიერული წინსვლის ძალიან მცირე შანსით ხასიათდება. საბოლოოდ, ჩვენი დისკუსიის დასასრულს, ვისაუბრეთ თუ როგორ წარმოგვიდგენია ქალთა ორგანიზება საქართველოში – რა გზებით და რა შინაარსით.  რა არის უხილავი შრომა; როგორ შეიცვალა ან/და გაფართოვდა უხილავი შრომა ახალ ეკონომიკაში; სოფლის მეურნეობაში და რეგიონში მცხოვრები ქალების შრომის განსხვავებული ხასიათი; ვარდისდერი ეკონომიკის გაბატონება და რეპროდუქციის კრიზისი.

ღონისძიების შემაჯჯამებელი დისკუსია დაეთმო შემდეგ გამოწვევებს: რატომ და როგორი ფორმით არის საჭირო ქალთა ორგანიზება; როგორ წარმოგვიდგენია საქართველოში ქალთა ორგანიზების და ფემინიზმის მომავალი? პანელი იყო ინტერაქტიული ფორმატის, სადაც მონაწილეობა მიიღებო ყველა მომხსენებელმა და დამსწრე აუდიტორიამ,  რათა სამომავლო პერსპექტივაში განხორციელებადი ქალთა პოლიტიკა დაიგეგმოს.