05 ნოე

მეექვსე კითხვის წრე: შავკანიანი ფემინიზმი – მერი ენ უეზერსი; Triple Jeopardy; კომბაჰის მდინარის კოლექტივი

მთარგმნელი: ნესტან მღებრიშვილი

რედაქტორი: გიორგი კობახიძე

 

მერი ენ უეზერსი, არგუმენტი შავკანიან ქალთა გათავისუფლების, როგორც რევოლუციური ძალის სასარგებლოდ (1969)

გამოიცა: მერი ენ უეზერსი, „არგუმენტი შავკანიან ქალთა გათავისუფლების, როგორც რევოლუციური ძალის სასარგებლოდ“, შეწყდეს გართობა: ქალთა გათავისუფლების დღიური. კემბრიჯი, მასაჩუსეტსი: სელ 16, თავი 1, ნომერი 2, 1969 წლის თებერვალი.

„შენს მაგივრად ვერავინ იბრძოლებს; ეს შენ თვითონ უნდა გააკეთო.“ ამ დროისთვის ეს იქნება ის წინაპირობა, რომელსაც შავკანიან ქალთა გათავისუფლების სასარგებლო მოსაზრების გადმოსაცემად გამოვიყენებ, თუმცა, ის ნამდვილად ყველაზე ნაკლებად აღსანიშნავია. შავკანიანი ქალები, ყოველ შემთხვევაში, ის შავკანიანი ქალები, რომლებთანაც მოძრაობაში გვიკონტაქტია, მთელ ენერგიას ხარჯავენ შავკანიანი კაცების „გასათავისუფლებლად“ (თუ თავად არ ხარ თავისუფალი, როგორ უნდა „გაათავისუფლო“ სხვა?). შედეგად, მოძრაობა პრაქტიკულად უმოქმედობამდეა მისული – არა მხოლოდ და მხოლოდ ფუჭად დახარჯული ენერგიის გამო, არამედ რევოლუციური პრინციპების ნაცვლად ძირითადი, არასწორი კონცეფციების მიმართ ერთგულების შედეგად – და ამ სტადიაზე ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ ის რევოლუციური არაა, ის მცდარია.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ქალთა გათავისუფლება საოცრად ემოციური საკითხია და ასევე – ფეთქებადიც. შავკანიანი კაცები ჯერ კიდევ თუთიყუშებივით ტიტინებენ კაცთა უპირატესობის შესახებ. ამას ძალიან მართებულ კითხვამდე მივყავართ: როგორ შეიძლება, სერიოზულად განვიხილოთ ჩვენი აფრიკული მემკვიდრეობის დაბრუნების მოთხოვნა – ცხოვრების კულტურული წესები, რომლებიც აშკარად უკუაგდებენ არა მხოლოდ პატრიარქატს და მატრიარქატს, არამედ სრულიად ოჯახის სტრუქტურას ისე, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. აფრიკელი ტომები კომუნალურად ცხოვრობენ, იქ, სადაც ოჯახები – რომ არაფერი ვთქვათ ოჯახის უფროსებზე – საერთოდ არ არსებობს.

საზიზღარი მოსასმენია, როდესაც შავკანიანი ქალები შავკანიანი კაცებისთვის მამაკაცობის მიცემის შესახებ საუბრობენ – ან უფლებას აძლევენ მათ, მიიღონ იგი. ეს სხვა შავკანიანი ქალების დეგრადირება და შავკანიანი კაცების სრული შეურაცხყოფაა (ყოველ შემთხვევაში, ეს ასე უნდა იყოს). როგორ შეიძლება, ვინმემ სხვას „მისცეს“ ისეთი პირადი რამ, როგორიც მისი სრულწლოვანებაა? ეს იგივეა, რაც მხეცისთვის გათავისუფლების თხოვნა. ჩვენ ჩვენი კაცების უკან დგომის შესახებაც ვყვირით. ეს იძულებულს მხდის, დავსვა კითხვა: ჩვენ ქალები ვართ თუ მისაყუდებელი სკამები ან საბრჯენები? ეს ისე ჟღერს, თითქოს იმას ვამბობთ, რომ თუ მის უკნიდან გამოვალთ, დაეცემა. ჩემი აზრით, ეს აშკარად დედობრივი განაცხადებია და ისინი გულდასმით უნდა ვიკვლიოთ.

ქალთა გათავისუფლება უნდა მიიჩნეოდეს, როგორც სტრატეგია შესაძლო შეკავშირებისა სრულიად რევოლუციურ მოძრაობასთან, რომელიც ქალებს, კაცებსა და ბავშვებს მოიცავს. ჩვენ ახლა ნამდვილი რევოლუციის შესახებ ვსაუბრობთ. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ ფაქტის სრულიად და უპრობლემოდ მიღება, მაშ, გულდასმით იკვლიეთ თქვენი რეაქციები. ჩვენ მოგებისთვის ვთამაშობთ. ისინიც. ვიეტნამი მხოლოდ და მხოლოდ დროისა და გეოგრაფიის საკითხია.

კიდევ ერთი განსახილველი საკითხია ბავშვების გათავისუფლება მონობის ავადმყოფური კულტურისგან. მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვწონს ამის დანახვა, ჩვენ ჯერ კიდევ მონური კულტურის საზღვრებში ვოპერირებთ. შავკანიანი ქალები ჩვენს შვილებს ჩვენივე ღირებულებისა და სიყვარულის ეგოისტური საჭიროებებისთვის ვიყენებთ. ჩვენ ვცდილობთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით, რომელიც მბრძანებლურად მჩაგვრელია ჩვენი შვილების მიმართ და შესაბამისად, ამ პროცესით ვანადგურებთ მათ. რასაკვირველია, შავკანიანი დედის სიყვარულის ტაშისკვრას გარკვეული შეუსაბამობები გააჩნია. თუ ჩვენ საკუთარ თავებს უფლებას მივცემთ, გავექცეთ სიმართლეს, გაჩნდება რისკი დამატებითი 400 წლის თვითგანადგურებაში გატარებისა. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი მხეცი ამდენი ხნით გაგვიძლებს, რაც არ მოხდება.

ქალებს უბრძოლიათ კაცებთან ერთად, ისინი დაღუპულან კაცებთან ერთად ყველა რევოლუციაში, ბოლო დროს კუბაში, ალჟირში, ჩინეთში და ახლა ვიეტნამში. (თუ შეამჩნიეთ, პარიზში გათავისუფლების ეროვნული ფრონტის „სამშვიდობო განხილვას“ ქალი აწარმოებს.) რა სჭირთ შავკანიან ქალებს? ჩვენ აშკარად ყველაზე დაჩაგრული და დეგრადირებული უმცირესობა ვართ მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყანაზე. რატომ არ შეგვიძლია, კანონიერად მოვითხოვოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში?

გაიაზრებთ რა, თუ რა არის ნათქვამი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ გათავისუფლების წინააღმდეგობა ყველა მხრიდან მოვა, განსაკუთრებით სხვა ქალებისა და შავკანიანი კაცების მხრიდან. არ მისცეთ საკუთარ თავებს უფლება, შეგაშინონ ამ სისულელით შავკანინ ქალთა „მატრიარქატის“ შესახებ. შავკანიანი ქალები არ არიან მატრიარქები, ჩვენ გვაიძულეს უარყოფაში ცხოვრება, ჩვენ გამოგვიყენეს და ჩვენზე იძალადეს. მატრიარქატის მითი უნდა შეწყდეს და ჩვენ არ უნდა მივცეთ საკუთარ თავებს უფლება, მისი გამოყენებით დაგვაჩაქუჩონ – იმ შემთხვევაში, თუკი სერიოზულად ვართ განწყობილნი ცვლილებებისა და საკუთარი თავების ამ უცხო კულტურის უზნეობისგან გათავისუფლების მიმართ. დაე, აშკარად გასაგები იყოს, რომ შავკანიან ქალთა გათავისუფლება არ არის ანტი-კაცური; ნებისმიერი ამგვარი განაცხადი ან ინტერპრეტაცია არ უნდა იყოს იყოს შეწყნარებული. ჩვენ ის იმად უნდა მივიღოთ, რაც ის სინამდვილეშია – პრო-ადამიანური, ყველასთვის.

ამგვარი მოძრაობის პოტენციალი უსაზღვროა. მაშინ, როდესაც წარსულში მოძრაობა მხოლოდ გარკვეული ტიპის შავკანიან ადამიანებს იზიდავდა – ახალგაზრდა ხალხს, რადიკალებს და მილიტარისტებს – ძალიან ღარიბებმა, საშუალო კლასმა, მოხუცმა ადამიანებმა და ქალებმა ვერ შეძლეს ცნობიერების ამაღლება, ანდაც თავიანთი ცნობიერების ქმედებად ქცევა. ქალთა გათავისუფლება გვთავაზობს გზას ამგვარი ენერგიებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო კლასის შავკანიან ქალებს, შესაძლოა, არ გამოუცდიათ ღარიბი შავკანიანი ადამიანების სასტიკი ჩახშობა, მათ, როგორც ქალებს, ნამდვილად უგრძვნიათ კაცთა უპირატესობაზე ორიენტირებული საზოგადოება და უფრო მიდრეკილნი იქნებიან, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ჩაგრული დების ზოგიერთი პირობის შემსუბუქებაში სწავლებით, ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებით, ქალებისა და ამ საზოგადოების სირთულეების ვერბალიზებით, კომუნების დაფუძნებაში დახმარებით.

უფროს ქალებს უამრავი ინფორმაცია და გამოცდილება აქვთ და ისინი უმნიშვნელოვანესნი იქნებოდნენ თაობებს შორის ურთიერთობის ნარღვევის დახურვის მცდელობებში. იყო შავკანიანი და შემწყნარებელი იყო ამ ლაყბობის მიმართ, რომელიც ოცდაათ წელს გადაცილებულ ადამიანებს მხედველობაში არ იღებს, სიგიჟეა.

ღარიბ ქალებს აქვთ ცოდნა, რომელიც შეუძლიათ ყველას გაგვიზიარონ. ამ საზოგადოებაში, ჩვენი ღარიბი ქალების გარდა ვის შეუძლია იყოს უფრო რეალისტური საკუთარი თავის შესახებ, ამ საზოგადოების და იმ ნაკლების შესახებ, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაჩნია? ამ დების გარდა, ვის შეუძლია ისარგებლოს და იხეიროს კომუნალური გარემოცვისგან? ჩვენ, ქალებმა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მიმართებაში სიტყვა „სიყვარულის“ შეუშინებლად გამოყენება. უნდა შევწყვიტოთ უმნიშვნელო ეჭვიანობა, ძალადობა, რომელსაც ჩვენ, შავკანიანი ქალები, ამდენი ხანია ჩავდივართ ერთმანეთის მიმართ, ამ ან სხვა კაცის გამო ჩხუბის დროს. (შავკანიანმა კაცებმა იმდენი უნდა იაზროვნონ, რომ შეწყვიტონ ამგვარი დამანგრეველი ქცევის წაქეზება.) ჩვენ სიძლიერისა და ნუგეშისთვის ერთმანეთს უნდა მივმართოთ. ცოტა ხნით დაფიქრდით, რა მოხდებოდა, თუკი შევიკრიბებოდით და გავითავისებდით ჩვენს ოცდაოთხსაათიან კომუნალურ ცენტრებს და გვეცოდინებოდა, რომ ჩვენი შვილები მუდმივ უსაფრთხოებასა და სიყვარულში ცხოვრობენ. რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, თუ რას მოუტანდა ეს ყველას ეგოს, განსაკუთრებით ბავშვებისას. ქალები არ უნდა იყვნენ დამონებულნი ამ საზოგადოების კონცეფციის მიერ დედობის შესახებ. ბავშვები განიცდიან თავიანთი დედების გულისწყრომას დისციპლინის მიმართ. მხოლოდ დაწესებულებებისკენ გახედვაა საკმარისი იმის დასანახად, რომ სიახლის, ცვლილებისა და შემოქმედებითი აზროვნების დროა. ჩვენ არ უნდა ვისხდეთ ჩვენს საჯდომებზე და ველოდოთ, თუ როდის გაგვიკეთებს ამას ვიღაც სხვა. ჩვენი საკუთარი თავები უნდა გადავარჩინოთ.

ჩვენ არ უნდა აღვიქვამდეთ საკუთარ თავებს ვიღაცის პირად სექსუალურ ობიექტებად, მოსამსახურეებად, ძიძებად, მსახურებად და ა.შ. კაცის ყურადღების სანაცვლოდ. კაცები ამ ძალაუფლებას, ისევე, როგორც ოჯახში პურის შემომტანისას, ამ სამსახურების მისაღებად გვახვევენ თავს და ეს ყველაფერი, სწორედაც რომ, სამსახურია. სამაგიეროდ, ჩვენ ვაწამებთ მას და ვავსებთ უიმედობით საკუთარი მამაკაცობის შესახებ და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვაიძულებთ მას, „იინტრიგნონ“ და „იძრომიალონ“, რაც უამრავი კონფლიქტის გამომწვევია. ეს არ არის ის გზა, რომლითაც ადამიანები ცხოვრობენ. ეს თეთრკანიანებისაა. და ჩვენ ამ თამაშს ისევე მოხერხებულად ვთამაშობთ, როგორც ის.

თუ ჩვენ უკეთესი მსოფლიოს შექმნას ვაპირებთ, სად შეიძლება დავიწყოთ ეს საკუთარი თავების გარდა? ჩვენ თავი უნდა გავითავისუფლოთ საკუთარი ზლაზვნისგან, მანამ, სანამ დანარჩენ მსოფლიოზე საუბარს შევძლებთ, ჩვენ ხომ მსოფლიოს ვგულისხმობთ და არაფერს ამის გარდა (ნუ ვეხუმრებით საკუთარ თავებს). ჩვენ მალე ვიქნებით ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულს გაგვხდის, შევუერთდეთ მსოფლიოს სხვა ჩაგრულ ხალხებს, რომლებიც გათავისუფლებაში ისევე არიან ჩართულნი, როგორც ჩვენ, და ამ დროს ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის.

ყველა ქალი განიცდის ჩაგვრას, თეთრკანიანი ქალებიც კი, განსაკუთრებით, ღარიბი თეთრკანიანი ქალები და განსაკურებით ინდოელი, მექსიკელი, პუერტო რიკოელი, აზიელი და შავკანიანი ქალები, რომელთა ჩაგვრაც გასამმაგებულია ზემოხსენებულთა მიერ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვესაუბროთ სხვა ქალებს, რომლებთანაც ეს საერთო ფაქტორი გვაკავშირებს, დავიწყოთ მათთან ხიდების შენება და შესაბამისად, გავაძლიეროთ და შევცვალოთ რევოლუციური ძალა, რომლის მოგროვებასაც ახლა ვიწყებთ. ეს ისაა, რასაც დოქტორი კინგი აკეთებდა. ჩვენ აღარ უნდა მივცეთ საკუთარ  თავებს უფლება, მოგვატყუონ რასიზმის ნიღბით. ჩვენ, ყველანი, ექსპლუატირებულნი ვართ, თვით თეთრკანიანი საშუალო კლასიც კი, იმ რამდენიმე ადამიანის მიერ, რომელიც მთელს მსოფლიოს მართავს. ნამდვილი პრობლემის მისაჩუმათებლად, ის ჩვენ ერთმანეთთან რასიზმზე ლაყბობით გვაჩხუბებს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრკანიანები ნამდვილად რასისტები არიან, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ისინი მათივე ყურადღების გადასატანად არიან დაპროგრამებულნი ასე საფიქრად. თუ ისინი დაკავებულნი არიან ჩვენთან ბრძოლოთ, მაშინ მათ არ აქვთ დრო, ეჭვი შეიტანონ იმ ომის პოლიტიკაში, რომელსაც ეს ხელისუფლება აწარმოებს.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, აშკარაა, რომ თეთრკანიანები ისევე უძლურნი არიან, როგორც ჩვენ, დანარჩენები. ეჭვი არ შეგეპაროთ, ხალხო, ამ სულელმა იცის, რას აკეთებს. ეს კაცი ფულის და ძალაუფლების მომაკვდინებელ თამაშს თამაშობს არა იმიტომ, რომ არ მოვწონვართ. მას სულაც არ ადარდებს, რა მოხდება. მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით, რა მოხდება, თუკი ჩვენ შევიკრიბებით და წავალთ. ვინ იბრძოლებს მის ომებში, ვინ მართავს მის პოლიციურ სახელმწიფოს, ვინ იმუშავებს მის ქარხნებში, ვინ იყიდის მის პროდუქტს?

ჩვენ, ქალებმა, ამ საქმეს უნდა მივხედოთ.

 

 

მესამე მსოფლიოს ქალთა ალიანსი, ქალები ბრძოლაში (1971)

გამოიცა: Triple Jeopardy, თავი პირველი, ნომერი პირველი, 1971 წლის სექტემბერი – ოქტომბერი.

წყარო: რადიკალური ფემინიზმი: დოკუმენტური ისტორია, რედაქტირებულია ბარბარა ა. ქროუს მიერ, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტამბა, 2000.

 

ორგნიზაციის ისტორია

ჩვენს დღევანდელ ორგანიზაციას დასაბამი 1968 წლის დეკემბერში დაედო. SNCC-ში[1] ჩამოყალიბდა შავკანიან ქალთა კრება, რომელმაც დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რომელთაც SNCC-ს წევრი ქალები ორგანიზების ფარგლებში აწყდებოდნენ. ქალები ზოგადად მდივნის ან/და დამხმარეს როლით შემოიფარგლებოდნენ მიუხედავად იმისა, თუ რა შესაძლებლობები ჰქონდათ მათ, ისინი ამ სიტუაციას ვერაფრით გაურბოდნენ. SNCC-ს ქალები რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდგომ კი გადაწყვიტეს, რომ ორგანიზაცია SNCC-ს საზღვრებს მიღმა უნდა გაფართოებულიყო და საჭირო იყო სხვა ორგანიზაციების წევრი ქალების, სოციალური კეთილდღეობის მიმღები დედების, სოციალური მუშაკებისა და კამპუსის რადიკალების შემოერთება. იყო სხვა ქალებისათვის ხმის მიწვდენის მცდელობები, ორგანიზაციამ სახელწოდება შეიცვალა და გახდა „შავკანიან ქალთა ალიანსი“. ამჟამად ორგანიზაცია დამოუკიდებელია SNCC-სგან, ამავდროულად, SNCC-მ ქალთა კრების შენარჩუნება გადაწყვიტა.

ჩვენს გადაწყვეტილებას, შეგვექმნა შავკანიან ქალთა ორგანიზცია, ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი იყო და ჯერ კიდევ არის შავკანიანთა საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მითი და კონცეპცია მატრიარქატის შესახებ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მატრიარქატის კონცეპცია მითია და რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მას არასდროს უარსებია. მატრიარქატი ნიშნავს საზოგადოებას, სადაც ჯგუფის ეკონომიკური ძალაუფლება ქალის ხელშია, ჩვენ კი მშვენივრად ვიცით, თუ ვის ხელშია ამ ქვეყნის ეკონომიკური ძალაუფლება. ჩვენი პოზიცია ამ მითის გამოაშკარავებაა.

ასევე არსებობდა ფართოდ გავრცელებული კონცეპცია იმის შესახებ, თითქოს რაღაც სასწაულის მეშვეობით, მონობის წნეხი შავკანიანი ქალისთვის არ იყო ისეთი დამამცირებელი, საშინელი, ბარბაროსული, როგორც შავკანიანი კაცისთვის. თუმცა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელშიც კაცი არ არის თავისუფალი, ქალი კიდევ უფრო ნაკლებად თავისუფალია, რადგანაც ჩვენ დამატებით საკუთარი სქესით ვართ დამონებულნი.

ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შევნიშნეთ. შავკანიანთა ნაციონალიზმის ზრდასთან და საშუალო კლასის თეთრკანიანთა ნორმებისა და ღირებულებების უარყოფასთან ერთად, თეთრკანიანობის ამგვარმა უარყოფამ – თეთრკანიანთა კულტურისა, თეთრკანიანთა ნორმებისა და ღირებულებებისა – შავკანიანი ქალისათვის სრულიად განსხვავებული ფორმა მიიღო. შავკანიანმა კაცებმა დაიწყეს მოძრაობაში შავკანიანი ქალების როლის განსაზღვრა. მათ განაცხადეს, რომ ჩვენი როლი დამხმარე იყო, სხვები მიიჩნევდნენ, რომ ჩვენი ფუნქცია-მოვალეობა გამრავლება იყო, რათა მათთვის ჯარები მიგვეცა; ზოგი კი ფიქრობდა, რომ კოტექსის ან ვაგინის ძალაუფლება გვქონდა. ჩვენ დავუპირისპირდით ამ კონცეპციებს და განვაცხადეთ, რომ ჭეშმარიტად რევოლუციურმა მოძრაობამ ქალთა სტატუსი უნდა აამაღლოს.

დამატებითმა დისკუსიამ და სწავლამ მიგვითითა მჭიდრო კავშირზე ქალთა ჩაგვრასა და მმართველობის იმ ფორმას შორის, რომელიც საზოგადოებას მოცემულ მომენტში აკონტროლებს. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ჩაგვრის ეკონომიკური საფუძვლის დანახვა და დავრწმუნდით, რომ კაპიტალიზმი და იმპერიალიზმი ჩვენი მთავარი მტრებია. მესამე მსოფლიოს ქალის ექპლუატაცია ეკონომიკურად მომგებიანია. ჩვენ წარმოვადგენთ დამატებითი შრომის მარაგს, იაფი შრომის მარაგს, უფასო შრომის მარაგს (ჩვენსავე სახლებში).

ანტი-იმპერიალისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბებამ მესამე მსოფლიოს სოლიდარობის აუცილებლობის გაცნობიერებამდე მიგვიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ აზიელ, შავკანიან, ჩიკანა[2], ადგილობრივ ამერიკელ და პუერტო რიკოელ დებს შორის კონკრეტული განსხვავებებია, ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ყოველი ჩვენგანი განიცდიდა ერთსა და იმავე ზოგად ჩაგვრას. ინდუსტრიები, რომლებიც ძირითადად მესამე მსოფლიოს ქალებს ასაქმებენ, ქვეყანაში ყველაზე ექსპლუატატორულტა შორის არიან. მოსამსახურეები, საავადმყოფოებში, ქარხნებსა და ფერმებზე მომუშავეები, მკერავები – ამ ექსპლუატაციის უმთავრესი ობიექტები არიან.

სტერეოტიპებმა, რომლებსაც ჩვენს ხალხებს თავს ახვევენ და რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ მათ ფორმირებას თეთრკანიანთათვის მისაღები ღირებულებებით, ჩვენს თემებში ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ჭარბმა გამოყენებამ, რაც ჩვენი ხალხის მიერ გადატანილი ყოველდღიური ჩაგვრისაგან თავის დაღწევის საშუალებაა და სხვა ზემოთ აღწერილმა პრობლემებმა გაგვაცნობიერებინა, რომ ჩვენი მსგავსებები ჩვენს განსხვავებებს აღემატება. ჩვენ მივხვდით, რომ ბევრად უფრო ეფექტურნი და ერთიანნი ვიქნებოდით, თუკი მესამე მსოფლიოს ქალთა ორგანიზაციად გარდავიქმნებოდით. ამრიგად, ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა, რათა მოეცვა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მცხოვრები ყოველი და, რადგან ჩვენი ჩაგვრა ძირითადად ერთი და იგივე ფაქტორით არის გამოწვეული და მტერიც საერთო გვყავს. ორგანიზაციის სახელწოდება შეიცვალა, რათა უკეთ გამოეხატა ჩვენი ჯგუფის ახალი ცნობიერება და შემადგენლობა – მესამე მსოფლიოს ქალთა ალიანსი.

 

არის თუ არა მესამე მსოფლიოს ქალთა ჯგუფი განხეთქილება გათავისუფლებისათვის ბრძოლაში?

მესამე მსოფლიოს ქალი ყოველთვის უნდა იბრძოდეს ამ საზოგადოებაში მისი სამმაგი ექსპლუატაციის წინააღმეგ და უნდა გამოააშკარავოს იგი. მესამე მსოფლიოს ქალთა ჯგუფს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ძალა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მმართველ კლასს გაუწევს წინააღმდეგობას. მესამე მსოფლიოს ქალი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი ჩაგვრის სიღრმე და  მზად არის მის წინააღმდეგ საბრძოლველად, არასდროს დანებდება, სანამ რასისტული, სექსისტური და ეკონომიკური ექსპლუატაციის ყოველი ფორმა არ აღმოიფხვრება.

მესამე მსოფლიოს ქალთა დამოუკიდებელ ორგანიზაციას არ შეაქვს განხეთქილება ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში, პირიქით, ის ამ ბრძოლას აძლიერებს. საზოგადოების მმართველებს სურთ გვაფიქრებინონ, რომ პრობლემა მხოლოდ რასიზმია ან რომ კაცები ბუნებრივად არიან ჩვენი მტრები, ამ გზით ისინი ცდილობენ, ყურადღება გადაგვატანინონ ჩვენი ჩაგვრის ეკონომიკური საფუძვლებიდან. ჩვენი ძმები, რომლებიც მოგვიწოდებენ, არ შევუერთდეთ ქალთა გათავისუფლების მოძრაობას, ვერ აცნობიერებენ, რომ თუკი ეს იდეა განხორციელდება, ეს კი არ გააფართოვებს, არამედ შეაკავებს მესამე მსოფლიოს ქალთა რევოლუციურ ჟინს, რაც სრულიად განმათავისუფლებელ მოძრაობას მოუტანს ზიანს.

მესამე მსოფლიოს ქალთა დამოუკიდებელი ორგანიზაცია გვაძლევს საშუალებას, მივაწვდინოთ ხმა ისეთ ქალებს, რომელთათვისაც ხმის მიწვდენა არ შეუძლიათ ქალთა და კაცთა საერთო ორგანიზაციებს, ეს კი მესამე მსოფლიოს ქალთა პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება. მესამე მსოფლიოს ქალთა დამოუკიდებელი ჯგუფი ქმნის ატმოსფეროს, სადაც ქალები, რომელთაც ზედმეტად ეთაკილებათ შერეულ ჯგუფებში „ქალთა პრობლემების“ შესახებ საუბარი, აღარ იყოყმანებენ, რადგან ექსკლუზიურად ქალებისათვის განკუთვნილ ჯგუფში იქნებიან. ჩვენ შეგვიძლია, მოვამზადოთ მესამე მსოფლიოს ქალებს ლიდერობისათვის, დავეხმაროთ მათ, გახდნენ თავდაჯერებულნი და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში, დავეხმაროთ მათ „მასკულინურისა“ და „ფემინურის“ კონცეპციების აღმოფხვრაში.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ქალთა ან მხოლოდ მესამე მსოფლიოს ადამიანთა სამოქალაქო უფლებებისათვის, ჩვენ ვიბრძვით სექსისტური და რასისტული ჩაგვრის ყოველგვარი ფორმის აღმოსაფხვრელად – ქალებისა და მესამე მსოფლიოს გათავისუფლებისათვის. ჩვენ ვხვდებით, რომ ეროვნული გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური თანასწორობის ატმოსფეროში, ხოლო ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა ამ სისტემის პირობებში შეუძლებელია. ჩვენ ვხვდებით, რომ ჩვენი, როგორც ქალთა ჩაგვრის აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რევოლუციური მთავრობის დროს, რომელიც ქალების დახმარებით გააცნობიერებს მათი გათავისუფლების აუცილებლობას.

მესამე მსოფლიოს ქალთა ალნიანსის პოზიციის მიხედვით, რასიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ქალთა გათავისუფლების ბრძოლის პარალელურად, ამის გარანტი კი მხოლოდ ქალთა ძლიერი, დამოუკიდებელი, სოციალისტური ჯგუფია.

 

მიზნები და ამოცანები

ჩვენი მიზანია მესამე მსოფლიოს თემში მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი წვლილის შეტანა იმ ჩაგვრისა და ექსპლუატაციის აღმოფხვრისათვის მუშაობის გზით, რომლისგანაც ვიტანჯებით. შემდგომში ვაპირებთ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სოციალისტური საზოგადოების შექმნაში, სადაც ვიცხოვრებთ, როგორც ღირსეული ადამიანები და ვიქნებით თავისუფალნი რასიზმის, ეკონომიკური ექსპლუატაციისა და სქესობრივი ჩაგვრის წნეხისგან.

 

  1. შევქმნათ ქალთა ჯგუფი, რომელიც თავს მიუძღვნის მესამე მსოფლიოს ხალხთა შორის სოლიდარობის განვითარების ამოცანას; დაფუძნებული იქნება სოციალისტური ბრძოლის იდეოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც იბრძოლებს ჩაგვრისა და ექსპლუატაციის ყველა იმ ფორმის აღმოსაფხვრელად, რომელიც რასაზე, ეკონომიკურ სტატუსზე და სქესზეა დაფუძნებული; მიმართავს ნებისმიერ აუცილებელ გზას ამ ამოცანის შესასრულებლად.
  2. ხელი შევუწყოთ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში მესამე მსოფლიოს ხალხის ერთობას ისეთ საკითხებში, რომელთაც გავლენა აქვთ ჩვენი ხალხების საგანმანათლებლო, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკური ცხოვრებაზე.
  3. შევაგროვოთ, ავხსნათ და გავავრცელოთ ინფორმაცია მესამე მსოფლიოს შესახებ, სახლშიც და საზღვრებს გარეთაც, განსაკუთრებით ის ინფორმაცია, რომელიც ქალებს ეხება.
  4. ჩამოვაყალიბოთ საგანმანათლებლო ფონდი, რომელსაც გამოვიყენებთ საგანმანათლებლო პროექტების დასაწინაურებლად, სტატიების დასაბეჭდად და სხვა ისეთი მედია-საშუალებების მოსახმარებლად, რომლებიც აუცილებელია საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებისთვის.
  5. ხელახლა ჩამოვაყალიბოთ მყარი ურთიერთობები ჩვენს კაცებთან, გავანადგუროთ მითები, რომლებიც ჩვენმა მჩაგვრელმა ერთმანეთისაგან ჩამოსაშორებლად მოგვახვია თავს და ერთად ვიმუშაოთ ადამიანური სიყვარულისა და პატივისცემის დასაფასებლად.

 

იდეოლოგიური პლატფორმა

ჩვენ ვაღიარებთ ყოველი ადამიანის უფლებას, იყოს თავისუფალი. როგორც ქალები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენი ბრძოლა იმპერიალისტური, სექსისტური სისტემის წინააღმდეგაა, რომელიც ჩაგრავს ყველა უმცირესობას და ასევე ახდენს უმრავლესობის ექსპლუატაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავს მცირე კლასობრივი დაჯგუფება, რომელიც მოგების მიზნით იყენებს რასიზმისა და შოვინიზმის კონცეფციებს ადამიანთა მასების განცალკევებისათვის, კონტროლისათვის და ექსპლუატაციისათვის.

ჩვენ გვსურს თანასწორი სტატუსი იმ საზოგადოებაში, რომელიც არ ახდენს სხვა ხალხებისა და მცირე ერების ექსპლუატაციას და არ ხოცავს მათ. ჩვენ ვიბრძოლებთ სოციალისტური სისტემისათვის, რომელიც იქნება სრულყოფილი, შემოქმედებითი, არაექსპლუატატორული ცხოვრების გარანტი ყველა ადამიანისთვის; ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ არასდროს ვიქნებით თავისუფალნი, სანამ ყველა ჩაგრული ადამიანი არ გათავისუფლდება.

 

ოჯახი

მაშინ, როდესაც კაპიტალისტურ კულტურაში ოჯახის ინსტიტუტი ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ იარაღად გამოიყენება და არ ემსახურება ადამიანთა საჭიროებებს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვემხრობით ერთი ადამიანის მიერ მეორეს ფლობას. ჩვენ ვახალისებთ და მხარს ვუჭერთ კომუნალური მეურნეობის მუდმივ ზრდას და გაფართოებული ოჯახის იდეას. მხარს ვუჭერთ ოჯახის პატრიარქალურისაგან განსხვავებულ ფორმებს და ყველას მოვუწოდებთ ნებისმიერი საქმის გაზიარებისკენ (მათ შორის საოჯახო საქმიანობა და ბავშვებზე ზრუნვა) კაცებსა და ქალებს შორის.

ქალებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გადაწყვიტონ სურთ თუ არა და როდის სურთ ბავშვის ყოლა. არ არსებობს „უკანონო შვილის“ ცნება. უნდა არსებობდეს ოჯახის დაგეგმარების უფასო, უსაფრთხო  და ყველა ქალისათვის ხელმისაწვდომი მეთოდები, მათ შორის, საჭიროებისამებრ – აბორტიც.

არ უნდა არსებობდეს ძალადობრივი სტერილიზაცია ან შობადობის შეზღუდვის აუცილებელი პროგრამები, რომელთაც დღესდღეისობით მესამე მსოფლიოს ქალებისა და სხვა ღარიბი ხალხის გენოციდისათვის.

 

დასაქმება

მაშინ, როდესაც მესამე მსოფლიოს ქალები კლასობრივ საზოგადოებაში სისტემატიურად ექსპლუატირებულები არიან, სახლშიც და სამსახურშიც, ჩვენ მოვითხოვთ:

  1. გარანტირებულ, სრულ, თანასწორ და არაექსპლუატატორულ დასაქმებას, რომელსაც კოლექტიურად გააკონტროლებენ ის მუშები, რომლებიც ქმნიან ამ საზოგადოების სიმდიდრეს.
  2. გარანტირებული ადეკვატურ შემოსავალს ყველასათვის. ეს გამოიწვევს არაშემოქმედებითი შრომის გაზიარებას და რევოლუციური ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენებას ამ ამოცანების შესასრულებლად.
  3. განადგურებას რასიზმისა და სექსიზმისა, რაც მესამე მსოფლიოს ქალებს მომსახურების სფეროში უმდაბლესი ანაზღაურებისათვის შრომას აიძულებს.
  4. უფასო აღსაზრდელი ცენტრების გახსნას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და მოიცავს ხელსაყრელ პირობებს სკოლამდელი და უფროსი ბავშვებისთვისაც.

 

 სქესობრივი როლები

მაშინ, როდესაც ქცევის მკაცრ სქესობრივ როლებზე დაფუძნებული მოდელები მჩაგვრელია ქალებისა და კაცებისათვის, უნდა ვცადოთ როლების ინტეგრირება. ნამდვილი რევოლუციონერი უნდა იყოს დაინტერესებული ადამიანებით და არ უნდა აღიქვას ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ სქესობრივ ობიექტებად.

მეტიც, მიუხედავად იმისა, საზოგადოებრივი წარმოშობისაა, თუ გენეტიკურისა, ჰომოსექსუალობა არსებობს მესამე მსოფლიოს თემში. ჩაგვრა და დეჰუმანიზაციის გამომწვევი დევნა, რომელსაც ჰომოსექსუალები აწყდებიან, უნდა აღმოიფხვრას და დაცული უნდა იყოს მათი ღირსეულ ადამიანებად არსებობის უფლება.

 

განათლება

მაშინ, როდესაც ქალებს ისტორიულად ჩამორთმეული ჰქონდათ განათლების მიღების საშუალება, ან მხოლოდ ნაწილობრივ იღებდნენ განათლებას, ან იღებდნენ არასწორ ინფორმაციას იმ სფეროებში, რომელთაც მათთვის მისაღებად მიიჩნევდა მმართველი ძალა, რომელიც ქალის გაუნათლებლობისაგან სარგებელს იღებდა, ჩვენ მოვითხოვთ:

  1. უფლებას, განვსაზღვროთ საკუთარი მიზნები და ამბიციები.
  2. სწავლასთან და უნარებთან დაკავშირებული სქესობრივი როლების განადგურებას.
  3. თვითშემეცნებას – მესამე მსოფლიოს ქალების ისტორია, მათი წვლილი განმათავისუფლებელ ბრძოლაში, მათი კავშირი საზოგადოებასთან და საკუთარი სხეულების შეცნობა.

 

მომსახურება

მაშინ, როდესაც მესამე მსოფლიოს ადამიანებისათვის მიწოდებული მომსახურება არაადეკვატური, მიუწვდომელი და ძვირია და მათი მიწოდება რასისტული და სექსისტური გზებით ხდება, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ადამიანის გადარჩენისათვის აუცილებელი ყველა მომსახურება – ჯანდაცვა, საცხოვრებელი, საკვები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი და განათლება – იყოს უფასო, კონტროლირებული და ადმინისტრირებული იმ ადამიანიბის მიერ, ვინც იყენებს მათ.

 

თავისთავად ქალები

გამომდინარე იქიდან, რომ არ გვწამს, რომ ერთი ადამიანი მეორეს საკუთრებაა და რადგანაც ყველა ადამიანმა თანასწორად უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ, ჩვენ მოვითხოვთ:

  1. მესამე მსოფლიოს ქალებს ჰქონდეთ უფლება, განსაზღვრონ საკუთარი ცხოვრება და არ იცხოვრონ მამების, ძმების, ან ქმრების მიერ განსაზღვრული ცხოვრებით.
  2. ყველა ორგანიზაცია და ინსტიტუტი (მათ შორის ყველა ე.წ. რადიკალური, სამხედრო ან/და ე.წ. რევოლუციური ჯგუფი) ეპყრობოდეს მესამე მსოფლიოს ქალებს, როგორც ადამიანებსა და ინდივიდებს და არა როგორც კაცთა საკუთრებას, რომლის შეფასებაც მისი რომელიმე კაცთან ასოცირების ან კავშირის საფუძველზეა შესაძლებელი.
  3. მესამე მსოფლიოს ქალები იყვნენ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის სრულუფლებიანი მონაწილეები ნებისმიერ დონეზე, ანუ ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და სამხედრო დონეებზე.

თავდაცვა

მაშინ, როდესაც განმათავისუფლებელი ბრძოლა თანაბრად უნდა გადაიტანოს დაჩაგრული საზოგადოების ყოველმა წევრმა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მესამე მსოფლიოს ქალებს უნდა ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება და პასუხისმგებლობა.

ქალები სრულყოფილად უნდა მოემზადონ და მიიღონ განათლება როგორც საბრძოლო ხელოვნების სფეროში, ისევე პოლიტიკურ არენაზეზ. მეტიც, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყოველი ჩაგრული ხალხის დაცვა ჩვენი ვალია.

 

 

კომბაჰის მდინარის კოლექტივი, შავკანიან ფემინისტთა განაცხადი (1977)

გამოიცა: კომბაჰის მდინარის კოლექტივი, კომბაჰის მდინარის კოლექტივის განაცხადი: შავკანიანი ფემინისტების ორგანიზება სამოცდაათიანებსა და ოთხმოციანებში, Kitchen Table: Women of Color Press, 1986.

წყარო: ეს ხიდი სახელად ჩემი ზურგი: რადიკალი ფერადკანიანი ქალების ნაშრომები, რედ. შერი მორაგა და გლორია ანზალდუა. Kitchen Table Press, 1981.

 

ჩვენ ვართ შავკანიან ფემინისტთა კოლექტივი, რომელიც 1974 წლიდან ხვდება ერთმანეთს.[3] ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ჩართულნი ვიყავით ჩვენი პოლიტიკის განსაზღვრისა და გაშუქების საქმეში, ამავდროულად კი ვახორციელებდით პოლიტიკურ საქმიანობას ჩვენივე ჯგუფის ფარგლებში და სხვა პროგრესულ ორგანიზაციებთან და მოძრაობებთან თანამშრომლობით. დღესდღეისობით ჩვენი პოლიტიკის ყველაზე ზოგადი განაცხადი ის არის, რომ ჩვენ აქტიურად ვუძღვნით საკუთარ თავებს რასობრივი, სქესობრივი, ჰეტეროსექსუალური და კლასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენს განსაკუთრებულ ამოცანად მივიჩნევთ ინტეგრირებული ანალიზისა და პრაქტიკის განვითარებას, რომელიც იმ ფაქტზეა დაფუძნებული, რომ ჩაგვრის ძირითადი სისტემები ურთიერთდაკავშირებულია. ამ ჩაგვრების სინთეზი ქმნის ჩვენი ცხოვრების პირობებს. როგორც შავკანიანი ქალები, ჩვენ შავკანიანთა ფემინიზმს აღვიქვამთ ლოგიკურ პოლიტიკურ მოძრაობად იმ მრავლობით და თანადროულ ჩაგვრებთან საბრძოლველად, რომლებსაც ყოველი ფერადკანიანი ქალი აწყდება.

ჩვენ ამ ნაშრომში განვიხილავთ ოთხ ძირითად საკითხს: (1) თანამედროვე შავკანიანთა ფემინიზმის წარმოშობა; (2) რისი გვწამს, ანუ ჩვენი პოლიტიკის სპეციფიკური მხარე; (3) შავკანიან ფემინისტთა ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ჩვენი კოლექტივის მოკლე ჰერსთორი; და (4) შავკანიან ფემინისტთა პრობლემები და პრაქტიკა.

 

თანამედროვე შავკანიანთა ფემინიზმის წარმოშობა

სანამ შავკანიანთა ფემინიზმის უახლეს განვითარებას განვიხილავთ, გვსურს, დავადასტუროთ, რომ ჩვენ ჩვენს წარმოშობას ვხედავთ აფრო-ამერიკელ ქალთა განგრძობითი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის სინამდვილეში გადარჩენისა და თავისუფლებისათვის. შავკანიან ქალთა უკიდურესად უარყოფითი ურთიერთობა ამერიკულ პოლიტიკურ სისტემასთან (თეთრკანიან კაცთა მბრძანებლობის სისტემა) ყოველთვის იყო განსაზღვრული ჩვენი წევრობით ორ ჩაგრულ რასობრივ და სქესობრივ კასტაში. როგორც ანჯელა დევისი ხაზს უსვამს თავის ნაშრომში „რეფლექსიები შავკანიანი ქალის როლის შესახებ მონათა თემში“, შავკანიანი ქალები, თუნდაც მხოლოდ თავიანთი ფიზიკური გამოხატულებებით, ყოველთვის განასახიერებდნენ მოწინააღმდეგე პოზიციას თეთრკანიან კაცთა მმართველობისათვის და აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მის შემოჭრას მათში და მათ თემებში როგორც დრამატული, ისე შეუმჩნეველი გზებით. ყოველთვის არსებობდნენ შავკანიანი ქალი აქტივისტები – ზოგიერთი მათგანი ცნობილი იყო, როგორც სოჯურნერ თრუთი, ჰერიეტ თაბმანი, ფრენსის ჰარპერი, აიდა ბ. უელს ბარნეტი და მერი ჩერჩ ტერელი, ათასობით ასეთი ქალი კი სრულიად უცნობი – რომელთაც ჰქონდათ თანაზიარი ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ უერთდებოდა მათი სქესობრივი იდენტობა მათ რასობრივ იდენტობას, რათა მათი ცხოვრებისეული მდგომარეობა და მათი პოლიტიკური ბრძოლების ცენტრი უნიკალური გაეხადა. თანამედროვე შავკანიანთა ფემინიზმი ჩვენი დედებისა და დების პირადი მსხვერპლის, საომარი განწყობილებისა და შრომის უთვალავი თაობის პირდაპირი გამოხატულებაა.

შავკანიან ფემინისტთა დასწრება ყველაზე აშკარად ამერიკელ ქალთა მოძრაობის მეორე ტალღასთან დაკავშირებით განვითარდა, რომელიც გვიანდელ 1960-იანებში დაიწყო. შავკანიანი, მესამე მსოფლიოს და მუშა ქალები ფემინისტურ მოძრაობაში დასაწყისიდანვე იყვნენ ჩართულნი, თუმცა გარედან შემომავალმა რეაქციონერულმა ძალებმა და თავად მოძრაობაში არსებულმა რასიზმმა და ელიტიზმა ჩვენი მონაწილეობა გააბუნდოვნა. 1973 წელს, შავკანიანმა ფემინისტებმა, განსაკუთრებით ნიუ იორკიდან, იგრძნეს განცალკევებული, შავკანიან ფემინისტთა ჯგუფის ჩამოყალიბების საჭიროება. ეს შავკანიან ფემინისტთა ეროვნული ორგანიზაცია (NBFO) გახდა.

შავკანიანთა ფემინისტურ პოლიტიკას ასევე აქვს აშკარა კავშირები შავკანიანთა გათავისუფლების მოძრაობებთან, კონკრეტულად 1960-იანებისა და 1970-იანებისა. ბევრი ჩვენგანი საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ამ მოძრაობებში (სამოქალაქო უფლებები, შავკანიანთა ნაციონალიზმი, შავი პანტერები), მათმა იდეოლოგიებმა, მათმა მიზნებმა და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებულმა ტაქტიკებმა ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაზე უდიდესი ზეგვალენა იქონია. ამ გამათავისუფლებელ მოძრაობებში ჩვენმა გამოცდილებამ და იმედგაცრუებამ, ისევე, როგორც თეთრკანიან კაცთა მემარცხენეობის პერიფერიებში მიღებულმა გამოცდილებებმა, გამოიწვია ისეთი პოლიტიკის შემუშავების საჭიროება, რომელიც ანტი-რასისტული იყო თეთრკანიან ქალთა პოლიტიკისაგან განსხვავებით და ანტი-სექსისტური – შავკანიან და თეთრკანიან კაცთა პოლიტიკისაგან განსხვავებით.

შავკანიანთა ფემინიზმის პირადი წარმოშობა ნამდვილად არსებობს, ანუ იმ პოლიტიკური გააზრებისა, რომელიც ცალკეული შავკანიანი ქალების პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან მომდინარეობს. შავკანიან ფემინისტებს და კიდევ უამრავ შავკანიან ქალს, რომელიც თავს ფემინისტად არ მიიჩნევს, გამოუცდია სქესობრივი ჩაგვრა, როგორც უცვლელი ფაქტორი ჩვენი ყოველდღიური არსებობისა. ბავშვობაში გავიაზრეთ, რომ ბიჭებისაგან განვსხვავდებოდით და განსხვავებულადაც გვეპყრობოდნენ. მაგალითად, ჩვენ ერთ ამოსუნთქვაში იმიტომაც გვაჩუმებდნენ, რომ „ქალურები“ ვყოფილიყავით და იმიტომაც, რომ ნაკლებად არასასურველნი გამოვჩენილიყავით თეთრკანიანთა თვალებში. როდესაც გავიზარდეთ, გავიაზრეთ კაცების მიერ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საფრთხე. თუმცა, ჩვენ არ გვქონდა იმის კონცეპტუალიზირების გზა, რაც ჩვენთვის ასე აშკარა იყო, იმისა, რაც ვიცოდით, რომ ნამდვილად ხდებოდა.

შავკანიანი ფემინისტები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ თავს შეშლილებად გრძნობდნენ მანამ, სანამ სქესობრივი პოლიტიკის, პატრიარქალური მბრძანებლობის და რაც მთავარია, ფემინიზმის კონცეფციებს გააცნობიერებდნენ, იმ პოლიტიკური ანალიზისა და პრაქტიკისა, რომელსაც ჩვენ, ქალები, ჩვენი ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიყენებთ. ის ფაქტი, რომ რასობრივი პოლიტიკა და თავად რასიზმი ჩვენი ცხოვრების შეღწევადი ფაქტორებია, საშუალებას არ გვაძლევდა, აგვეშენებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას და საბოლოო ჯამში, ჩვენს ჩაგვრას დაასრულებდა. ჩვენი განვითარება ასევე უნდა იყოს დაკავშირებული შავკანიან ადამიანთა თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან. შავკანიანი ახალგაზრდობის მეორე მსოფლიო ომის შემდეგმა თაობამ პირველად შეძლო მინიმალური მონაწილეობის მიღება გარკვეულ საგანმანათლებლო და დასაქმების არჩევანში, რომელიც მანამდე სრულიად დახურული იყო შავკანიანი  ადამიანებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ ამერიკული კაპიტალისტური ეკონომიკის ყველაზე დაბალ საფეხურზეა, ზოგიერთმა ჩვენგანმა შეძლო გარკვეული ხელსაწყოების მოპოვება განათლებასა და დასაქმებაში ტოკენიზმის შედეგად, რამაც საშუალება მოგვცა, უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ჩვენს ჩაგვრას.

საერთო ანტი-რასისტულმა და ანტი-სექსისტურმა შეხედულებებმა ჩვენ ერთად მოგვიზიდა და მას შემდეგ, რაც პოლიტიკურად განვვითარდით, დავიწყეთ საუბარი კაპიტალიზმის ქვეშ ეკონომიკური ჩაგვრისა და ჰეტეროსექსიზმის შესახებაც.

 

რისი გვწამს

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პოლიტიკა თავიდან იმ საერთო მოსაზრებიდან გამომდინარეობდა, რომ შავკანიანი ქალები არსებითად ღირებულნი არიან, რომ ჩვენი გათავისუფლება საჭიროა არა როგორც ვიღაცის გათავისუფლებასთან ერთად მოსული რამ, არამედ ჩვენი, როგორც ადამიანების საჭიროების გამო, ვიყოთ ავტონომიურნი. ეს, შესაძლოა, აშკარად და მარტივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენთვის აშკარაა, რომ ჩვენი სპეციფიკური ჩაგვრა პრიორიტეტად არცერთ სხვა თვალნათლივ პროგრესულ მოძრაობას არ მიუჩნევია და ამ ჩაგვრის დასასრულებლად სერიოზული სამუშაოებიც არავის ჩაუტარებია. შავკანიან ქალებთან დაკავშირებული დამამცირებელი სტერეოტიპების ჩამოთვლაც კი (მაგალითად მემი, მატრიარქი, საფირონი, ბოზი, ბულდეგერი), რომ არაფერი ვთქვათ იმ ბოროტი, ხშირად მომაკვდინებელი მოპყრობის შესახებ, რომელსაც ხშირად ვიღებთ, ნათელყოფს, თუ რამდენად მცირე ღირებულების მატარებელი იყო ჩვენი ცხოვრება დასავლეთ ნახევარსფეროში ოთხსაუკუნოვანი მონობის დროს. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ჩვენ თავად ვართ ის ერთადერთი ხალხი, რომელიც იმდენად ზრუნავს ჩვენზე, რომ დაუსრულებლად იშრომოს ჩვენი გათავისუფლებისათვის. ჩვენი პოლიტიკა მომდინარეობს ჯანსაღი სიყვარულისაგან საკუთარი თავების, დებისა და თემის მიმართ, რაც საშუალებას გვაძლევს, ბრძოლა და შრომა გავაგრძელოთ.

ჩვენს ჩაგვრაზე ამგვარი ფოკუსირება გამოხატულია ჩვენი იდენტობის პოლიტიკის კონცეფციაში. ჩვენ გვწამს, რომ ყველაზე ყოვლისმომცველი და პოტენციურად ყველაზე რადიკალური პოლიტიკა მომდინარეობს ჩვენი საკუთარი იდენტობიდან და არა ვიღაც სხვის ჩაგვრის დასრულებისათვის შრომიდან. შავკანიანი ქალების შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით საზიზღარი, საშიში, საფრთხილო და შესაბამისად, რევოლუციური კონცეფიცაა, რადგან ჩვენამდე არსებული პოლიტიკური მოძრაობების დაკვირვებისას აშკარავდება, რომ ყველა იმაზე მეტად იმსახურებს გათავისუფლებას, ვიდრე ჩვენ. ჩვენ უარვყოფთ კვარცხლბეკებს, დედოფლობას და ათი ნაბიჯით უკან სიარულს. ადამიანად, თანაბარ ადამიანად აღიარება საკმარისია.

ჩვენ გვწამს, რომ პატრიარქატის ქვეშ სქესობრივი პოლიტიკა ისევე შეღწევადია შავკანიან ქალთა ცხოვრებაში, როგორც კლასობრივი და რასობრივი პოლიტიკა. ჩვენ საკმაოდ ხშირად გვიჭირს რასობრივი ჩაგვრის განცალკევება კლასობრივი და სქესობრივი ჩაგვრისაგან, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ეს სამი, როგორც წესი, თანაზიარადაა გამოვლენილი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რასობრივ-სქესობრივი ჩაგვრა, რომელიც არც მხოლოდ რასობრივია, არც მხოლოდ სქესობრივი, მაგალითად: ისტორია თეთრკანიანი კაცების მიერ შავკანიანი ქალების გაუპატიურებისა, რაც პოლიტიკური ჩაგვრის იარაღად გამოიყენებოდა.

თუმცა ჩვენ ფემინისტები და ლესბოსელები ვართ, ჩვენ ვგრძნობთ სოლიდარობას პროგრესული შავკანიანი კაცების მიმართ და არ ვემხრობით ფრაქციონალიზაციას, რომელსაც თეთრკანიანი სეპარატისტი ქალები მოითხოვენ. ჩვენი სიტუაცია, როგორც შავკანიანი ადამიანებისა, ჩვენს სოლიდარობას რასის ფაქტის მიმართ აუცილებელს ხდის, რისი საჭიროებაც თეთრკანიან ქალებს თეთრკანიანი კაცების მიმართ, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი საქმე ეხება მათ უარყოფით სოლიდარობას, როგორც რასობრივი მჩაგვრელებისა. ჩვენ შავკანიან კაცებთან ერთად ვიბრძვით რასიზმის წინააღმდეგ ისევე, როგორც შავკანიან კაცებს ვებრძვით სექსიზმის გამო.

ჩვენ ვიაზრებთ, რომ ყველა ჩაგრული ხალხის გათავისუფლება აუცილებელს ხდის პატრიარქატთან ერთად კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემების განადგურებას. ჩვენ სოციალისტები ვართ იმიტომ, რომ გვწამს, შრომა იმ ადამიანთა კოლექტიური სარგებლისათვის უნდა ორგანიზდეს, რომლებიც შრომობენ და ქმნიან პროდუქტს და არა სარგებელს ბოსებისათვის. მატერიალური რესურსები თანაბრად უნდა განაწილდეს მათ შორის, ვინც ამ რესურსებს ქმნის. თუმცა, ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ სოციალისტური რევოლუცია, რომელიც ამავდროულად ფემინისტური და ანტირასისტული რევოლუცია არაა, გათავისუფლების გარანტიას მოგვცემს. ჩვენ უკვე ვგრძნობთ აუცილებლობას კლასობრივი ურთიერთობების ისეთი გაგების შემუშავებისა, რომელიც ითვალისწინებს შავკანიან ქალთა სპეციფიკურ კლასობრივ მდგომარეობას. ჩვენ შრომით ბაზარზე ზოგადად მარგინალურ მდგომარეობაში ვართ, თუმცა ამჟამად ზოგიერთი ჩვენგანი დროებით აღიქმება ორმაგად სასურველ სიმბოლოდ თეთრსაყელოიანი, პროფესიონალური სფეროებისათვის. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ნამდვილ კლასობრივ მდგომარეობას იმ ადამიანებისა, რომლებიც არა ურასო, უსქესო მშრომელები არიან, არამედ რომელთა რასობრივი და სქესობრივი ჩაგვრაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია მათი სამუშაო/ეკონომიკური ცხოვრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არსებითად ვეთანხმებით მარქსის თეორიას მაშინ, როდესაც ის იმ სპეციფიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება, რომლებიც მან გააანალიზა, ჩვენ ვიცით, რომ მისი ანალიზი უნდა გაფართოვდეს, რათა ჩვენ გავიაზროთ ჩვენი, როგორც შავკანიანი ქალების სპეციფიკური ეკონომიკური მდგომარეობა.

პოლიტიკური წვლილი, რომელიც ჩვენი აზრით უკვე შევიტანეთ იმ ფემინისტური პრინციპის გაფართოებამ გამოიწვია, რომ პირადი პოლიტიკურია. მაგალითად, ჩვენს ცნობიერების ამაღლების სესიებში ბევრი თვალსაზრისით გავცდით თეთრკანიან ქალთა შთაგონებებს, რადგან ჩვენ საქმე რასობრივ, კლასობრივ და სქესობრივ მნიშვნელობებთან გვაქვს. ჩვენი საუბრის შავკანიანი ქალური სტილი/შავკანიანი ენის გამოყენებით დადასტურება იმისა, თუ რა გამოვცადეთ, იწვევს რეზონანსს, რომელიც კულტურულიცაა და პოლიტიკურიც. ჩვენ საკმაოდ ბევრი ენერგია დავხარჯეთ ჩვენი ჩაგვრის კულტურული და გამოცდილებითი ბუნების შესასწავლად, რადგან ეს აუცილებელი იყო იმიტომ, რომ აქამდე ამ საკითხებიდან არცერთი განუხილავთ. აქამდე არავის უკვლევია შავკანიან ქალთა ცხოვრების მრავალშრიანი სტრუქტურა. ასეთი შთაგონების/კონცეპტუალიზების მაგალითი ერთ-ერთი შეხვედრის დროს გახდა თვალსაჩინო, როდესაც განვიხილავდით, თუ როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს ადრეულ ინტელექტუალურ ინტერესებს ჩვენი თანატოლები, განსაკუთრებით – შავკანიანი კაცები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყოველი ჩვენგანი „ჭკვიანობის“ გამო „მახინჯადაც“ მიიჩნეოდა, ანუ „ჭკვიან-მახინჯად“. „ჭკვიანი-მახინჯმა“ მოახდინა იმის კრისტალიზება, თუ როგორ აიძულებდნენ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი ინტელექტი ჩვენივე „სოციალური“ ცხოვრების ფასად გაგვევითარებინა. შავკანიან და თეთრკანიან თემებში შავკანიანი მოაზროვნე ქალების წინააღმდეგ არსებული სანქციები შედარებით მაღალია, ვიდრე თეთრკანიანი ქალებისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საშუალო ან მაღალი კლასის წევრ, განათლებულ თეთრკანიან ქალებს ვგულისხმობთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ უარვყოფთ ლესბოსური სეპარატიზმის პოზიციას, რადგან ის ჩვენთვის შესაფერის პოლიტიკურ ანალიზად ან სტრატეგიად არ მიგვაჩნია. ის ზედმეტად ბევრ რამეს და ზედმეტად ბევრ ადამიანს ივიწყებს, განსაკუთრებით შავკანიან კაცებს, ქალებსა და ბავშებს. ჩვენ დიდი რაოდენობის კრიტიკა და ზიზღი გვაქვს იმის მიმართ, რადაც კაცები ამ საზოგადოებაში სოციალიზდნენ: რასაც მხარს უჭერენ, როგორც იქცევიან და როგორც ჩაგრავენ. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს მცდარი წარმოდგენა, რომ მათი კაცობა, როგორც ასეთი – ანუ მათი ბიოლოგიური კაცობა – არის ის, რაც მათ ასეთებად აქცევს. როგორც შავკანიანი ქალები, ჩვენ ნებისმიერი სახის ბიოლოგიურ დეტერმინიზმს განსაკუთრებულად საშიშ და რეაქციონერულ საფუძვლად მივიჩნევთ ნებისმიერი პოლიტიკის ასაშენებლად. ჩვენ ისიც კითხვნის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ, არის თუ არა ლესბოსური სეპარატიზმი შესაბერისი და პროგრესული პოლიტიკური ანალიზი და სტრატეგია თავად მათთვისაც, ვინც მას იზიარებს, რადგან იგი იმდენად სრულიად უარყოფს ყველაფერს ქალთა ჩაგვრის სქესობრივი წყაროების გარდა, რომ სრულიად უგულვებელყოფს კლასისა და რასის არსებობას.

 

შავკანიან ფემინისტთა ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემები

შავკანიან ფემინისტთა კოლექტივად ოპერირების პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გამოვცადეთ წარმატებაცა და დამარცხებაც, სიხარულიც და ტკივილიც, გამარჯვებაცა და მარცხიც. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ შავკანიანთა ფემინისტური პრობლემების გარშემო ორგანიზება ძალიან რთულია, ჩვენთვის გარკვეულ კონტექსტებში იმის გამოცხადებაც კი სირთულეს წარმოადგენს, რომ შავკანიანი ფემინისტები ვართ. ჩვენ ვცადეთ, გამოგვერკვია ჩვენი სირთულეების მიზეზები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თეთრკანიან ქალთა მოძრაობა ასე ძლიერია და ამდენი მიმართულებით აგრძელებს ზრდას. ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ორგანიზების პრობლემების გამომწვევ რამდენიმე ზოგად მიზეზს, რომელთაც ჩვენ ვაწყდებით და ასევე კონკრეტულად ვისაუბრებთ ჩვენს კოლექტივში ორგანიზების საფეხურების შესახებაც.

ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში სირთულის უმთავრესი წყარო ისაა, რომ ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ ერთი ან თუნდაც ორი ფრონტიდან მიღებულ ჩაგვრასთან ბრძოლას, არამედ ჩაგვრების მთელი რიგის წინააღმდეგ გაბრძოლებას. ჩვენ არ გვაქვს რასობრივი, სქესობრივი, ჰეტეროსექსუალური ან კლასობრივი პრივილეგიები, რომელთაც დავეყრდნობით, არც ის მინიმალური წვდომა გვაქვს რესურსებთან და ძალაუფლებასთან, რომლითაც ის ჯგუფები სარგებლობენ, რომელთაც ამ ტიპის პრივილეგიებიდან ერთ-ერთი მაინც გააჩნიათ.

შავკანიან ქალად ყოფნასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური წნეხი და ის სირთულეები, რომელთაც ეს პოლიტიკური ცნობიერების მიღწევასა და პოლიტიკური საქმის კეთებასთან მიმართებაში იწვევს, არასათანადოდ არასდროს უნდა შევაფასოთ. შავკანიან ქალთა ფსიქიკას ამ საზოგადოებაში ძალიან დაბალი ღირებულება აქვს, რაც რასისტულიცაა და სექსისტურიც. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა ძველმა წევრმა ერთხელ აღნიშნა, „ჩვენ ყველანი დაზიანებულნი ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ვართ შავკანიანი ქალები“. ჩვენ უფლებაჩამორთმეულნი ვართ ფსიქოლოგიური და ყველა სხვა თვალსაზრისით, თუმცა ჯერ კიდევ ვგრძნობთ ყველა შავკანიანი ქალის პირობების შესაცვლელად ბრძოლის საჭიროებას. თავის ნაშრომში „შავკანიანი ფემინისტის ძიება დობისა“, მიშელ უოლესმა ამგვარი დასკვნა გააკეთა:

ჩვენ ვარსებობთ, როგორც ქალები, რომლებიც შავკანიანები არიან, რომლებიც ფემინისტები არიან, ამჟამად თითოეული ჩვენგანი გაჭირვებულია, დამოუკიდებლად ვმუშაობთ, რადგან საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არსებობს ისეთი გარემო, რომელიც ოდნავ მაინცაა დაახლოებული ჩვენს ბრძოლასთან – იმიტომ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე დაბლა ვართ, ჩვენ იმის გაკეთება მოგვიწევს, რაც ჯერ არავის გაუკეთებია: ჩვენ მოგვიწევს მსოფლიოსთან ბრძოლა.[4]

უოლესი შავკანიან ფემინისტთა მდგომარეობის შეფასებისას პესიმისტური, თუმცა რეალისტურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახსენებს იმ ლამის კლასიკურ იზოლაციას, რომელსაც ყოველი ჩვენგანი აწყდება. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი დაბალი მდგომარეობა, რათა სუფთად გადავხტეთ რევოლუციურ მოქმედებაში. შავკანიანი ქალები თავისუფლები რომ იყვნენ, ეს იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ სხვა ყველა თავისუფალი იქნებოდა, რადგან ჩვენი თავისუფლება ჩაგვრის ყოველი სისტემის განადგურების აუცილებლობას გამოიწვევდა.

მიუხედავად ამისა, ფემინიზმი შავკანიანი ადამიანების უმრავლესობისათვის დიდი საფრთხის შემცველია, რადგან ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაზე ძირითად დასკვნებს ჩვენი არსებობის შესახებ, მაგალითად იმას, რომ სქესი ძალაუფლებრივი ურთიერთობების გადამწყვეტი ფაქტორი უნდა იყოს. იხილეთ, რატომ იყო ქალებისა და კაცების როლები განსაზღვრული შავკანიანთა ნაციონალისტურ ბროშურაში ადრეული 1970იანებიდან:

ჩვენ გვესმის, რომ ტრადიციულად სახლის ხელმძღვანელი ყოველთვის კაცი იყო და არის.

ის სახლის/ერის ლიდერი იმიტომაა, რომ მისი ცოდნა მსოფლიოს შესახებ უფრო ფართოა, მისი ცნობიერება უფრო ყოვლისმომცველია, მისი გაგება უფრო სავსეა და მის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენება უფრო ბრძნულია… ბოლოს და ბოლოს, კაცისათვის სახლის ხელმძღვანელობა ლოგიკურია, რადგან მას საკუთარი სახლის განვითარების დაცვა შეუძლია… ქალს არ შეუძლია, გააკეთოს იგივე, რაც კაცს – ისინი ბუნებამ განსხვავებული ფუნქციონირებისათვის შექმნა. ქალებისა და კაცების თანასწორობა ისეთი რამაა, რაც აბსტრაქტულ სამყაროშიც კი ვერ მოხდება. კაცები სხვა კაცებთანაც არ არიან თანასწორნი, მაგალითად, უნარებით, გამოცდილებით და თვით გაგებითაც კი. ქალებისა და კაცების ღირებულება შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ოქროსი და ვერცხლისა – ისინი არ არიან თანასწორნი, მაგრამ ორივეს უდიდესი ღირებულება გააჩნია. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქალი და კაცი ერთმანეთს ავსებენ, რადგან არ არსებობს სახლი/ოჯახი კაცისა და მისი ცოლის გარეშე. ნებისმიერი სიცოცხლის განვითარებაში ორივე მათგანს არსებითი მნიშვნელობა აქვს.[5]

შავკანიან ქალთა უმეტესობის მატერიალური პირობები ვერ მისცემდა იმის საშუალებას, რომ ხელი შეეშალათ იმ ეკონომიკური და სექსუალური წესრიგისათვის, რომელიც მათ ცხოვრებაში თითქოს გარკვეულ სტაბილურობას წარმოადგენდა. ბევრ შავკანიან ქალს სექსიზმისა და რასიზმის საკმაოდ კარგი გაგება აქვს, მაგრამ მათი ცხოვრების ყოველდღიური შებოჭილობის გამო, მათ არ შეუძლიათ ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ გაბრძოლება.

შავკანიან კაცთა რეაქცია ფემინიზმთან მიმართებაში გამოუსწორებლად უარყოფითია. რა თქმა უნდა, ისინი შავკანიან ქალებთან შედარებით ბევრად მეტ საფრთხეს ხედავენ იმაში, რომ შესაძლოა, შავკანიანი ფემინისტები ჩვენივე საჭიროებების გარშემო ვორგანიზდეთ. ისინი იაზრებენ, რომ მათ შესაძლოა არა მხოლოდ მათი ბრძოლის ღირებული და შრომისმოყვარე მხარდამჭერები დაკარგონ, არამედ იძულებულნი გახდნენ, შეიცვალონ შავკანიან ქალებთან ურთიერთობისა და მათი ჩაგვრის ჩვეულებრივ სექსისტური ჩვევები. ის ბრალდებები, რომ შავკანიანთა ფემინიზმი შავკანიანთა ბრძოლას ყოფს, ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია შავკანიან ქალთა ავტონომიური მოძრაობის ზრდისათვის.

და მაინც, ჩვენი ჯგუფის სამწლიანი არსებობის მანძილზე, დროის სხვადასხვა მონაკვეთებში ასობით ქალი აქტიურობდა. ყველა შავკანიანი ქალი, რომელიც მოვიდა, მოვიდა რაღაც ისეთი შესაძლებლობის ძლიერი საჭიროების გამო, რომელიც მის ცხოვრებაში აქამდე არ არსებობდა.

1974 წელს, როდესაც პირველად დავიწყეთ შეხვედრა NBFO-ს პირველი აღმოსავლეთ რეგიონალური კონფერენციის შემდეგ, ჩვენ არ გვქონდა სტრატეგია ორგანიზებისათვის, არც ფოკუსი. ჩვენ გვსურდა გვენახა, თუ რა გაგვაჩნდა. თვეების შეხვედრების გარეშე გატარების შემდეგ, ჩვენ ისევ დავიწყეთ შეხვედრა და ცნობიერების ამაღლების უფრო ძლიერ პროცესში ჩავებით. ჩვენ ისეთი ამაღელვებელი გრძნობა გვქონდა, თითქოს წლების შემდეგ ბოლოს და ბოლოს ვიპოვეთ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწეოდით, ცალკეული ადამიანები მაინც ჩართულნი იყვნენ ლესბოსურ პოლიტიკაში, სტერილიზაციის ძალადობასა და აბორტის უფლებებთან დაკავშირებულ სამუშაოში, მესამე მსოფლიოს ქალთა აქტივობებში ქალთა საერთაშორისო დღისათვის და დოქტორი კენეთ ედელინის, ჯოან ლითლის და ინიეზ გარსიას სასამართლო სხდომების მხარდასაჭერ საქმიანობაში. ჩვენი პირველი ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ჩვენი წევრობა საგრძნობლად შემცირდა, დარჩენილებმა სერიოზული დისკუსია მივუძღვენით შავკანიანთა თემში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის თავშესაფრის გახსნის შესაძლებლობას. (ბოსტონში ამ დროისათვის ამგვარი თავშესაფარი არ არსებობდა). ჩვენ ამავე დროს გადავწყვიტეთ დამოუკიდებელ კოლექტივად ჩამოყალიბებაც, რადგან სერიოზული უთანხმოება გვქონდა NBFO-ს ბურჟუა-ფემინისტურ პოზიციასთან და მათი მხრიდან ცხადი პოლიტიკური ფოკუსის არქონასთან.

ჩვენ ამავე დროს დაგვიკავშირდნენ სოციალისტი ფემინისტები, რომელთანაც უკვე ნამუშევარი გვქონდა აბორტის უფლებებთან დაკავშიებულ აქტივობებზე, მათ სურდათ, წავექეზებინეთ იელოუ სფრინგსში ეროვნულ სოციალისტურ ფემინისტურ კონფერენციაზე დასწრებისაკენ. ჩვენი ერთ-ერთი წევრი დაესწრო კიდეც და მიუხედავად იმ იდეოლოგიის სივიწროვისა, რომელიც იმ კონკრეტული კონფერენციის ფარგლებში გაჟღერდა, ჩვენ უფრო ღრმად გავიაზრეთ იმის საჭიროება, რომ ჩვენი საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა გაგვეაზრებინა და შეგვექმნა ჩვენი საკუთარი ეკონომიკური ანალიზი.

შემოდგომაზე, როდესაც ზოგიერთი წევრი დაბრუნდა, ჩვენ გამოვცადეთ რამდენიმეთვიანი პასიურობა და შინაური უთანხმოებები, რომლებიც პირველად ლესბოსელ-ჰეტეროსექსუალთა შორის დაშორების სახით კონცეპტუალიზდა, მაგრამ ეს კლასობრივი და პოლიტიკური განსხვავებების შედეგიც იყო. ზაფხულში ჩვენმა იმ ნაწილმა, რომელიც ჯერ კიდევ ხვდებოდა ერთმანეთს, ჩამოაყალიბა პოლიტიკური შრომის დაწყების აუცილებლობა. საჭირო იყო ასევე ცნობიერების ამაღლებისა და მხოლოდ ემოციური მხარდაჭერის ჯგუფად ოპერირების მიღმა მოძრაობაც. 1976 წლის დასაწყისში, როდესაც ზოგიერთმა ქალმა, რომელთაც პოლიტიკური საქმიანობის კეთება არ უნდოდათ და რომელთაც ასევე ჰქონდათ გაჟღერებული უთანხმოებები, თავიანთი გადაწყვეტილებით შეწყვიტეს დასწრება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავიწყეთ ჩვენი ფოკუსის ძებნა. ამ დროს გადავწყვიტეთ, რამდენიმე ახალ წევრთან ერთად სასწავლო ჯგუფი გავმხდარიყავით. ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს საკითხავს, ზოგიერთ ჩვენგანს რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა დაწერილი ნაშრომები შავკანიანთა ფემინიზმის შესახებ და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ჩვენ დავიწყეთ სასწავლო ჯგუფად ფუნქციონირება და შავკანიანთა ფემინისტური გამომცემლობის შესაძლებლობასაც განვიხილავდით. გვიან გაზაფხულზე ადგილი ჰქონდა უკან დახევას, რომელმაც მოგვცა დრო პოლიტიკური დისკუსიისათვის და პირადი პრობლემების გადაჭრისათვის. ახლა ვგეგმავთ, შავკანიანთა ფემინისტური ნაშრომების კრებული შევიმუშავოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოლიტიკის სინამდვილის სხვა შავკანიანი ქალებისათვის დემონსტრირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვწამს, რომ ჩვენ ამას წერისა და ჩვენი ნაშრომების დარიგების გზით შევძლებთ. ის ფაქტი, რომ ცალკეული შავკანიანი ფემინისტები მთელს ქვეყანაში იზოლაციაში ცხოვრობენ, რომ ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და რომ ჩვენ გაგვაჩნია წერის, ბეჭდვისა და გამომცემლობის უნარები, გვიქმნის იმის სურვილს, რომ ამგვარი პროექტები შავკანიან ფემინისტთა ორგანიზების საშუალებად გამოვიყენოთ, რის პარალელურადაც სხვა ჯგუფებთან კოალიციების მეშვეობით ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობასაც გავაგრძელებთ.

 

შავკანიან ფემინისტთა პრობლემები და პროექტები

ჩვენი ერთად გატარებული დროის განმავლობაში ჩვენ მოვახდინეთ ბევრი, შავკანიანი ქალებისათვის კონკრეტული რელევანტურობის მქონე პრობლემის იდენტიფიცირება და ვიმუშავეთ მათ გამოსასწორებლად. ჩვენი პოლიტიკის ინკლუზიურობა გვაფიქრებინებს ნებისმიერ სიტუაციაზე, რომელიც ქალთა, მესამე მსოფლიოსა და მუშა ადამიანთა ცხოვრებას ხელყოფს. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებით თავდადებულნი ვართ იმ ბრძოლებზე მუშაობის საქმეში, რომლებშიც რასა, სქესი და კლასი ჩაგვრის თანადროული ფაქტორებია. მაგალითად, ჩვენ, შესაძლოა ჩავერთოთ ისეთი ქარხნის სამუშაო ადგილის ორგანიზებაში, რომელიც მესამე მსოფლიოს ქალებს ასაქმებს, ანდაც მოვახდინოთ ისეთი საავადმყოფოს პიკეტირება, რომელიც მესამე მსოფლიოს თემისათვის გამოყოფილ ისედაც შეუსაბამო ჯანდაცვას კიდევ უფრო აუარესებს, ანდაც, მოვაწყოთ გაუპატიურებულთა საკრიზისო ცენტრი შავკანიანთა სამეზობლოში. სოციალური დახმარებისა და ბავშვთა მოვლის საკითხების გარშემო ორგანიზება, შესაძლოა, ასევე იყოს ჩვენი ერთ-ერთი ფოკუსი. ის საქმე, რომელიც გასაკეთებელია და ის უამრავი პრობლემა, რომელსაც ეს სამუშაო წარმოადგენს. ჩვენი ჩაგვრის შეღწევადობას გამოხატავს.

ის პრობლემები და პროექტები, რომლებზეც კოლექტივის წევრები ნამდვილად მუშაობენ არის სტერილიზაციის ძალადობა, აბორტის უფლებები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, გაუპატიურება და ჯანდაცვა. ჩვენ ასევე მოვაწყვეთ ბევრი სახელოსნო და საგანმანათლებლო შეხვედრა შავკანიანთა ფემინიზმის შესახებ უნივერსიტეტების კამპუსებში, ქალთა კონფერენციებზე და უახლოეს წარსულში – საშუალო სკოლის მოსწავლე ქალებისათვის.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენი უმთავრესი სადარდებელია და რომლის შესახებ საჯარო განხილვები უკვე დავიწყეთ, არის რასიზმი თეთრკანიან ქალთა მოძრაობაში. როგორც შავკანიანი ფემინისტები, ჩვენ გამუდმებით მტკივნეულად აშკარას ვხდით იმას, თუ რამდენად არ ცდილობენ თეთრკანიანი ქალები, გაიაზრონ თავიანთი რასიზმი და შეებრძოლონ მას, რაც სხვა ყველაფერთან ერთად იმასაც მოითხოვს, რომ ისინი ზედაპირულზე ღრმად აღიქვამდნენ რასას, ფერს და შავკანიანთა ისტორიასა და კულტურას. რასიზმის გამორიცხვა თეთრკანიან ქალთა მოძრაობაში თავისთავად თეთრკანიან ქალთა გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის შესახებ საუბარს და პასუხისმგებლობის მოთხოვნას.

ჩვენი პოლიტიკის პრაქტიკაში ჩვენ არ გვწამს, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებებს. „სწორი“ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სახელით უამრავი რეაქციონერული და დამანგრეველი ქმედება ჩადენილა. როგორც ფემინისტებს, ჩვენ არ გვსურს ადამიანებს პოლიტიკის სახელით მოვექცეთ ცუდად. ჩვენ გვწამს ჩვენი კოლექტიური პროცესის და ძალაუფლების არაიერარქიული განაწილების ჩვენივე ჯგუფისა და ჩვენს მიერ აღქმული რევოლუციური საზოგადოების ფარგლებში. ჩვენ ვუძღვნით საკუთარ თავებს ჩვენი პოლიტიკის განგრძნობით კვლევას მისი კრიტიკისა და თვითკრიტიკის შედეგად განვითარების პარალელურად, რაც ჩვენი პრაქტიკის არსებითი ასპექტია. თავის შესავალში ნაშრომისათვის „დობა ძლიერია“, რობინ მორგანი წერს:

ოდნავი წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა რევოლუციური როლი უნდა შეასრულონ თეთრკანიანმა ჰეტეროსექსუალმა კაცებმა, რადგან ისინი რეაქციონერული პირადი ინტერესის ძალაუფლების გამოხატულება არიან.

როგორც შავკანიანმა ფემინისტებმა და ლესბოსელებმა, ვიცით, რომ შესასრულებელი გვაქვს კონკრეტული რევოლუციური ამოცანა და ჩვენ მზად ვართ შრომითა და ბრძოლით აღსავსე ცხოვრებისათვის, რომელიც წინ გველოდება.

 

 

[1] The Student Nonviolent Coordinating Committee – 1960-იან წლებში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ფარგლებში არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია [Wikipedia].

[2] ჩიკანა – Chicano ან Chicana. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მექსიკელ-ამერიკელების ერთ-ერთი არჩევითი იდენტობა [Wikipedia].

[3] ამ განაცხადის თარიღია 1977 აპრილი.

[4] მიშელ უოლესი, „შავკანიანი ფემინისტის ძიება დობისა“, სოფლის ხმა, 1975 წლის 28 ივლისი, გვ. 6-7.

[5] Mumininas of Committee for Unified Newark, Mwanamke Mwananchi (The Nationalist Woman), Newark, N.J., 1971. Pp. 4-5.