ავტორი: დავით ომსარაშვილი

თარიღი: 15.07.2020

როგორც მოგეხსენებათ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში მოვიხსენიებ როგორც სააგენტოს)  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში მოვიხსენიებ როგორც შრომის სამინისტროს) მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების პროფესიულ კავშირთან, (ა(ა)იპ სოლიდარობის ქსელი-შრომელთა ცენტრი) შეხვედრაზე. ისინი საუბრობენ და იღებენ გადაწყბეტილებას დამსაქმებლის სახელით.

მაგალითად, სააგენტოს დირექტორის გიორგი წოწკოლაურის ცნობით, სამინისტრო სოც.აგენტებთან იურიდიულ დავაში შესული არ არის – „შესაბამისად, მათ, ცხადია, შეუძლიათ, მიმართონ საკონსულტაციოდ ნებისმიერ იურისტს, მაგრამ სამსახურს შიგნით, მუშა ჯგუფში რაც ხდება, აქ გამორიცხულია.“[1]*

2020 წლის 25 ივნისს სსიპ სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა, საქართველოს შრომის კოდექსით, ასევე პროფესიული კავშირების შესახებ ორგანული კანონებით დადგენილი წესები.  კერძოდ, სააგენტოს ხელმძღვანელებმა არ მისცეს პროფესიული კავშირის წარმომადგენელს უფლება დასწრებოდა დასაქმებულთა და დამსაქმებელთა  შეხვედრას, რომელიც კოლექტიური დავის დროს წამოჭრილი საკითხების განხილვას ეთმობოდა.

მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უფლებებს უხეშად არღვევს და ამასთან ერთად აქტიურად ცდილობს პროფესიული კავშირების დისკრედიტაციას სწორედ ის სამინისტრო, რომელიც უნდა იყოს სამაგალითო და ასევე რომელსაც ევალება დასაქმებულთა შრომის პირობების ინსპექტირება

როგორც ავღნიშნე, შრომის სამინისტროსა და უშუალოდ სააგენტოს ქმედება არის სამართალდარღვევა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. გვსურს დეტალურად განვმარტო რაში გამოიხატება კანონმდებლობის დარღვევა:

  1. პროფკავშირის შექმნისა და გაწევრიანების უფლება

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით „ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.“

პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.“

ამავე კანონის შესაბამისად, „პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.“

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, სოც.აგენტებმა და უფროსმა სოც.აგენტებმა გამოიყენეს რა მათთვის კონსტიტუციით მინიჭებლი უფლებამოსილება და გაერთიანდნენ პროფესიულ კავშირში, რომელიც წარმოადგენს და იცავს მათ.

კანონით აკრძალულია დამსაქმებლის ყველა ის ქმედება, რომელიც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული კავშირის დასუსტებისა და დაშლისაკენ.

  1. პროფკავშირი როგორც კოლექტიური დავის მხარე

2020 წლის 18 მაისს პროფესიულმა კავშირმა სააგენტოს მიმართ წამოიწყო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული კოლექტირუი დავა. ესეიგი კოლექტიური დავის მხარე არის სწორედ პროფესიული კავშირი. ამასთან დავის მოლაპარაკებების გზით გადაჭრის მიზნით მივმართეთ შრომის მინისტრს მედიაციის პროცესის დაწყებისა და მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით.

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად: „კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის (შემდგომ – მინისტრი) შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.“ ამასთან „მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. წერილობითი შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარესაც.“ – როგორც უკვე განვმარტე, პროფესიულმა კავშირმა მოითხოვა მედიაცია და მედიატორი დაინიშნა. შეიძლება კანონის ეს მუხლი არ იცოდეს ადამიანმა, მაგრამ ლოგიკურიც არის, რომ რომ არ ვყოფილიყავით მხარე, მედიატორი ჩვენს მოთხოვნაზე არ დაინიშნებოდა.

ესეიგი დასაქმებულთა მხრიდან  კოლექტიური დავის მხარე არის 20 ან მეტი დასაქმებული ან პროფესიული კავშირი.

ჩვენ შემთხვევაში  პროფესიულმა კავშირი იყო მხარე.

  1. მედიაციის პროცესის შეფერხება სახელმწიფო მხრიდან

სამინისტროს დანიშნა მედიატორი, რომელიც პროფესიული კავშირის და სააგენტოს წარმომადგენლებს შეგვხვდა რამდენჯერმე. თუმცა კანონით მედიაციისთვის განკუთვნილი 21 დღიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ მხარეები ვერ შევხვდით ერთმანეთს და შესაბამისად ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება.

ამის შემდგომ, ჩვენ მოვითხოვეთ მედიაციის პროცესის გაგრძელება, თუმცა სამინისტროს 2 კვირის განმავლობაში ვერ გააგრძელა მედიაციის პროცესი, ვერ დანიშნა მედიატორი რადგან მედიატორთა რეესტრი აღარ არის დამტკიცებული, ძველს გაუვიდა მოქმედების ვადა და შესაბამისად კოლექტიური დავის მხარეები სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მედიატორით.

აქ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს უმოქმედობით დაირღვა დასაქმებულთა უფლებები . ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს სამინისტროს მუშაობის ხარისხს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ მზად ვიყავით შეხვედრისთვის, რომელზეც ახლა იმ საფუძვლით ამბობენ უარს, რომ თითქოს არ ვართ მხარე. რაც როგორც დავინახეთ არის ტყუილი.

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაბამისად მედიატორის არ დანიშვნა ხელოვნურად იქნა გაჭიანურებული სამინისტროს მხრიდან, რადგან მათ არ სურდათ პროფესიულ კავშირთან შეხვედრა.

  1. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების უფლება

პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პროფესიულ კავშირს აქვს უფლება კოლექტიური მოლაპარაკებები აწარმოოს. თავის მხრივ დამსაქმებელი და სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან აწარმოონ პროფესიულ კავშირთან მოლაპარაკებები.

იხილეთ კანონის მუხლი სრულად:

მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს) და აკონტროლებენ მათ შესრულებას აღნიშნული ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.

2. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება (კავშირი, ასოციაცია), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო ვალდებული არიან პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ასოციაციასთან) აწარმოონ მოლაპარაკება შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) გამოიჩენს მოლაპარაკების წარმოების ინიციატივას, და შეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).

დღეს დამსაქმებელი, ამ შემთხვევაში სააგენტო და სახელმწიფო, რომელიც წარმოდგენილია შრომის სამინისტროს სახით უარს ამბობს კოლექტიურ მოლაპარაკებებზე და უხეშად არღვევს კანონს. 

ამასთან ამ მუხლიდანაც კარგად ჩანს, რომ პროფესიული კავშირი არის მხარე და მას აქვს კანონით განმტკიცებული უფლება იყოს პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე.

როგორც უკვე ავღნინე, პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.“

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: „პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.“

ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:  პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) და მისი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებისა და გენერალური შეთანხმებების შესაბამისად.

პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად (მუხლი 21, პუნქტი 5: )

სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირს მისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.

თუმცა დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ თავად ახდენს პროფესიული კავშირის დისკრედიტაციას.

  1. პასუხისმგებლობის საკითხი:

ხოლო 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას), პროფკავშირის კომიტეტს, პროფკავშირის წევრს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასვას იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი ან სასამართლოში წარადგინოს სარჩელი ან შეიტანოს საჩივარი იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც არღვევს ამ კანონს, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ნორმატიულ აქტებს, არ ასრულებს გენერალური შეთანხმებებით, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.“

სახელმწიფომ:

  • ვერ უზრუნველყო მედიაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვა და მედიატორის დანიშვნა;
  • არ დაუშვა პროფკავშირის წარმომადგენელი შეხვედრაზე;
  • კოლექტიური დავის მხარე პროფესიულ კავშირს უთხრა უარი კოლექტიურ მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით .
  • ხელი შეუშალა პროფესიულ კავშირს მისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.
  • სახელმწიფო მოხელეებმა განცხადებებით დისკრედიტაცია მოახდინეს პროფესიული კავშირის და უბიძგეს დასაქმებულებს პროფესიული კავშირების მიღმა მოლაპარაკებებისაკენ რაც დაუშვებელი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციისა და მთლიანად საქართველოს კანონმდებლობის პრინციპებსა

 და მიზანს.

ეს არის დარღვევათა მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ.

შესაბამისად, ჩვენ როგორც პროფესიული კავშირი, მოვითხოვთ:

  1. საქართველოს პრემიერ მინისტრისაგან და შრომის მინისტრისაგან დაუყოვნებლივ საჯარო განმარტებებს შრომის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძრვანელობის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
  1. სააგენტოს ხელმძღვანელობის, პირველ რიგში დირექტორის, ბატონი გიორგი წოწკოლაურის და სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას, რომლებიც ასე უხეშად არღვევენ კანონს.
  1. დაუყოვნებლივ აღიკვეთოს პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლა და მოგვეცეს საშუალება სრულყოფილად ვაწარმოოთ კოლექტიური მოლაპარაკებები.

[1]https://netgazeti.ge/news/464165/?fbclid=IwAR2uvk9Mg22mvSdpaLAvqnPL8lZG06DcYpqXGsaot91Dym8GUA8i8LA-iEk

*გაურკვეველია რას უწოდებს აღნიშნული პიროვნება იურიდიულ დავას. ვინაიდან სოლიდარობის ქსელი არის კოლექტიური დავის მხარე. დიდი ალბათობით გიორგი წოწკოლაური იურიდიულ დავას უწოდებს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო დავას, რაც სულ მინიმუმ არის შეცდომა.  ამასთან საქართველოში ნებისმიერ პირს აქვს ადვოკატის ყოლის უფლება და უფლება მისი სურვილის სესაბამისად  წარმოდგენილ იქნეს ამ ადვოკატით ნებისმიერ მესამე პირთან.