სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმებულთა მიმართ წამოწყებული დისციპლინური საქმისწარმოებები შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 20 აპრილს სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება დასაქმებულების  წინააღმდეგ, მათ მიერ სოციალურ ქსელში და ტელეკომპანია მთავარის ეთერში გამოთქმული პოზიციების გამო.

ჩვენი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ მიერ სააგენტოს ეს ქმედება შეფასებულ იქნა როგორც დასაქმებულთა დაშინების მცდელობა და მათთვის სიტყვისა და გამოხატვის უკანონო შეზღუდვა.

საქმეში ჩაერთვნენ სოლიდარობის ქსელის იურისტები. სოციალურმა აგენტებმა მოითხოვეს საქმისწარმოების ფარგლებში არსებული ყველა დოკუმენტაცია და დრო საქმეში ადვოკატების ჩართულობისათვის.

ამასთან, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ წარმომადგენლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განიხილეს აღნიშნული საკითხი.

შეხვედრაზე  ორივე მხარემ დააფიქსირა თავისი პაზიცია შემნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობასა და კოლეგიალური პრინციპების დამკვიდრებაზე.

კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი პროფესიული კავშირი ყოველთვის მოწოდებულია პირველ რიგში დიალოგისკენ და არასოდეს გავსულვართ სამართლებრივი ჩარჩოებიდან. მიგვაჩნია, რომ სააგენტომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და იმედს ვიტოვებთ, ეს იქნება ბიძგი შემდგომი თანამშრომლობისათვის.

აქვე განვმარტავთ, რა თქმა უნდა, საქმისწარმოების შეწყვეტის უმთავრესი მიზეზი ჩვენი სიმართლე და ერთიანობაა. შესაბამისად, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ პროფკავშირის გარეშე მსგავსი შედეგი დადგებოდა. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი სააგენტოში დასაქმებული ყველა პირისთვის, რომ თუ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა ვერავინ მოახერხებს მშრომელთა ჩაგვრას.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ სააგენტოს ქმედებას და მზად ვართ დავიწყოთ დიალოგი სააგენტოში დასაქმებული პირების შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით.

უნდა აღინიშნოს რომ ამ დრომდე როგორც სოც.აგენტების, უფროსი სოც.აგენტებისა და სპეციალისტების, ასევე სააგენტოს სხვა დასაქმებულების მდგომარეობა ჯერ კიდეც ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა და მათ ისევ გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. 

  1. სოციალურ აგენტებს ბენეფიციარამდე მისასვლელ გზის ხარჯს ისევ არავინ უფინანსებს.
  2.  ერთი ოჯახის შემოწმების ანაზღაურება  ისევ 13 წლის წინ (01.01.2009წ) დადგენილი ტარიფით 6 ლარით (ხელზე 4.8 ლარი) ხდება.
  3. დაპირების მიუხედავად შრომითი ხელშეკრულება ისევ დროებითია და ვადა იწურება 2021 წლის 1 ივლისს.
  4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არსებული საფრთხეების მიუხედავად ისევ არ აქვთ ჯანმრთელობის  დაზღვევა.
  5. სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები და მთავარი სპეციალისტები 13 წლის წინ დადგენილი ხელფასის სატარიფო გეგმით მუშაობენ დღემდე.

ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ თანხმობას თანამშრომლობაზე, თუ სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს დავინახავთ.

შესაბამისად, არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი შრომითი პირობების გაუმჯობესების და საარსებოდ აუცილებელი ანაზრაურების მოსაპოვებლად.