ჩვენს შესახებ

„სოლიდარობის ქსელი“ არის ჯანდაცვის, მომსახურების სფეროსა და მშრომელთა ზოგადი პროფესიული კავშირი. ჩვენ 2015 წელს დავიწყეთ ფუნქციონირება, როგორც მოხალისეთა ჯგუფმა, ხოლო 2017 წლიდან ჩამოვყალიბდით პროფკავშირად. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ღისეული შრომის პირობების შექმნა და მშრომელთა მოძრაობის გაძლიერება.

2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელ პროფკავშირ „ერთობა 2013“-თან და „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებასთან“ ერთად შევქმენით „პროფკავშირების ახალი გაერთიანება“, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში მშრომელთა დემოკრატიული მოძრაობის შესაქმნელად.

„COVID-19“-ის პანდემიამ მსოფლიოს ახალი გამოწვევები შეუქმნა და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროებში დასაქმებული მშრომელების მნიშვნელობა, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით. დღეს, მაღააზიის კოსულტანტები, დამლაგებლები, ოფიციანტები, დისტრიბუტორები, ექთნები, სანიტრები, ექიმები და სერვისის სფეროში სხვა დასაქმებულები არიან ისინი, ვისი შრომაც განაპირობებს ჩვენს, სხვა მშრომელებისა და, ზოგადად, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ყველა ჩვენგანის სამოქალაქო ვალდებულებაა ამ მშრომელებისთვის მადლობის გადახდა, სოლიდარობის გამოცხადება და ყველა პოლიტიკოსის იძულება, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, ამ ადამიანების დასაფასებლად შექმნან კარგი შრომითი პირობები და ღირსეული ანაზღაურება; მათი ვალდებულებაა ემსახურონ ამ მშრომელების ინტერესებს და არა ვიწრო კარიერისტულ, მერკანტილურ, პარტიულ თუ დიდი ბიზნესების ლობისტურ ინტერესებს. ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მშრომელებმა შევქმნათ პრინციპული და დემოკრატიული მშრომელთა გაერთიანებები, რადგან დემოკრატიისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად არ ვიყოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტების უსამართლო პოლიტიკის დაქვემდებარებაში.

„პროფკავშირების ახალი გაერთიანების” მიზანია, გააძლიეროს მშრომელთა მოძრაობა და გააუმჯობესოს სამუშაო პირობები, მშრომელთა თანამონაწილეობით, ახალი კავშირებისა და უკეთესი კანონმდებლობის შექმნით. რაც მთავარია აღნიშნულ პროცესში მშრომელთა ჩართულობის უზრუნველყოფა და ტექნოკრატიულ მიდგომებზე უარის თქმა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.

ჩვენ ხელს შევუწყობთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, პრინციპულ და ნამდვილ მშრომელთა ინტერესების მატარებელ პროფკავშირებისა თუ მშრომელთა გაერთიანებების შემქნას და არა დამსაქმებლების ლობისტ პროფკავშირს თუ გაერთიანებას!